ლგბტქი / პოლიტიკაshe

პოლონელმა დეპუტატმა ქალებმა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სამოსით ცისარტყელა დროშა შექმნეს

პოლონეთის ქალმა დეპუტატებმა „მემარცხენეთა“ (Lewica) პარტიიდან, პრეზიდენტი ანჯეი დუდას (Andrzej Duda) ინაუგურაციაზე ცისარტყელა დროშის ფერების შესაბამისი სამოსი და ნიღბები გამოიყენეს. ამგვარი ფორმით გამოხატა პროტესტი ახალარჩეული პრეზიდენტის ჰომოფობიური პოლიტიკის მიმართ ათმა ქალმა დეპუტატმა. პოლონეთის პარლამენტის კანცელარიამ სასწრაფოდ წაშალა დუდას ის ფოტოები, სადაც ცისარტყელა სამოსში გამოწყობილი დეპუტატები ჩანდნენ. თუმცა, დეპუტატმა აგნეშკა ძემიანოვიჩ-ბეკმა (Agnieszka Dziemianowicz-Bąk) ამაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „თქვენ არ შეგიძლიათ, მოხვიდეთ და ისეთი სახე მიიღოთ, თითქოს არაფერი ცუდი არ მომხდარა!“.

პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღით, პოლიციამ აქტივისტი მარგო შუტოვიჩი დააკავა. იგი ვანდალიზმში დაადანაშაულეს, იმის გამო, რომ ადგილობრივ ძეგლებზე ცისარტყელა დროშა გამოფინა. თვითმხილველთა ნაამბობით, აქტივისტი სასტიკი ძალის გამოყენებით დააკავეს, რაც პოლიციის მიერ გამოხატული აგრესიის მიმართ ადგილობრივი ლგბტ აქტივისტების პროტესტის საფუძვლად იქცა. უკვე ამ მოვლენის გამო, დაკავებულია 50-მდე აქტივისტი. ერთ-ერთი მათგანი, დაკავების დროს, პოლიციამ ლამის გაგუდა.

შაბათს ვარშავაში ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად დიდი მიტინგი გაიმართა. ადამიანებმა ქუჩებში სარკმლებიდან ცისარტყელა დროშები გამოფინეს და მიტინგის მხარდასაჭერ სხვადასხვა ფრაზებს სკანდირებდნენ: „ჩვენ იდეოლოგია კი არა, ადამიანები ვართ!“, „სიძულვილი კლავს!“, „ეს არ არის თეთრი დროშა და ჩვენ არ ვნებდებით!“ და სხვ.

euronews.com