‘’მთელი დღე სახლში ზის და არაფერს აკეთებს’’
‘’რამ დაგღალა, მთელი დღე სახლში ხარ?’’
‘’ახალგაზრდა რომ ვიყავი, თან ვმუშაობდი, თან ოჯახსაც ვუვლიდი’’.
რამდენად ხშირად მოგისმენიათ ასეთი ან მსგავსი ფრაზები? სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, როგორც კაცებისგან, ასევე, გასაკვირია და, ქალებისგანაც. პირველად საკუთარ თავზე მსგავსი სიტყვების მოსმენა მაშინ მომიწია, როცა დეკრეტული შვებულება ავიღე და რამდენიმე თვე სახლში მარტო დავრჩი.
და რას ვაკეთებდი მაშინ, როცა ეგონათ, რომ არაფერს ვაკეთებდი?
ვუვლიდი ბავშვს, ვალაგებდი სახლს, ვამზადებდი საჭმელს. არაფერს განსაკუთრებულს, რასაც უამრავი ქალი არ აკეთებს ყოველდღიურად, საქმეს, რომლიც აუნაზღაურებელია, შეუმჩნეველი და ხშირ შემთხვევაში დაუფასებელი.
მსოფლიოში აუნაზღაურებელი შრომის 75%-ს ქალები ასრულებენ. მეტიც: გაბატონებული სტერეოტიპების მიხედვით, ეს მათ ვალდებულებად ითვლება. ოჯახში, სადაც იზრდება ბიჭიც და გოგოც, ამ უკანასკნელს ნაკლები დრო რჩება სწავლისა და განვითარებისთვის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ბავშვობიდანვე ჩართულია ზრუნვის ეკონომიკაში.
ზრუნვის ეკონომიკა გულისხმობს სხვებზე ზრუნვას, არაფორმალურ შრომას, რომელიც უმეტესწილად აუნაზღაურებელია. ეს, გარდა იმისა, რომ ქალს ართმევს დროს (ჩვენ კი ვიცით, რომ დრო ფულია), ართმევს ასევე, განვითარების თანაბარ შესაძლებლობას. გარდა ზრუნვის შრომის დაუფასებლობისა, გასათვალისწინებელია ქალის როლი ქვეყნის ეკონომიკაში, როგორც მასტიმულირებელი ფაქტორი. იმ შემთხვევაში, თუ ქალებს ექნებათ განვითარების მეტი შესაძლებლობა, ეს დაეტყობა არა მარტო მათი ოჯახის ბიუჯეტს, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.
სამწუხაროდ, ოჯახში ფუნქციების ტრადიციული გადანაწილებით, გოგონებს ადრეული ასაკიდანვე ავალებენ დალაგება-დასუფთავებას, საჭმლის მომზადებას, სხვადასხვა ხელსაქმეს, – მოკლედ რომ ვთქვათ, ოჯახის დანარჩენ წევრებზე ზრუნვას. ბიჭებისთვის კი მსგავსი საქმიანობა სირცხვილად აღიქმება. ბავშვობაში ჩამოყალიბებული ეს სტერეოტიპები, ზრდასრულობაში ახალ შექმნილ ოჯახში უკვე უსამართლოდ გადანაწილებულ როლებში ვლინდება. იმ შემთხვევაშიც, როცა ქალი სამსახურში ატარებს კვირაში 40 საათს, შინ დაბრუნებულს უწევს საოჯახო საქმეთა უმეტესობის შესრულება. მიუხედავად იმისა, ქალი მუშაობს თუ არა, არის თუ არა ის ოჯახის მარჩენალი, საოჯახო საქმეებიც მისი გასაკეთებელია. შესაბამისად, მისი შრომა გრძელდება კვირაში 40 საათზე მეტს და ეს შრომა აუნაზღაურებელია. ქალის მიერ გამოთავისუფლებული დროის ხარჯზე კი ოჯახის სხვა წევრებს აქვთ განვითარების მეტი საშუალება.
გენდერული როლების შეცვლის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რუანდაში განვითარებული მოვლენები. რუანდის გენოციდამდე (1994 წელი), ქალებს არ ჰქონდათ მემკვიდრეობის მიღების უფლება, მათი უმეტესობა ვერ იღებდა განათლებას, მათი შრომა კი ძირითადად ოჯახში საქმიანობით შემოიფარგლებოდა. რუანდის გენოციდს მოჰყვა სქესთა ბალანსის დარღვევა. ქვეყნის პრეზიდენტმა, პოლ კაგამემ დაიწყო ქალთა შრომისა და განათლების წახალისება, რამაც დიდი როლი შეასრულა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში პოსტკონფლიქტურ პერიოდში. დღეს რუანდის პარლამენტის დეპუტატთა 64% მდედრობითი სქესისაა, მისი პოლიტიკა კი ითვლება გენდერული ინკლუზიურობის მაგალითად.
მსგავსი რამ მოხდა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროსაც, კაცების მასიურმა გაწვევამ, ქალებს მისცა საშუალება, ემუშავათ ე. წ. „მამაკაცურ“ სამუშაო ადგილებზე. ომის მონაწილე ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს ქალების, როგორც ეკონომიკური რესურსის, გამოყენება. ქალები გახდნენ ინჟინრები, ტრამვაის ვატმანები, მატარებლის მემანქანეები, მეხანძრეები, კონდუქტორები და ა. შ. შეგვიძლია, ვკითხოთ ჩვენს ბებიებს და ისინი მოგვიყვებიან, თუ როგორ მუშაობდნენ მათი დედები სამხედრო ქარხნებში, ფერმებში და მაღაროებში.
უფრო ადრე, ქალთა მასიურ დასაქმებას ხელი შეუწყო ინდუსტრიულმა რევოლუციამ, რამაც დამსაქმებელს იაფი მუშახელის დაქირავებისკენ უბიძგა. ასეთ „იაფ მუშახელს“ სწორედ ქალი წარმოადგენდა. შესაბამისად, დასავლეთში ნელ-ნელა იცვლებოდა გენდერული როლები და კაცი აღარ იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ქალებმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყეს და ეს ბრძოლა დღესაც მიმდინარეობს.
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უამრავ ქალს არ აქვს შესაძლებლობა, აიყვანოს დამხმარე. ისინი იძულებულნი არიან, სახლის საქმეები თვითონ შეასრულონ, რაც მათ განათლების, განვითარების და დასაქმების შესაძლებლობას უსპობს. ისინი ვერ იღებენ ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოსთვის, ვერ სარგებლობენ კორპორაციული დაზღვევით და ვერ ისარგებლებენ დაგროვებითი პენსიით. მიახლოებით რომ მაინც გავიგოთ, რა ღირს მათი აუნაზღაურებელი შრომა, შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ, თუ რამდენია მზარეულის, დამლაგებლის, ბავშვის ან ხანდაზმულის მომვლელის საათობრივი ანაზღაურება, გავამრავლოთ ქალის მიერ ოჯახის საქმეების შესრულებისთვის დახარჯულ დროზე და რიცხვებში დავინახავთ მათი შრომის ალტერნატიულ ღირებულებას.
ქალების მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, როცა მათ არ აქვთ ტექნოლოგიური საშუალებები შრომის შესამსუბუქებლად, როცა ოჯახში არამარტო ბავშვების, არამედ ხანდაზმულების, შშმ პირების მოვლაც უწევთ, როცა მათ სოფელში არ არის საბავშვო ბაღი ან სკოლა და დღეში რამდენიმე კილომეტრის გადიან ამ მომსახურების მისაღებად. დროს, რომელსაც ისინი ხარჯავენ უახლოეს ბაღამდე ან სკოლამდე მისაღწევად, ამ უკანასკნელის მათ მეზობლად არსებობის შემთხვევაში, მოახმარდნენ თუნდაც სამსახურს, სწავლას ან სხვა აქტივობას. ეს, რა თქმა უნდა, დადებითად აისახებოდა მათ ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს, გარდა სხვებზე ზრუნვისა, მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებაც უწევთ: მიწის დამუშავება, შინაური ცხოველების მოვლა, სახლისთვის წყლისა და შეშის შეგროვება. ეს მათი უხილავი შრომის არასრული ჩამონათვალია. ხშირად, ქალები ასეთ აუნაზღაურებელ შრომას მხოლოდ მათ ვალდებულებად აღიქვამენ.
პანდემიის დროს, როცა დაიკეტა სკოლები და საბავშვო ბაღები, ქალების შრომა კიდევ უფრო დამძიმდა. მათ დისტანციურად მუშაობასთან ერთად უწევდათ საოჯახო საქმეების მარტო შესრულება. კვლევებმა აჩვენა, რომ იზოლაციის დროს ქალები კაცებზე სამჯერ მეტ დროს ხარჯავდნენ საოჯახო საქმეების შესრულებაში. პანდემიის დროს როლები გადანაწილებული იყო შემდეგნაირად: კაცები დროს უთმობენ საოჯახო საქმეების მართვას, საყიდლებზე სიარულს, დასვენებას, შინაური ცხოველების მოვლას და ბავშვებთან თამაშს, ხოლო ქალები – საჭმლის მომზადებას, დალაგებას, საოჯახო საქმეების მართვას, ბავშვებზე ზრუნვას და ბავშვის სასწავლო პროცესს.
მაშინ, როცა ბავშვის მოვლა დედისთვის ყოველდღიურობაა, მამის მიერ ბავშვზე ზრუნვა საზოგადოებაში ,,გმირობად’’ აღიქმება. საქართველოში ბავშვზე ზრუნვაში კაცების ჩართულობის გასაზრდელად და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიქმნა საინტერესო კამპანია ‘’კაცები ზრუნავენ’’ (გაეროს მოსახლეობის ფონდის და We Care-ის პარტნიორობით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით).
2020 წლის სექტემბერში, რუთ გინსბურგის გარდაცვალების ამბის გაგების შემდეგ, პირველი, რაც გამახსენდა, იყო მისი ფრაზა: ‘’ქალის ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილება მიიღება’’. ბევრი ქალისთვის, მათ შორის ჩემთვის, ეს ფრაზა მოტივატორად იქცა. თუმცა, როგორ განხორციელდება აღნიშნული, თუ გოგონებს ბავშვობიდანვე განსაზღვრული გენდერული როლებით წავართმევთ დროს, რომელიც მან სწავლას, განვითარებას და საკუთარ ინტერესებს უნდა მოახმაროს? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ქალებს და კაცებს აქვთ თანაბარი უფლებები, რეალურად, დარღვეულია მათი სოციალური თანასწორობა. დღეს ქალებს წარმატების მისაღწევად უფრო მეტი სირთულის დაძლევა უწევთ და ამის ერთ–ერთი მიზეზი სწორედ ქალთა აუნაზღაურებელი, უხილავი შრომაა.
რა არის გამოსავალი?
ქალის უხილავი შრომის, მისი სოციალური და ეკონომიკური როლის აღიარება, აუნაზღაურებელი შრომის შემცირება და ხელახალი გადანაწილება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ შრომისა და განათლების უფლება არც ისე დიდი ხნის წინ მოიპოვეს და დღევანდელი მხარდაჭერით ხვალ გვეყოლება ძლიერი ქალები, რომლებიც უფრო დიდი შესაძლებლობებით იზრუნებენ და იბრძოლებენ საკუთარ ოჯახის წევრებისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
ავტორი: მარიამ მახარაძე.
პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.