“იცით, რატომ გაჩნდა ფრაზა ”პირველ რიგში ქალბატონები”? – იკითხა ირენემ. – იმიტომ, ადრეულ საუკუნეებში თუკი ჩვენ, ქალებს კაცის უკან სიარულის უფლებას მოგვცემდნენ, შეიძლებოდა, გავქცეულიყავით, ხოლო თუ კაცის წინ ვივლიდით, ის შეძლებდა ჩვენს დანახვას და ჩვენთვის თვალყურის დევნებას. მოგვიანებით, რაც უფრო მეტად შეძლეს კაცებმა ჩვენი დამორჩილება, მით უფრო მეტად შესძულდათ იმაზე ფიქრიც კი, რომ მათი სასურველი ქალი მხოლოდ მათგან გაქცევაზე ფიქრობს და ამიტომ გამოიგონეს რაინდობა, გალანტურობა, ეტლში ასვლისას ხელის გამოწოდება და ა.შ.”
– By the Light of my Father’s Smile. Alice Walker
გენდერული თანასწორობის პრობლემა დგას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, პოლიტიკაში, განათლების სისტემაში, დასაქმების სფეროში, ბიზნესსა თუ სოციალურ ცხოვრებაში. მათ შორის, განსაკუთრებით კომპლექსური და უხილავია ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე.
სქესთა შორის ეკონომიკური უთანასწორობა, ქალთა ეკონომიკური ჩაგვრის მრავალი ფორმით გამოვლინდება და ასევე, მრავალი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაიძლიოს პატრიარქალური წნეხისგან შემქნილი ეს უთანასწორო გარემო. სწორედ არსებული ეკონომიკური ჩაგვრის დაძლევის ერთ-ერთი საინტერესო მექანიზმია გენდერული ბიუჯეტირება. უფრო ზუსტად, გენდერული ბიუჯეტირება წარმოადგენს თანასწორობის მიღწევის სტრატეგიას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ხდება სახელმწიფო რესურსების შეგროვება და მათი ხარჯვა. ეს არის ბიუჯეტირების ისეთი მიდგომა, რომელიც ფისკალური პოლიტიკისა და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებისას ორიენტირებულია გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე. შესაბამისად, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გადასახადები (საშემოსავლო, დღგ), რომელსაც ყველა ჩვენგანი იხდის და მისი ხარჯვის მექანიზმი შეიძლება იყოს თანასწორობის წამახალისებელი ან პირიქით, თუ არ მოხდა მისი სწორად დაგეგმვა/განკარგვა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვათ, რომ გენდერული ბიუჯეტირების მიზანი არის:
- ფისკალური დაგეგმვისას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის წახალისება;
- გენდერულად პასუხისმგებლიანი მონაწილეობის გაზრდა ბიუჯეტირების პროცესში, მაგალითად, ბიუჯეტის შემუშავებისას ქალისა და კაცის თანაბრი ჩართულობის გზით;
- გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა უფლებების დაცვა.
გენდერული ბიუჯეტირება შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ტიპის საბიუჯეტო სისტემაში, მმართველობის ყველა დონეზე, იქნება ეს ცენტრალური, რეგიონული თუ ლოკალური.
აღნიშნულილ სამი დონიდან გენდერული ბიუჯეტირების დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მმართველობის ცენტრალურ დონეზე, რადგან სწორედ ამ დონეზე მიიღება მთავარი საბიუჯეტო გადაწყვეტილებები, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების შესახებ. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ არის ინტეგრირებული გენდერული ბიუჯეტირება ცენტრალურ დონეზე, განვიხილოთ ავსტრიის მაგალითი.
გენდერული ბიუჯეტირება ავსტრიის კონსტიტუციაში 2009 წლიდან გაჩნდა და გენდერული მეინსტრიმინგის მინისტრთაშორის სამუშაო ჯგუფს დაევალა, ხელი შეეწყოს გენდერული ბიუჯეტირების დაგეგმვისთვის ყველა დონეზე. აღნიშნული ჯგუფის წევრები არიან წარმომადგენლები ყველა სამინისტროდან, ასევე საჯარო სამსახურის კავშირიდან და ფედერალური პროვინციებიდან.
გენდერული ბიუჯეტირება ავსტრიაში ორ საყრდენზე დგას:
- პირველ რიგში, საბიუჯეტო რეგულარული ციკლის ფარგლებში, ფედერალური სამინისტროები და უმაღლესი ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან ჩამოაყალიბონ მინიმუმ ერთი საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის მიღწევას და დასახონ ერთი საპასუხო ღონისძიება ამ მიზნის ეფექტურად მიღწევისთვის (შესაძლებელია მაქსიმუმ ხუთი მიზნის წარდგენა). ეს მიზანი და მისი საპასუხო ღონისძიება აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი საბიუჯეტო დოკუმენტებში და ეს ყოველივე იურიდიულად სავალდებულოა. ფედერალურ დონეზე შემოთავაზებული კანონების, დირექტივებისა და ძირითადი პროგრამების გავლენის სავალდებულო ex ante (ოპერაციის/მოვლენის დადგომამდე) შეფასებისას, ასევე მკაფიოდ უნდა იქნას გათვალისწინებული მათი პოტენციური გავლენა გენდერულ თანასწორობაზე.
- ასევე, ფინანსთა ფედერალური სამინისტრო ვალდებულია, განსაზღვროს გენდერული თანასწორობის ერთი მიზანი და მისი შესაბამისი ერთი ღონისძიება. მაგალითად, 2013 წელს ფინანსთა ფედერალური სამინისტროს მიერ, გენდერული თანასწორობის მისაღწევად დასახული მიზანი იყო ქალებსა და მამაკაცებს შორის აუნაზღაურებელი შრომის განაწილებაზე საგადასახადო სისტემის გავლენის საპასუხოდ ღონისძიებების გატარება.
ეს მიზანი ფორმულირდა, შემდეგნაირდ: “საგადასახადო სისტემა მხარს უჭერს ქალთა და მამაკაცთა შორის ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი სამუშაოს თანაბრად განაწილებას”, 2014-2017 წლების საბიუჯეტო გეგმა კი უკვე მოიცავდა სხვადასხვა კონკრეტულ ღონისძიებას, რომლიც ძირითადად მიზნად ისახავდა საშემოსავლო გადასახადის კანონის გადახედვას pay gap-თან მიმართებაში, რათა შეემცირებინა ამ კუთხით არსებული უთანასწორობა.
ეს კონკრეტული ღონისძიებები მაგალითად მოიცავდა:
1 | მიზანი | ქალთა მაღალი აქტივობა სრულ განაკვეთზე შრომის ბაზარზე |
აქტივობა | 3 წლამდე ასაკის ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების რაოდენობის გაზრდა | |
2 | მიზანი | 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება |
აქტივობა | პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმებების წამახალისებელი კამპანიის დაწყება, რომელიც უფასოა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სისტემის ფარგლებში | |
3 | მიზანი | ქალების უფრო აქტიური მონაწილეობა ტექნიკურ და სამეცნიერო კვლევებში |
აქტივობა | გენდერულად მგრძნობიარე სწავლების მეთოდების დანერგვა საშუალო სკოლებში ტექნიკურ და სამეცნიერო საგნებში |
აქვე საინტერესოა გენდერული ბიუჯეტირება რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. რეგიონული და ადგილობრივი მთავრობები უფრო ახლოს არიან საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასთან, რაც საშუალებას აძლევს მათ, უფრო უკეთ უპასუხონ ქალებისა და მამაკაცების საჭიროებებს, როდესაც საქმე ეხება საჯარო პოლიტიკასა და სხვდასხვა სერვისის გაწევას. ამ დონეზე ასევე შესაძლებელია გენდერული ბიუჯეტის მონაწილეობითი მიდგომის გამოყენებაც, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობას მოიცავს ბიუჯეტის შემუშავების დროს.
აღნიშნული მექანიზმის იმპლემენტაცია განსხვავებულად მიმდინარეობს სხვდასხვა რეგიონში/თემში, თუმცა, ეს პროცესი რამდენიმე ძირითად ნაბიჯს მოიცავს:
- საბჭოს შექმნა, რომელიც იმუშავებს რეგიონის/ქალაქის ბიუჯეტზე და მოიცავს განსხვავებულ დაინტერესებულ მხარეებს;
- საბჭოს შიგნით გენდერული განსხვავებებსა და უთანასწორობის გააზრება;
- ყველაზე რელევანტური/ აქტუალური პრობლემების გამოკვეთა, გენდერული თანასწორობის კუთხით;
- ამ პრობლემების საპასუხო აქტივობების დაგეგმვა, რომლის დროსაც უნდა ვუპასუხოთ შემდეგ ძირითად კითხვებს: რატომ ეს მიზანი და რატომ ეს აქტივობა მოცემული მიზნის საპასუხოდ? რა არის უკვე გაკეთებული ამ მიმზნის მისაღწევად? რა არის გასაკეთებელი? რა შეიცვლება მიზნის მიღწევის შემდეგ?
- პროგრესის მონიტორინგი და ცვლილებების ინიცირება.
იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სამინისტროსა და სამთავრობო დეპარტამენტს აქვს საკუთარი აქტივობების განსაზღვრული ბიუჯეტი, მისი დაგეგმვა და მასში გენდერული საჭიროებების ასახვა ხელს შეუწყობს პოლიტიკოსებს, დაძლიონ მთელი რიგი უთანასწორობა, რაც ჩადებულია საჯარო პოლიტიკასა და რესურსების განაწილებაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- European institute for gender equality. (N/A). Gender budgeting. Retrieved from https://eige.europa.eu/gender-mainstreaming/methods-tools/gender-budgeting
- OECD. (2020). Designing and Implementing Gender Budgeting A path to action. Retrieved from https://www.oecd.org/gov/budgeting/designing-and-implementing-gender-budgeting-a-path-to-action.pdf
- OECD. (2010). Gender Budgeting The Austrian Experience. Retrieved from https://www.oecd.org/gov/budgeting/46384463.pdf
- Plataforma mulheres. (2018). Gender Budgeting in Austria. Retrieved from http://plataformamulheres.org.pt/site/wp-content/ficheiros/2018/06/Austria-adm-publica.pdf
- საფარის ონლაინ სკოლა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ
ავტორი: მარი თოფჩიშვილი.
პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.