ნინო კოძახიძემ თავისუფალ უნივერსიტეტში იესემ ბინზეს სკოლა დაამთავრა. მაგისტრატურა ილიაუნის ინგლისურენოვან პროგრამაზე გაიარა, სადაც ჯორჯ მეისონის ამერიკული კვლევითი უნივერსიტეტის გრანტითა და ჩართულობით, ააწყო AI ჩატბოტი და ჩაატარა კვლევა „Perceptions on the Role of AI based Chatbot Technology and Innovations in Customer Service for Creating a Competitive Service Economy and E-Tourism.“ ამჟამად, ციფრული პროდუქტების ხელმძღვანელია UGT-ისა (ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში) და გერმანულ UX-Lab-ში, სადაც ძირითადად ევროპულ (AI, Gamification, Fintech…) პროექტებზე მუშაობს. ნინო ასევე ილიაუნიში, სეუ-სა და ბთუ-ში ბაკალავრებსა და მაგისტრებს ასწავლის (პროგრამული ინჟინერიის პროგრამა). პარალელურად, ილიაუნიში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგში დეკანის მოადგილის ნანა დიხამინჯიას კონსულტანტია. გარდა ამისა, სწავლობს და სტარტაპებზე მუშაობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.
ტრადიციული კითხვა: საქართველოში მიიჩნევა, რომ ტექნოლოგიების სფეროთი ქალი არ უნდა ინტერესდებოდეს. თქვენი ამ სფეროში ჩართულობა რამ განაპირობა?
მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში თქვენ, საფარის საქმიანობისა და ქალთა ინტერესების დაცვისთვის.
რაც შეეხება კითხვას, პირველი 17 წლის განმავლობაში ნეიროქირურგობა მინდოდა, თუმცა ბოლო მომენტში, მოკვლევის მიხედვით, გადავწყვიტე ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა ამერჩია და ასე მოვხვდი იესემში. რაც მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა, ვსწავლობდი კალკულუსს, სტატისტიკას, აზროვნების მათემატიკურ წესს, ფიზიკას, ბიოლოგიას, ლოგიკისა და Libri Magni-ის უამრავ საგანს, რომელსაც გვიკითხავდნენ კახა ბენდუქიძის დიდი ძალისხმევით საქართველოში მოწვეული საოცარი ლექტორები.
თქვენს არჩევანს როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები?
სრული მხარდაჭერით. სწავლის საფასური იმ პერიოდისთვის საკმაოდ მაღალი იყო ქართულ ბაზარზე და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გამოცდებში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით მეორე ადგილზე ვიყავი შედეგებით და გრანტიც ავიღე, ფინანსური კომპონენტი მაინც საჭიროებდა მნიშვნელოვან დახმარებას ოჯახისგან. სამწუხაროდ, მაქსის პროგრამირების სკოლა მოგვიანებით გაიხსნა და დღევანდელი გადმოსახედით, ალბათ უფრო მაქსზე ჩავაბარებდი, რადგან ჩემი პროფესიული კარიერა მაინც საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულებით განვითარდა…
რა გამოცდილება მოგცათ საქართველოში თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლამ, კერძო და საჯარო სექტორში მუშაობამ?
თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა და კახასთან ინტერაქციები, ცალსახად იყო აზროვნების წყობის სრული გამოცვლა, რადგან კრიტიკული აზროვნება, ფსიქოლოგია, ანტიკური, ძველბერძნული ფილოსოფია და სხვა საგნები იყო უკიდურესად საინტერესო და უბრალოდ ვერ დარჩებოდი იგივე, როგორიც თავისუფალ უნივერსიტეტამდე ვიყავი.
პირველი სამი წელი უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად გავატარე ასევე იესემელების შექმნილ აიტი კომპანიაში და ამან ცალსახად განსაზღვრა ჩემი შემდეგი გზა ციფრულ სამყაროში.
რაც შეეხება საჯარო სექტორს, ჯამში იუსტიციის სამინისტროში გავატარე სამი წელი და ეს იყო ერთ-ერთი კომპლექსური, რთული პერიოდი. მიუხედავად დიდი პრობლემებისა და გამოწვევებისა, ვიმუშავე იშვიათ პროფესიონალებთან აიტი მენეჯმენტის მიმართულებით. თუმცა, ყველანი მაინც ისევ კერძო სექტორში გადმოვბარგდით, ვინაიდან ბიუროკრატია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხანგრძლივი და უსასრულო ლოდინი, არცთუ ისე მოქნილ სამუშაო გარემოს ქმნიდა. მიუხედავად ამისა, დღესაც საჯარო სექტორი რჩება მიმზიდველ და კონკურენტულ სამუშაო გარემოდ, დიდი გარდაქმნებისა და გამოწვევების მოყვარული ტალანტებისთვის…
როგორ მიმდინარეობს საქართველოში თქვენი ინტელექტუალური რესურსის რეალიზაცია?
სწავლის ერთი კომპონენტი უკვე დავასრულე და ვცდილობ, ეს გამოცდილება გავაზიარო საქართველოში, რაშიც დიდი მხარდაჭერა გამომიცხადა ილიაუნიმ, ანა კვანჭილაშვილისა და ნანა დიხამინჯიას სახით. ვაპირებთ, ჩავწერო ონლაინ ბლოგები ილიაუნისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის. ასევე, ილიას პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე წავიკითხავ აიტი პროექტების მართვას ქართული და არაქართული აუდიტორიისთვის.
ვცდილობ, აქტიურად ვიყო ჩართული ქართულ და საერთაშორისო სტარტაპ გარემოში, თბილისისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდები ვმუშაობთ რამდენიმე ინოვაციურ პროექტზე ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის კომპლექსური ალგორითმების იმპლემენტაციაზე რეალურ პროდუქტებსა და სერვისებში.
ვარ აიტი მენეჯმენტის წამყვანი ლექტორი სეუში, პროექტების მენეჯმენტის – ბთუში. ურთიერთობა მიწევს უკიდურესად ნიჭიერ და საზრიან სტუდენტებთან, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ სწავლის პარალელურად იყვნენ ჩართულები სტარტაპ ინკუბატორებში და გადაწყვიტონ კომპლექსური ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.
დღეს თანამედროვე მსოფლიო აღიარებს და გმობს, რომ საუკუნეების მანძილზე, მეცნიერების სფეროში ქალის ჩართულობა შეზღუდული იყო, თუმცა, როგორია თავად ამერიკაში, აკადემიური სფეროს მიღმა არსებული განწყობები?
დაახლოებით 5 წლის წინ სოციალურ მეცნიერებებში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენების შესახებ ვისმენდი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერის ესთერ დუფლოს ლექციებს. ორი წლის წინ მან მიიღო ნობელის პრემია აბჰიჯიტ ბანერჯისთან ერთად, სადაც მას მოუწია, ხუმრობით ეთქვა, რომ ნობელის კომიტეტი მხოლოდ ქალის დაჯილდოებას აპირებდა. კომიკურია, თუმცა რეალურად დღეს დასავლეთში კაცებს მეტად უწევთ, დაიცვან თავი და საკუთარი ინტელექტუალური ნაშრომი, რადგან ქალების ჩართულობა და ინიციატივები იმდენად ძლიერდება, რომ ტრადიციული მასკულინური მიდგომებით, უბრალოდ აღარ რჩება წარმატების ადგილი.
მოცემულობა არის ის, რომ ყველა კონტინენტზე, ყველა ტიპის ქვეყანაში, ქალები ცდილობენ არსებული ანტი ფემინური განწყობების გარღვევას ან მინიმუმ იმგვარად მოდიფიკაცია/ადაპტაციას, რომ მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი თავი და რესურსები.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გავიცანი საოცარი ქალები აფრიკის, აზიის, სამხრეთ ამერიკის (60+) ქვეყნებიდან, რომლებიც ინარჩუნებენ ტრადიციებს: ატარებენ ჩადრს, ჰიჯაბს, ბურკას, საუბრობენ ლამაზი ლათინო აქცენტით, აღნიშნავენ ‘Ganpati Chaturthi’, ‘Navratri’, ‘Dussehra’, ‘Diwali’… განურჩევლად იმისა, ინდოეთში ცხოვრობენ თუ ამერიკაში, ისინი ცდილობენ, ახლებურად გაიაზრონ მათ შორის რუდიმენტული წეს-ჩვეულებები და მოარგონ თანამედროვე სამყაროს. ისინი არიან ექიმები, ინჟინრები, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე მეცნიერები, წარმატებული სტარტეპებისა და ინიციატივების ლიდერი ქალები თავიანთ რეგიონში და საერთაშორისო მასშტაბით. მათი ისტორიები არის კომპლექსური მაგალითი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ავთენტურობა და მრავალწახნაგოვანი ანთროპოლოგიური არტეფაქტები და ამავდროულად იყო მსოფლიო მოქალაქე. უნიფიცირებული, გლობალური ერთფეროვნება დღის ბოლოს არავის მოგვწონს და თუნდაც აღმოსავლური ფილოსოფია აღფრთოვანებას იწვევს ქრისტიანულ დასავლეთში…
ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე: როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წვლილი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში?
ჩემი მთავარი მოტივაცია არის შევქმნა ისეთი პროდუქტი, რომელსაც ადამიანები შეიყვარებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება ინოვაციები ტექნოლოგიებში, რათა ის პრობლემები და გამოწვევები გარდაიქმნას ფასეულობებად, რაც მათ ფიზიკურ თუ მენტალურ საჭიროებებს ფეხს აუწყობს და უკეთესი ცხოვრებისკენ იქნება მიმართული.
მინდა და ვცდილობ, რომ პირველ რიგში, ყველა გოგომ გააცნობიეროს საკუთარი ფემინურობის უსაზღვრო სიკეთეები, დაიჯეროს, რომ შეუძლია იმაზე მეტიც, ვიდრე თავად წარმოუდგენია; გაარღვიოს ტრადიციებსა და მასკულინობაზე დამოკიდებულების დეგრადული შავი ყუთი; შეიქმნას ის რეალობა და გარემო, რომელშიც მრავალმხრიობა, ჩართულობა, გაზიარება, ნებისმიერი სიკეთე (ფერადი და ნათელი), რასაც თავად მოიფიქრებს, იქნება ქმედითი, საერთო და მასშტაბური ფასეულობა. ამას სჭირდება თანმიმდევრული, ლოგიკური ტექნოლოგიური პოლიტიკა, შესაბამისი ინოვაციური პროდუქტები და სერვისების შექმნა სოციალური მედიის, მედიცინის, განათლების, საკანონმდებლო, გართობისა და დასვენების მიმართულებით.
დღეს, როდესაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური სწავლების დონე გამუდმებული ქილიკის საგნადაა ქცეული, როგორ გესახებათ ქვეყანაში ტექნიკური მეცნიერებების სწავლებისა და აკადემიური სივრცის გაფართოების პერსპექტივები?
როგორც აღვნიშნე, რამდენიმე უნივერსიტეტში თავადაც ვასწავლი და ასევე, მეგობრები ასწავლიან მათ შორის „გეპეიში“. ჩემი ყოფილი სტუდენტებიც აგრძელებენ იქ სწავლას და საბედნიეროდ, ეს ადამიანები არიან გამორჩეული უნარებისა და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებები, რომლებიც დიდ რესურსს დებენ მათ შორის აკადემიური სწავლების დონის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელსაც კრიტიკული ანალიზი და კონსტრუქციული მრავალმხრივი დიალოგი სჭირდება, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ მჯერა ამ ცალკეული ინდივიდების, მათი ნიჭისა და მისწრაფებების, რომ სწორედ ისინი და მათი სტუდენტები მოახერხებენ საბჭოთა გადმონაშთების უგულებელყოფას და არსებული შეზღუდული რესურსების პირობებში მდგრადი და პროგრესული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას.
ალბათ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტუტუტში ბევრ გოგონას შეხვედრიხართ განვითარებადი ქვეყნებიდან, რომლებსაც ასევე ბევრი ბარიერის გადალახვამ მოუწია აქამდე მოსასვლელად. რას გიამბობენ ისინი მათ მიერ გამოვლილი გზის შესახებ?
გვაქვს მათ შორის, Woman @ MIT ჩანელი, სადაც ვაზიარებთ საკუთარ ისტორიებს.
თავად პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის ინდური წარმოშობის ინჟინერი ქალი, რომელიც ბოსტონში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და მშობლების სახლში სტუმრობისას აღნიშნავს ყველა ინდურ დღესასწაულს, მათ შორის კორონას პერიოდშიც, შეზღუდულად. იგი თავის წარმომავლობას აღიქვამს და აიდენტიფიცირებს, როგორც ღირებულ კულტურულ და მსოფლმხედველობრივ ფასეულობას. ასევე, მახსენდება აფრიკელი გოგო, რომელიც ბევრ ქალთა ინიციატივაშია ჩართული სამშობლოში, ცხოვრობს დასავლური და აფრიკული კულტურის მოდიფიკაციებით. ვიცნობ რამდენიმე აზიელი ქალს, რომლებიც არიან ჰიპერ აქტიურები თავიან ლოკაციაზე, დააარსეს რამდენიმე სამედიცინო სტარტაპი და წარმატებით ახორციელებენ ტექნოლოგიების დანერგვას სხვადასხვა რთულ რეგიონში, მათ შორის იქ, სადაც მოსახლეობას არ აქვს ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორიცაა სარეცხი მანქანა და დღემდე მდინარეზე რეცხავენ სარეცხს, – მათთვის შექმნილია სამრეცხაო სერვისები სპეციალური მოძრავი ავტომობილით.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის აკადემიურ და ლაბების საქმიანობაში ჩართულია ათეულობით თავშესაფრის მაძიებელი და ლტოლვილი, როგორც სტუდენტის, ისე პროფესორის სტატუსით. მათგან მოვისმინე მაგალითად, იუგოსლავიის დაშლის მტკივნეული პროცესებისა და ამასთან დაკავშირებული პირადი სირთულეების შესახებ. სამწუხაროდ, გაივლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიული პარალელებიც, ჩვენი უახლესი წარსულიდან… გავიხსენებ რამდენიმე მუსლიმ მეცნიერ და ინჟინერ ქალს, რომლებიც ფარანჯას, ჰიჯაბისა და ბურკას მიღმა არიან უკიდურესად ნიჭიერები, მიზანდასახულები და ცდილობენ კოლაბორაციას მოწინავე ტექნოლოგიებში.
მომავალი ხელოვნური ინტელექტისაა?
მომავალი ცალსახად არის ადამიანის და ყველა იმ ცოცხალი არსების, რომელთანაც დედამიწას/კოსმოსებს ვიყოფთ. მე მჯერა ბრედბერის მარსის ქრონიკების, ფილიპ დიკის ვალასის, ჰერბერტის დიუნის და ყველაფერი, რამაც ადამიანის გონებაში გაიელვა, არის რეალური. ჩვენ ყველას გვჭირდება დახვეწილი და ჭკვიანი ტექნოლოგიები საკუთარი არაცნობიერისა და სამყაროს სიღრმისეულად გასაცნობად. უნივერსალური ხელოვნური ინტელექტი არის მომავლის გასაოცარი სიკეთე, რომელმაც უნდა გამოგვითავისუფლოს დრო ჰედონიზმისთვის. მაგალითად, ვგულისხმობ ისეთი რუტინული, მძიმე და სახიფათო სამუშაოების ჰუმანოიდი რობოტების მიერ შესრულებას, როგორიცაა მაღაროებში, ბირთვულ და ატომურ სადგურებში, ბუნებრივი კატაკლიზმებისას და მრავალი სხვა მიმართულებით მუშაობა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე/რამე წაგვართმევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს. პირიქით, შეიქმნება საკვების, მედიცინის, კლიმატური საფრთხეების, ენერგიის და ა. შ. ალტერნატიული წყაროები და გადაიჭრება სიბერის, ავადმყოფობის, სიღარიბის, დაუსრულებელი კონფლიქტების მიმდინარე პარადოქსები. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა მეტწილად აღემატება არსებულ ადამიანურ/“კოლექტიურ (არა)ცნობიერს“ და საჭიროებს მომზადებას, ადაპტაციას, შესაბამისი (მათ შორის ფსიქოლოგიური) სერვისების მიღებას და დიდ ემოციურ ინტელექტს, რასაც დასწავლა, განვითარება და უბრალოდ მიღება/ემპათია სჭირდება. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს ამის მოცემულობა და ინდივიდის, საზოგადოების დიდ პიროვნულ/სოციუმის გარდაქმნებს, პროგრესულ და დინამიკურ ძალისხმევებს საჭიროებს.
რა არის თქვენი პროფესიული მიზანი და რა გეგმები გაქვთ მის მისაღწევად?
პროფესიული მიზანი იყო და არის სწავლა და სწავლება, ძლიერი საზოგადოებების (community) ჩამოყალიბება და იმ მოდელების შექმნა/იმპლემენტაცია, რომელიც ჩვენ ყველას გაგვიმარტივებს ყოველდღიურობას, საშუალებას მოგვცემს, ვიცხოვროთ აქ და ახლა და ვხედავდეთ საკუთარ თავებს ათი წლის შემდეგ ისე, როგორებიც ახლაც მოგვწონს და ათი წლის შემდეგაც, სრულიად განსხვავებულ რეალობაშიც, მოგვეწონება.
ემოციური ინტელექტი, ემპათია, გაზიარება და სიღრმისეული, არსობრივი/კონტექსტუალური წვდომა არის ის გასაღები, რომელიც პირადი და გუნდური წარმატებებისთვის გადაგვიყვანს შემდეგ ტექნოლოგიურ რევოლუციაში, სადაც ადამიანისა და ყველა ცოცხალი ორგანიზმის ევოლუცია იქნება მაქსიმალურად უმტკივნეულო, დინამიკური და ლოგიკური. მეცნიერების პარალელურად და მათ შორის, მის მხარდასაჭერად, ყოველთვის ვხედავ პარალელურ სივრცეში ხელოვნებას, მსოფლმხედველობრივ თუ რწმენის საკითხებს, რომლებიც გამორიცხავს დაპირისპირებას/მიუღებლობას/გათიშვას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პლატფორმას ირჩევ ხედვისთვის, სამყარო თანაბრად ჩანს მხატვრის, მწერლის, მუსიკოსის პრიზმიდან, როცა ისინი ხვდებიან ფიზიკოსებს, ბიოლოგებს და უბრალოდ ადამიანებს, ყოველგვარი სოციალური როლისა და პროფესიული დისპოზიციის გარეშე.
შევეცადე, მოკლედ აღმეწერა ის საკითხები, რაც მაინტერესებს და ვარ ჩართული იმისათვის, რომ განვითარდე პიროვნულად და იმ სოციუმში, რომელში ყოფნას თავად ვირჩევთ.
დარწმუნებული ვარ, პირადად თქვენი მაგალითი საქართველოში ბევრი გოგოსთვის მიზანსწრაფულობისა და ტექნიკური მეცნიერებების მიმართ სკეპტიციზმის მსხვრევის საფუძველი გახდება. რა შეგიძლიათ, უთხრათ იმ გოგონებს, რომლებსაც ოჯახი ტექნიკური განხრით სწავლის გაგრძელებაში ხელს უშლის?
მიუხედავად კაცების უმნიშვნელოვანესი როლისა და სქესის უნისექსური აღქმისა, ბავშვობიდან ქალის ფემინურობის ძალა არის ჩემთვის წარმმართველი. ყოველთვის ვხვდები და აღფრთოვანებული ვარ იმ ქალებით, რომლებიც, მათ შორის ჩემს ისტორიებში, მთავარი გმირები არიან. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალები არიან ტექნიკური სფეროებიდან თუ ჰუმანიტარული, მათი აზროვნების სიღრმე და კომპლექსურობა არის ჩემი მოტივაცია განვითარების, ყოველთვის უკეთესის შექმნის. დღეს უკვე იმდენად გადაჯაჭვულია ტექნოლოგიები და ტექნიკური მეცნიერებები, რომ მაგალითად, ჩემი იურისტი, ფსიქოლოგი მეგობრები სწავლობენ სტატისტიკას, ფიზიკას, იყენებენ მანქანური დასწავლის ალგორითმებს მონაცემთა დამუშავებისთვის და ეს არის მათთვის, როგორც თავად ამბობენ, მათემატიკური სილამაზე და სიზუსტის სექსუალობა, როცა ლოგიკა გეხმარება დღის რუტინის დასაგეგმად და ასევე, მისგან გასაქცევად.
ძალიან მომწონს ფემინურობა ნებისმიერი სხვა სქესის წარმომადგენლებთან, იქნება ეს „ქვიარ“ თუ „სთრეითი” ბიჭი, როგორადაც არ უნდა აღიქვამდეს და აიდენტიფიცირებდეს ადამიანი თავს, ის არის ძლიერი, დამოუკიდებელი „არსი“ და მისი ყველა მახასიათებელი, საყოველთაოდ აღიარებული თუ მისი შექმნილი, განსაზღვრავს მისი ცხოვრების ხარისხს, მრავალმხრიობას, კომპლექსურობას, მრავალშრიანობას; ეხმარება მას იმგვარი პერსონას ინტერფეისის ჩამოყალიბებაში, რომელიც არ არის გახლეჩილი მისი შინაგანი მესგან/არაცნობიერისგან, ჰარმონიულად ერწყმის მის სოციალურ როლებს. შესაბამისად, ყველა ინდივიდს ვუსურვებ, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან დაიწყოს კრიტიკული ანალიზი, საკუთარი თავისა და გარემოს მიღება და დეკომპოზიცია, იმისათვის, რომ მერე თავადვე ნულიდან ააწყონ მათთვის მოსაწონი ინდივიდი, რომელშიც კომფორტულად იქნებიან როგორც მარტო, ისე ყველა იმ ცოცხალი არსებასთან ინტერაქციაში, რომელიც არ უნდა იწვევდეს დაუძლეველ შიშსა და საფრთხის შეგრძნებას. კომუნიკაცია, ფილოსოფია, მათემატიკა, ხელოვნება – არის ის გზა, რომელიც გახსნის და ამოხსნის ყველა დაფარულს ცოცხალ თუ ხელოვნურ ინტელექტში.
ესაუბრა შორენა გაბუნია