ამ ბლოგპოსტში მინდა, სახელმწიფო ბიუჯეტზე ვისაუბროთ და გავერკვეთ, რაში იხარჯება გადასახადების გადამხდელების მიერ სახელმწიფო ხაზინაში შეტანილი ფული, რომელიც ეკუთვნის მოქალაქეებს და რომლის განკარგვასაც ვანდობთ ხელისუფლებას. ამ საკითხში ჩაღრმავება გამოგვადგება სწორი არჩევანის გაკეთებაში და გვაჩვენებს, ასრულებს თუ არა სახელმწიფო ხალხის დაკვეთას.
სახელმწიფო ბიუჯეტში ფული რამდენიმე წყაროთი შეიძლება შეგროვდეს. 2018 წელს ცენტრალურმა ბიუჯეტმა თითქმის 12,5 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 77% გადასახადებით აკუმულირებული თანხებია, დანარჩენი 23% კი – გრანტებიდან, სახელმწიფო ქონების გასხვისებიდან და სხვა შემოსავლებიდან მიღებული ფინანსური რესურსებია. ხელისუფლება, ერთი მხრივ, აგროვებს თანხებს ბიუჯეტში და მეორე მხრივ, განკარგავს ისე, რომ მოსახლეობის დაკვეთა შეასრულოს, იზრუნოს ქვეყნაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, ეფექტურად ებრძოლოს სიღარიბეს, უზრუნველყოს გამართული ჯანდაცვის და განათლების სისტემა, შექმნას უსაფრთხო გარემო და მიუკერძოებელი, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც მოქალაქე დაცულად იგრძნობს თავს. ზუსტად ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით იღებს მოქალაქე გადაწყვეტილებას, ვის ანდოს საკუთარი ფული და ქვეყანა და კარზე მომდგარ არჩევნებზე ვის მისცეს ხმა.
მოდით, შევხედოთ, როგორ და რაზე ანაწილებს სახელმწიფო ბიუჯეტს. დიაგრამა N1-ში მოცმეულია 2019 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დისტრიბუცია სფეროების მიხედვით. ამ დიაგრამებზე ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რა არის სახელმწიფოს პრიორიტეტი და საითკენ გვაქვს გეზი.
მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის განაწილებაში განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია 2018 წელთან შედარებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დისტრიბუციაში ნაკლებად არის ინკულზიური ეკონომიკის პრინციპები შემოტანილი და ფაქტიურად არ გვხდება გენდერის ფაქტორის გათვალისწინება სფეროების დაფინანსებაში.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ალოკაციის ეფექტურობის შეფასება ხდება მარტივი კითხვით – „ვინ რას იღებს?“, რაც თავისთავად გულისხმობს გენდერულ ფაქტორსაც. ყოველივე ეს გვიჩვენებს, თუ როგორ გეგმავს, ან როგორ წარმოუდგენია სახემლწიფოს სიღარიბის დაძლევა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დანერგვა.
გენდერზე ორიენტირებული საბიუჯეტო ხარჯები იმას კი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გამოიყოს ცალკე ბიუჯეტი ქალებისთვის და ცალკე – კაცებისთვის, არამედ გულისხმობს თითეული პროგრამის, თუ საზოგადოებრივ სერვისზე გაწეული დანახარჯის გაანალიზებას გენდერის ჭრილში, თუ რა გავლენა მოახდინა გენდერულ ბალანსზე და რა სარგებელი მოიტანა ქალებისთვის, როგორც ყველაზე დიდი ჯგუფისთვის, რომლის გაძლიერებაც პირდაპირ ნიშნავს უკეთეს სახელმწიფოს შენებას და სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გენდერული ფაქტორის გათვალისწინება შეიძლება მოხდეს რამდენიმე ტიპის პროგრამების მეშვეობით:
- კონკრეტულ გენდერზე მიმართული სპეციალური პროგრამებით: პროგრამები ქალებისთვის, გოგოებისთვის, ისეთები, როგორიცაა ძუძუს კიბოს მკურნალობის თუ პრევენციისთვის; ოჯახსა და საზოგადოებაში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პროგრამების დაფინანსება და ა. შ.
- პროგრამების დაფინანსება, რომელიც ხელს უწყობს სქესთა თანასწორობას საზოგადოებრივ სექტორში: თანაბარი დასაქმების შესაძლებლობები ისეთ პროგრამებში, რომლებიც სავალდებულოობის პრინციპზე დაყრდნობით ითვალისწინებენ ქალთა ჩართულობას მენეჯმენტში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ა. შ. ეს პროგრამები განსხვავდება იმ პროექტებისგან, სადაც თანაბრადაა გადანაწილებული კვოტები ქალებსა და კაცებს შორის, რაც არ გამორიცხავს უთანასწორობას, რადგანაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შესაძლოა, ქალები სულაც არ იყვნენ ჩართულები, მიუხედავად არსებული კვოტების ათვისებისა.
- ზოგადი და ძირითადი დანახარჯები და პროგრამები – ესაა პროგრამები და დანახარჯები, რომლებზეც ძირითადად მოდის სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ძირითადი ნაწილი. გენდერული ფაქტორის გათვალისწინება და შემდგომი შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროგრამებისთვის.
სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი სერვისები და სიკეთეები, ასევე საგადასახადო სისტემა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სამართლიანობის და გენდერულ პრინციპებს. გენდერული საკითხების გათვალისწინება უნდა გულისხმობდეს ქალებისთვის განათლებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობას შინამეურნეობაში ინტენსიური ჩართულობის დროს, უფრო სტაბილურ, მრავალფეროვან და ოფისგარე სამუშაო ადგილების შექმნას მშობიარობის, რეპროდუქციის, ან ბავშვის აღზრდის პროცესში ჩართული ქალებისთვის და ა. შ.
ამრიგად, ვთანხმდებით, რომ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ განვითარებას საფუძვლად სამართლიანობა და გენდერული ბალანსი უნდა ედოს, როდესაც იქმნება ისეთი გარემო, სადაც როგორც ქალს, ისე კაცს ეძლევა სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები, მაქსიმალურად მოახდინოს საკუთარი რესურსების რეალიზაცია და გახდეს საზოგადოების და მიმდინარე პროცესების განუყოფელი, სრულუფლებიანი და სრულფასოვანი წევრი. ამის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ პირველ რიგში როგორც მოქალაქეები გავიაზრებთ ამ საკითხს და არჩევანის გაკეთების პროცესში საკითხს ამ ჭრილში განვიხილავთ. სწორედ ამ შემთხვევაში მოუწევს სახელმწიფოს საკუთარ გადაწყვეტილებებში ინკლუზიური მიდგომების გათვალისწინება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც გაზრდის ქალთა ეკონომიკურ აქტიურობას და უფრო სწრაფი ტემპებით მივაღწევთ ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ავტორი: ლარისა პატარაია.
პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.