თანასწორობის პოლიტიკა

ბანანის ჭამის ამსახველი ვიდეოკლიპის გამო, ეგვიპტელ მომღერალ ქალს პატიმრობა მიუსაჯეს

ეგვიპტის სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა მომღერალ ქალს, რომელმაც ვიდეოკლიპში I Have Issues მონაწილეობა ქვედა საცვლის ამარა გადაწყვიტა. ვიდეოში არის სცენა, რომელშიც მომღერალი ბანანს ჭამს.

25 წლის შაიმაა აჰმედი (Shaimaa Ahmed), სცენური ფსევდონიმით შიმა (Shima), ნოემბერში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც სკანდალურმა ვიდეოკლიპმა ქვეყნის კონსერვატულ წრეებში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

შიმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, გარყვნილ ქმედებებსა და „უწესო“ ვიდეოს გავრცელების გამო. გარდა ამისა, შიმას 10 000 ფუნტის (დაახლ. 560$) ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ვიდეოკლიპის რეჟისორსაც.

დაკავების წინ, შიმამ კლიპის გადამღებ ჯგუფს ბოდიში მოუხადა. „წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ საქმე ასე განვითარდებოდა და ყველა მხრიდან თავდასხმების ობიექტი გავხდებოდი“, – დაწერა მან თავის ფეისბუქზე, რომელიც მაშინვე წაიშალა.

შარშან, სხვადასხვა სასამართლომ, იმავე მიზეზით – ვიდეოკლიპში გარყვნილი ქმედებების წახალისების გამო, ეგვიპტეში სამ მოცეკვავეს ექვსთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კიდევ ერთ მომღერალ ქალს – შერინ აბდელ-ვაჰაბს (Sherine Abdel-Wahab), „პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელებისთვის“, სასამართლო ელის. მას ეს ბრალდება მისი კონცერტის ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ წაუყენეს, რომლის დროსაც, მომღერალს აუდიტორიამ სიმღერის Mashrebtesh Men Nilha („ნილოსის წყალი დაგილევია?“) შესრულება სთხოვა. „ნილოსის წყლის დალევა შისტოსომოზს იწვევს“, – უპასუხა მომღერალმა რეპლიკას. შისტოსომოზი ტროპიკულ დაავადებას ჰქვია, რომელსაც ჰელმინთები იწვევს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეგვიპტელ მუსიკოსთა პროფესიულმა გაერთიანებამ აბდელ-ვაჰაბის გამოსვლები ორი თვით აკრძალა.

წყარო: bbc.com