კოვიდ 19-ით გამოწვეული პრობლემები მრავალმხრივი მიმართულებით აისახება როგორც ქალებზე, ასევე მამაკაცებზე. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა და იმის ფონზე, რომ მსოფლიოს მსგავსი სახის კრიზისთან გამკლავების გამოცდილება არ გააჩნდა, ამ ყველაფრის მენეჯმენტი, ცხადია, გამოწვევებით იყო და არის სავსე.
პრელიმინარული მონაცემები აჩვენებს, რომ კოვიდით ინფიცირება ფაქტობრივად თანაბარია ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის, თუმცა სიკვდილიანობის კოეფიციენტი უფრო მაღალია მამაკაცებში, რასაც შესაბამისი გენდერული განსხვავებები უდევს საფუძვლად – მაგალითად, ფაქტი, რომ მოწევა მამაკაცებში უფრო მეტად გავრცელებულია. მიუხედავად ამისა, გენდერულ ჭრილში ჩატარებული კვლევების და სტატისტიკების სიმწირე ან/და არარსებობა ობიექტური დასკვნების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. ამასთანავე, წარსულის პანდემიების, როგორებიცაა ებოლა და მწვავე რესპირატორული სინდრომი, კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ეპიდემიური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისები ქალებზე სპეციფიკურად აისახება – ფატალობის მაჩვენებლები არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც პანდემიის ქალების და მამაკაცების მიმართ ეფექტებზე შეიძლება ვისაუბროთ და პრობლემა, მართლაც რომ, ღრმა და სერიოზულია.
საქმე ისაა, რომ კოვიდ 19-მა, ერთი მხრივ, ქალების განვითარების საკითხი ადამიანის განვითარების ინდექსის თვალსაზრისით, რისკის წინაშე დააყენა, რაც კრიზისთან გასამკლავებლად მათ მზაობაზე ნეგატიურად აისახება, ხოლო მეორე მხრივ, პანდემიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქალების აქამდე დაუფასებელი და პოტენციური შესაძლებლობების ხაზგასასმელად.
კოვიდ 19-ის ეკონომიკური შედეგები და ქალები
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსით ქალებთან შედარებით უფრო მეტი მამაკაცი გარდაიცვალა, პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები ქალებისთვის უფრო მაღალია შრომით ბაზარზე ამ უკანასკნელთა უფრო სუსტი პოზიციის გამო. განვითარებად ქვეყნებში, მაგალითად, ქალები უმეტესად არაფორმალურ სამსახურებში არიან დასაქმებულნი, რომლებიც მათ არ უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით, სოციალური დაცვით და ა.შ. ქალებს, რომლებიც მუშაბენ ძიძებად, ქუჩაში მოვაჭრეებად, რეპეტიტორებად, დაკავებული არიან ანაზღაურებადი საოჯახო საქმეების შესრულებით სხვათა ოჯახებში, რეალურად ორ ერთმანეთზე უარეს ალტერნატივას შორის არჩევნის გაკეთება მოუწიათ: ან ვირუსით დაინფიცირების რისკის წინაშე დამდგარიყვნენ, ან თავი დაენებებინათ საკუთარი საქმისთვის და შიმშილის საფრთხის ქვეშ აღმოჩენილიყვნენ, როგორც თვითონ, ასევე – მათთვის საყვარელი ადამიანები. კვლევების მიხედვით, საქართველოში, თურქეთთან და ყაზახეთთან ერთად, რეგიონის ფარგლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაკარგული სამუშაო ადგილების კუთხით (იხ.სურათი).
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ვირუსის შედეგად მოსახლეობის 5%-ისთვის სამუშაო საათების რაოდენობა და დატვირთვა გაიზარდა. აღნიშნულ 5%-ში უმრავლესობას შეადგენენ სწორედ ქალები. ქალები, რომლებიც პანდემიის მოწინავე „ფრონტზე“ მუშაობენ: ექიმები, მომვლელები, მედდები. 104 ქვეყნის ანალიზის მიხედვით, ჯანდაცვასა და სოციალურ სექტორში დასაქმებულების 70%, ხოლო არაანაზღაურებადი „მომვლელების“ 50% მოდის ქალებზე. როდესაც საუბარია არაანაზღაურებად სამუშაოზე, რომელსაც გასწევენ ქალები, იგულისხმება ბავშვების მოვლა, ოჯახში სხვა ნებისმიერ წევრზე ზრუნვა, რამდენადაც მსგავსი საქმიანობა, როგორც წესი, სწორედ ქალების „ფუნქციად“ ითვლება. ფაქტობრივად, ქალებს უწევთ, იზრუნონ, რომ ოჯახის სხვა წევრები უზრუნველყოფილნი იყვნენ ყველა საჭიროებით, რომ მათ ეფექტიანად შეძლონ მუშაობა, ბავშვებმა – სწავლა და ა. შ. კარანტინის პირობებში, თავისთავად, ეს სამუშაო გაიზარდა. ქალებს, გარდა იმისა, რომ დისტანციურად უნდა შეესრულებინათ საკუთარი ვალდებულებები სამსახურისთვის, ბავშვები და სხვა ოჯახის წევრები, რომლებიც სახლში იყვნენ კარანტინიდან გამომდინარე, კიდევ მეტ საზრუნავს აკისრებდა.
UN Women-ის კვლევით, ყველაზე რთულ ვითარებაში თვითდასაქმებული ქალები აღმოჩნდნენ: ნაწილმა საერთოდ დაკარგა სამუშაო, ნაწილს კი სამუშაო საათები მნიშვნელოვნად შეუმცირდა.
კარანტინის განმავლობაში სკოლების დაკეტვის ფონზე, ქალებს მოუწიათ, შინამასწავლებლობაც მოერგოთ. განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდა სკოლების დახურვას 111 მილიონზე მეტ გოგონაზე იმ ქვეყნებში, რომლებიც სიღარიბით და კონფლიქტებით განსაკუთრებით გამოირჩევა და სადაც გენდერული უთანასწორობები განათლების სფეროში ყველაზე მაღალია. მალიში, ნიგერიასა და სამხრეთ სუდანში, სადაც გოგონების სკოლაში ჩარიცხვის და სკოლის დასრულების რეიტინგები ყველაზე დაბალია, საგანმანათლებლო დაწესებულებების დაკეტვამ 4 მილიონზე მეტი გოგონა დატოვა სკოლის გარეთ.
ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა
არ შეიძლება, არ აღინიშნოს ოჯახში ქალებზე ძალადობის შემთხვევების ზრდა პანდემიის ფონზე. მაშინ, როცა მოწოდება „დარჩი სახლში“ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთელ მსოფლიოს მოედო, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ეს, შესაძლოა, ვირუსზე მეტად დიდი რისკის შეცველი ყოფილიყო. სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ ძალადობის შემთხვევების მაჩვენებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. ეს განპირობებული იყო გარკვეულწილად პარტნიორი მამაკაცების მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით კარანტინის და სამსახურის დაკარგვის გამო. საბოლოო ჯამში კი, ხანგრძლივ პერსპექტივაში, ეს ყველაფერი ქალებზე ბევრად უფრო საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ფინანსური და ემოციური სტრესის, ასევე, ფიზიკური ძალადობის შედეგად.
ზემოაღნიშნული საკითხები ძალიან მცირე და ზედაპირული მიმოხილვაა არსებული პრობლემებისა, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ კარგად დაგვენახა ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასთან და ზოგადად ქალების უფლებებთან, საზოგადოებაში არსებულ მიდგომებთან მიმართებით, არსებული პრობლემები. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი კრიზისი გარკვეულ გაკვეთილს შეიცავს, ისევე, როგორც ზოგადად პრობლემა მისი კარგად შესწავლის და დაკვირვების შემთხვევაში თავის თავშივე შეიცავს გამოსავალს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს პანდემია ბევრ ნეგატიურ ეფექტთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვთავაზობს, ხოლო გვასწავლის თუ არა, ამას უკვე მოვლენების სამომავლო განვითარება გვაჩვენებს.
რამდენადაც პანდემია მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობას არ ეხება და ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი მოიცვა, ეს კრიზისი ირიბად მოუწოდებს მსოფლიოს რიგი მიდგომების და მიმართულებების შეცვლისკენ სხვადასხვა სფეროში. მთავარი რეკომენდაცია, რაც ამ პანდემიამ მოგვცა, ვფიქრობ არის ის, რომ საზოგადოების თითოეულმა ინდივიდმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა განვითარებული და ადამიანზე ორიენტირებული საზოგადოების და სახელმწიფოს შექმნისკენ, ხოლო სახელმწიფომ, თავის მხრივ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს სამომავლოდ პანდემიის თუ სხვა კრიზისების მართვისთვის საჭირო ნაბიჯები და პოლიტიკის დოკუმენტების დონეზე ასახოს შესაბამისი ცვლილებები; ამასთანავე, გააძლიეროს, დანერგოს და განავითაროს პრევენციული და დაცვითი მექანიზმები, რათა ქალების აუნაზღაურებელი შრომა იქნეს სერიოზულად აღქმული და ქალების საჭიროებები სახელწმიფოთა პრიორიტებებს შორის მოექცეს.
პანდემიის კრიზისმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. თუმცა, მაინც უპირველესად მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, საზოგადოების და ინდივიდების მზაობაა ცვლილებებისთვის. იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ორიენტირებული იქნება ადამიანზე და მის კეთილდღეობაზე, მიუხედავად მისი სქესისა.
ავტორი: სოფო თაბაგარი.
პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.