საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აშშ-ის ხელისუფლებას ქალთა უფლებების შეკვეცაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა. მასში 2017 წელს მსოფლიოს 159 ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა მიმოხილული.
„ქალთა და გოგონათა უფლებების იგნორირება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიდიოდა, – ნათქვამია დოკუმენტში, – პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა წესები, რომელთა თანახმადაც, უნივერსიტეტებმა სექსუალური ძალადობის საკითხები გენდერულ დისკრიმინაციად უნდა გამოიძიონ, ასევე, შეაჩერა ინიციატივები შრომის თანაბარ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც, ქალს უნდა დაედგინა, უხდიან თუ არა მას ნაკლებს, ვიდრე მის კოლეგა კაცს“.
ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებით მტკივნეულია თავდასხმები ქალის რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებზე“. ამის მაგალითად მოყვანილია კონგრესის არაერთგზისი მცდელობა, დაფინანსება შეუწყვიტოს ორგანიზაცია Planned Parenthood-ს, რომელიც უპირატესად რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მუშაობს, ეკონომიკურად ნაკლებად უზრუნველყოფილ ქალებთან.
„მთავრობამ ახალი კანონი შემოიღო, რომელიც დამსაქმებელს უფლებას აძლევს, არ დაფაროს კონტრაცეპტივების სამედიცინო დაზღვევა, თუ მათი გამოყენება რელიგიურ და მორალურ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება“, – აცხადებენ უფლებადამცველები და აღნიშნავენ, რომ იმავე მიზეზთა გამო, მილიონობით ქალი შეიძლება დარჩეს კონტრაცეპციისთვის საჭირო სახსრების გარეშე.
„ადმინისტრაციამ ასევე შემოიღო ე. წ. “გლობალური დადუმების” პოლიტიკა, და ამით ამერიკული დაფინანსება შეუწყვიტა ნებისმიერ საავადმყოფოსა და ორგანიზაციას, რომელიც სხვა ქვეყნებში მოქმედებს, ინფორმაციას აგროვებს ლეგალურ და უსაფრთხო აბორტებზე და შესაბამის მომსახურებასაც სწევს“, – აღნიშნავს Amnesty International.