ბლოგები / ეკონომიკაshe / ეკონომიკური ძალადობა / კამპანიები

არ მოგწონს? წადი!

ბლოგს ვუძღვნი ქალებს საქართველოდან და არა მარტო მათ, ყველას, ვინც ყოველ დილით მიდის სამსახურში, ითმენს და იტანს ყველანაირ სამუშაო პირობას იმ იმედით, რომ  გადაურჩება შიმშილს, შვილებს მისცემს უკეთეს განათლებას, ერთხელ და სამუდამოდ იქნება დამოუკიდებელი…

ჩვენთან ხშირად ასე ამბობენ, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. სინამდვილეში კი, ყოველთვის მჯეროდა, რომ ზუსტად ერთი მერცხლის მოფრენით იწყება გაზაფხული. ამაში პოლონელი დასაქმებულთა უფლებადამცველი ბოჟენა ლოპაცკას ისტორიაც დაგარწმუნებთ.

ლოპაცკას დამქანცველი შრომა 1992 წელს დაიწყო, როცა Biedronka-ს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მენეჯერად მუშაობა გადაწყვიტა. ის შეხვდა ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ხერხემლის სერიოზული პრობლემები მძიმე ტვირთის ტარების გამო, ასევე ქალებს, რომლებსაც მუცელი მოშლოდათ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისაგან. მან ასევე გამოიარა პერიოდი, როცა 6 თვის განმავლობაში ერთი დღეც არ დაუსვენია, სხვა დროს კი, 1 კვირა სუპერმარკეტიდან გაუსვლელად გაატარა, სადაც პირსახოცების დახლზე ეძინა.

სამუშაო საათები ზოგჯერ 14-20 საათს უტოლდებოდა. ლოპაცკამ თხოვნით მიმართა რეგიონულ მენეჯერს, აენაზღაურებინა ზეგანაკვეთური სამუშაო საათები, რაზეც პასუხად მიიღო, წასულიყო, თუ რამე არ მოსწონდა. რეგიონულმა მენეჯერმა ლოპაცკა აიძულა, გაეყალბებინა დროის აღრიცხვის ფურცლები, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო გადახდილ ხელფასებთან. ლოპაცკამ საჩივარი დაწერა ამ ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც, რეგიონული მენეჯერი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მის შემცვლელს დაევალა, თავიდან მოეშორებინა ლოპაცკა. ახალმა მენეჯერმა მას ურჩია, თავად წასულიყო სამსახურიდან, ან გააგდებდნენ, როგორც ,,ქურდს’’, თითქოს მოპარული პროდუქტები უპოვეს ჩანთაში, რის საფუძველზე თანამშრომლების გათავისუფლება კარგად ნაცნობი დაუწერელი კანონი იყო „Biedronka“-ში.

სამსახურში მიღებული სტრესის გამო, ლოპაცკა ინსულტის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. ამიტომ, ექიმის ცნობის საფუძველზე, გაეთავისუფლა სამსახურიდან  და დროებით გაერიდა სტრესულ გარემოს. სახლში დარჩენამ სერიოზული დეპრესია გამოიწვია. ის იწვა ლოგინში, არ იცვლიდა ტანსაცმელს და მუდმივად შეპყრობილი იყო სამსახურის დაკარგვის შიშით, რადგან მისი ოჯახი საარსებოს გარეშე დარჩებოდა. პოლონეთში იმ დროისათვის უმუშევართა ოდენობა 30%-ს აღწევდა და არავის მოუნდებოდა სამსახურში „პრობლემების შემქმნელის“ აყვანა. ლოპაცკამ სუიციდი სცადა, თუმცა ბოლო მომენტში იმაზე ფიქრმა, რომ სწორედ მისი ქალიშვილი იპოვნიდა მის გვამს, აზრი შეუცვალა. ეს იყო გარდამტეხი წამი და მან გადაწყვიტა სასამართლოში ეჩივლა დამსაქმებლისთვის.

2004 წელს ბოჟენა ლოპაცკამ საჩივარი შეიტანა პოლონეთში პოპულარული სუპერმარკეტების ქსელის, Biedronka-ს წინააღმდეგ, რომლის 820 ფილიალში დასაქმებულთა რიცხვი  იმ დროისათის 13 000-ს აღემატებოდა. ლოპაცკას არ სჯეროდა, რომ ქალს, რომელსაც არავინ უჭერდა მხარს, შეეძლო, მოეგო დავა დიდი და მდიდარი კომპანიისთვის, მაგრამ სამი წლის შემდეგ, მან მიიღო კომპენსაცია 35 000 პოლონური ზლოტის სახით, 2600 აუნაზღაურებული ზეგანაკვეთური სამუშაო საათისთვის.

მართალია ლოპაცკა ფულადი კომპენსაციის მისაღებად იბრძოდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს იყო ბრძოლა მისი და სხვა დასაქმებული პირების ღირსებისთვის. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ეს პოლონეთში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის ფუნდამენტური ცვლილებების საფუძველი გახდებოდა.

ლოპაცკას გახმაურებულ სასამართლო პროცესამდე პოლონეთში ცნობილი იყო დიდ სუპერმარკეტებში დასაქმებულთა ექსპლუატაციის შემთხვევები, თუმცა მათ თითქმის არ ჰქონდათ მხარდაჭერა პროფკავშირებისგან და საზოგადოებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ პროფკავშირები – კონსერვატიული, ძველმოდური სტრუქტურის გაერთიანება, ხშირად არ გამოირჩეოდა გენდერის მიმართ მგრძნობიარე ბუნებით და შესაბამისად ვერ უზრუნველყოფდა ქალი დასაქმებულების ეფექტურად დაცვას. Biedronka-ს მსგავსი დიდი სუპერმარკეტები ხშირად არღვევდნენ დასაქმებულთა უფლებებს, განსაკუთებით ქალების, რომლებიც პერსონალის უმრავლესობას წარმოადგენდნენ. ეს ადვილად შესაძლებელი იყო მაშინ, როდესაც სუპერმარკეტებს მიღმა არსებობდა დასაქმების მოლოდინში მყოფი ხალხის რიგები.

პოლონეთის სასამართლოში Biedronka-სა და სხვა სუპერმარკეტთა ქსელების მიერ დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის მიკუთვნებაში დიდი როლი შეასრულა ლოპაცკას საქმემ. სასამართლოს უკვე ჰქონდა პრეცედენტი, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა მსგავსი საქმეების მიმართ. პოლონეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ჰქონდა თუ არა Biedronka-ს დასაქმებულთა ექსპუალატაციის ორგანიზებული სისტემა. შრომითმა ინსპექტორებმა გამოიკვლიეს როგორც Biedronka-ს, ასევე სხვა სუპერმარკეტების ქსელებში არსებული ვითარება, რის შედეგადაც გამოვლინდა შრომითი უფლებების დარღვევის არაერთი შემთხვევა. Biedronka-მ დანერგა არაერთი პოზიტიური ცვლილება, ხელით გადასაადგილებელი ურიკები ელექტრონულად სამართავით შეცვალა, შემოიღო სამუშაო საათების ელექტრონული რეგისტრაცია, ასევე საჩივრების სატელეფონო ცხელი ხაზი. შეიქმნა Biedronka-ს სუპერმარკეტებში დაზარალებულ პირთა ასოციაცია, რომელშიც ერთიანდება მის მიერ დაზარალებული 100-ზე მეტი წევრი. პოზიტიურად უნდა შეფასდეს ასევე პოლონეთში კომპანიების მიერ  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგიის დანერგვა. სავარაუდოა, რომ  საკუთარ იმიჯზე ზრუნვა დასაქმებულთა შრომითი უფლებების კუთხით სასიკეთო ცვლილებების მომტანი უნდა იყოს.

ბოჟენა ლოპაცკას ისტორია არ არის ერთი ქალი ისტორია, რომელმაც იბრძოლა და გაიმარჯვა, ეს შეიძლება, ყველა იმ ქალის ისტორია იყოს, რომელიც როგორღაც ითმენს ყველანაირ სამუშაო პირობას და პოულობს საკუთარ თავში ძალას, ხვალაც დაიწყოს ყველაფერი ისევ თავიდან.

 

ავტორი: მარიამ მხეიძე.

პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.