ბლოგები / ეკონომიკაshe / კამპანიები

ქალების ეკონომიკური გაძლიერების გამოხატულებები წალკელი ფერმერი ქალების მაგალითზე

ქალების ეკონომიკური გაძლიერების ფორმებზე, გამოხატულებებზე, გზებსა და საშუალებებზე ერთი საერთო აზრი, ან ერთი გადაწყვეტის გზა არ არსებობს. ჯერ კიდევ ძიებისა და მსჯელობის პროცესია. ბევრი რამ განვითარდა და დაიხვეწა, თუმცა მკვლევარები კვლავ ფიქრობენ, რას რა დაარქვან და რა შედეგია აქამდე მიღწეული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.

გადავწყვიტე, წალკელი ფერმერი ქალების მაგალითზე  სოფლად მცხოვრები, ფერმერულ მეურნეობაში ჩართული ქალების ეკონომიკური გაძლიერების გამოხატულებებსა და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრო სამი სოფლის მაგალითზე, სადაც ძირითადად აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

წალკის მოსახლეობის ძირითად შემოსავალს სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მეცხოველეობა და მეკარტოფილეობა წარმოადგენს. სამ ყველის საწარმოს 700-მდე ფერმერი რძეს ყოველდღიურად აბარებს. ფერმერების 60% ქალია, მათ უმრავლესობას 5-დან 15 ძროხამდე ჰყავს.

მესაქონლეობაში ჩართულ ქალებსა და კაცებს შორის როლები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: ქალი პასუხისმგებელია მოწველასა და რძის პროდუქტების მომზადებაზე. ის ყიდის რძეს. კაცია პასუხისმგებელი საქონლისთვის თივის მომარაგებაზე.  ქალი ამჩნევს, როდის ხდება ძროხა ავად, ხოლო ვეტერინართან კომუნიკაცია კაცის როლია. ქალი ამჩნევს ძროხა გასანაყოფიერებელია თუ არა, ხოლო ბუღასთან ძროხა მიჰყავს კაცს.

ისტორიულად, ძროხის მოწველა, ძირითადად, ქალის საქმედ ითვლება. სამი სოფლის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მოწველილ რძესაც, ძირითადად, ქალი ჰყიდის ადგილზე მისულ რძის შემგროვებელზე და თანხასაც ქალი იღებს. ამან მათ გაუჩინა მოტივაცია, გაეზარდათ წველადობა, ჰქონოდათ მეტი რძე და შესაბამისად, მეტი შემოსავალი. რძის გაყიდვის შედეგად, ქალები დღეში ზოგავენ 3 საათს, ვინაიდან არ უწევთ ყველის მომზადება. მეტი დრო აქვთ მეზობლებთან და ნათესავებთან სტუმრობისთვის, მეტი სიხშირით დადიან წალკის ცენტრშიც, სხვადასხვა საქმის მოსაგვარებლად. ვისაც ჰყავს 10-ზე მეტი ძროხა, ყიდულობს საწველ აპარატს, ასევე, დროის დაზოგვის მიზნით. უმეტესობა საწველ აპარატს ყიდულობს კრედიტით და ფარავს რძის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლით. რძის გაყიდვისგან მიღებულმა რეგულარულმა შემოსავალმა გაზარდა სესხებზე ხელმისაწვდომობა, ვინაიდან, შეუძლიათ, დაადასტურონ შემოსავალი და გადახდისუნარიანობა. სესხებით იძენენ სარეცხ მანქანებს და დამატებით ძროხებს.  ქალებს უკვე შეუძლიათ, კრედიტი აიღონ საკუთარი და არა ქმრის სახელით, რადგან ადასტურებენ, რომ რძის გაყიდვისგან მიღებულ თანხას ისინი იბარებენ. რძის ყოველდღიურად გაყიდვის შედეგად,  ქალი ფერმერები უფრო დაცულად გრძნობენ თავს, რადგან ხარჯავენ ნაკლებ დროს და აქვთ სტაბილური, ყოველდღიური შემოსავალი.

 „რძის შემგროვებელი მოდის სახლთან. ყველის გაკეთება რომ აღარ მიწევს, ვზოგავ დიდ ენერგიას და დროს. ახლა თავს უფლებას ვაძლევ, მეტად დავისვენო და ჩემ თავს დავუთმო დრო: ვუყურო ტელევიზორს, გავატარო მეტი დრო შვილიშვილებთან, საშინაო საქმეები უკეთესად გავაკეთო და ა. შ. ნაკლები სტრესი მაქვს. უფრო მოტივირებული ვარ, მყავდეს მეტი ძროხა და მქონდეს მეტი რძე“, – ემინე წალკიდან.

„შემოსავლები გაგვეზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქვს უკეთესი სამზარეულო, ავეჯი და ელექტრომოწყობილობები, რაც მიმარტივებს ცხოვრებას და მაძლევს მეტ თავისუფალ დროს. დავდივარ მეზობლებში, ვეხმარები ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში, ვსაუბრობ სკაიპით, ადრე ვიძინებ და ზოგადად, უკეთესად ვგრძნობ თავს ჯანმრთელობის მხრივ“, – დალი გუმბათიდან.

მეტი თავისუფალი დრო ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ზოგიერთი ქალი უფრო აქტიურად ჩაერთო სოფლის კრებებში. მათ ახსენდებათ, რომ ერთ-ერთ წელს სოფლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტით მოითხოვეს საძოვრებზე საქონლის საწყურებლების მოწყობა და გააკეთებინეს.

„ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელს 15,000 ლარი გამოუყო და სოფლის კრებაზე გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა წყალი საძოვრებზე. ადრე წყალს რომ ვერ სვამდა საქონელი, ეს მოქმედებდა წველადობის შემცირებაზე. ამჟამად 2 საწყურებელი უკვე გაკეთდა, კიდევ 3 ან 4 გვჭირდება“, – ნანული საყდრიონიდან.

მნიშვნელოვანია, ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. გაძლიერების თეორიების თითქმის ყველა ავტორი ხაზს უსვამს, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება არის ცვლილებების მრავალგანზომილებიანი პროცესი. თუმცა, როდესაც ქალები საუბრობენ მათ ცხოვრებაში ცვლილებების ფორმებზე, რასაც პოზიტიურად აფასებენ და თუ ეს, ასევე, ცვლის გაბატონებულ პატრიარქატულ სტრუქტურებს, სხვადასხვა ფორმით, ეს არის გაძლიერება. ნებისმიერი სახის ანაზღაურებადი საქმე აძლიერებს ქალის უნარს, ჰქონდეს არჩევანი და აკონტროლოს მისი ცხოვრების ასპექტები.

ის, რომ ქალს გაუჩნდა სურვილი, იმ საქმიანობაში ჩადოს დაზოგილი თანხა, საიდანაც იღებს შემოსავალს, მაგალითად, შეიძინოს მეტი მეწველი ძროხა, ასევე, სადგომები გაარემონტოს, მიანიშნებს გრძელვადიანი პერსპექტივების გაჩენაზე. უნდა ვიმედოვნოთ, რომ საქართველოში ქალების ეკონომიკური გაძლიერების გამოხატულებები, წალკელი ფერმერი ქალების მაგალითზე, მოექცევა ერთიანი ეკონომიკური განვითარების სისტემაში. ერთიანი ეკონომიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ქალებისა და კაცების ერთიანად განხილვა სისტემაში და არა – ცალ-ცალკე, ასევე, ქალებისთვის შერჩეული პროგრამების განხორციელება, რომელსაც მხოლოდ მცირე ჯგუფზე შეუძლია გავლენის მოხდენა.

 

ავტორი: ნონა სამხარაძე.

პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.