ავტორი: ანა-ლენა ფონ ჰოდენბერგი (Anna-Lena von Hodenberg)
“სიკვდილით დასჯა” – პირველი სიტყვებია, რომელსაც ანა ნ. (უსაფრთხოების მიზნით, სახელი შეცვლილია) კითხულობს ელექტრონული ფოსტის გახსნისას. წერილშივეა განმარტებული ბევრი რამ: მის ავტორს სურს, ანა “ჯერ მჭიდროდ დააბას სარდაფში, შემდეგ ელექტროშოკერით შეწვას მისი ტუჩები და თავადვე აჭამოს”. ეს ყველაფერი ემუქრება ქალს, თუ იგი თავის ინფორმაციას არ წაშლის ინტერნეტიდან. სიტყვა აქ კონკრეტულ მიზანს ემსახურება: ინტერნეტიდან თავისი აზრებიანად გააქროს აქტივისტი ქალი. დიახ, ახალგაზრდა ქალს სწორედ იმიტომ ემუქრებიან, რომ ქალთა უფლებებისთვის იბრძვის.
ანას უამრავი მსგავსი გზავნილი მიუღია, მაგრამ წლიდან წლამდე, მათი ტონი უფრო და უფრო მძიმდება. და ის, რაც მის თავს ხდება, ერთეული შემთხვევა სულაც არაა. ქალთა მიმართ სიძულვილი საერთო მოვლენად იქცა: ქსელის მომხმარებელთა 88%, რომელსაც სიძულვილის გამოვლინებასთან შეხება ჰქონია, ადასტურებს, რომ ეს სიძულვილი ქალების წინააღმდეგაა მიართული. რა თქმა უნდა, კაცები ასევე ხდებიან ციფრული ფორმატის სიძულვილის მსხვერპლნი, მაგრამ ქალთა მიმართ სიძულვილს სხვაგვარი ხასიათი აქვს. თუ ქალი სოციალურ ქსელებში რაიმე დისკუსიაში ერთვება, მას მაშინვე ურჩევენ, იპოვოს “ძარღვიანი პენისი”. ასევე, მას სექსის უკმარისობისგან გამოწვეულ კომპლექსებს მიაწერენ და ურჩევენ, ეს “ნაკლი” “გაუპატიურების ყველაზე გარყვნილი ფორმებით გამოასწოროს”, ან “სამზარეულოში შებრუნდეს”.
ძალადობა, რომელსაც ქალები ქსელში აწყდებიან, როგორც წესი, სექსისტურ ხასიათს ატარებს, მკაფიოდ გამოხატული ქალთმოძულე, ხშირად კი უაღრესად პირადი ხასიათისაა. პოლიტიკოს ქალებს უხეში პორნოს ვიდეოები მისდით, სადაც მათი სახეებია მიმონტაჟებული, ჟურნალისტი ქალები ინტერნეტში სექსმუშაკებად არიან გამოყვანილნი. კლიმატის ცვლილებების აქტივისტები იძულებულნი არიან, თავიანთი ელექტრონული მისამართები დამალონ, რადგან მოძალადეები მათაც პოუობენ. რაღა თქმა უნდა, აქ გვერდს ვერ ჩავუვლით ე. წ. დიკპიკებსაც – კაცის სასქესო ორგანოების ფოტოებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში პირად შეტყობინებებში სწორედ ახალგაზრდა ქალებს ეგზავნებათ.
ქალთმოძულეობა და ადამიანის უფლებების აქტივისტ ქალთა მიმართ ძალადობა მემარჯვენე რადიკალური იდეოლოგიის პროდუქტია, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ქალზე ძალადობაა. ამიტომ, ანას ამბავი შემთხვევითი როდია. ეს ერთგვარი სტრატეგიის ნაწილია: პირადი შეურაცხყოფის, მუქარებისა და ძალადობის სხვა ფორმების მეშვეობით, იმ ქალების დაშინება და დემორალიზაციაა მიზანში ამოღებული, რომლებიც ბედავენ და სოციალურ ქსელებში პოლიტიკურ თემებზე წერენ. ამის მიზანი ყველაზე მნიშვნელოვან საჯარო სივრცეში, რომელიც დღესდღეობით ინტერნეტია, ქალების აქტიურობის ჩახშობაა.
მიზანმიმართული და მასობრივი შეტევები, პირველ რიგში, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სპექტრიდან მომდინარეობს, რომელსაც, კვლევების თანახმად, ქსელში განსაკუთრებულად ორგანიზებული მოქმედება ახასიათებს. ეს შემთხვევითი როდია, რადგან ქალთა მიმართ სიძულვილი სწორედ ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ელემენტია. თანასწორობისთვის მებრძოლი ქალები – პოლიტიკოსები, ადვოკატები და სხვა სფეროების წარმომადგენლები, ხშირად იღებენ მუქარის შემცველ ელექტრონულ წერილებს. ულტრამემარჯვენე ტერორისტები კრაისტჩერჩიდან, ელ-პასოდან, დეიტონიდან, ჰალედან, ისევე, როგორც ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკი, თავიანთი ქმედებების ერთ-ერთ მთავარ მოტივად ქალთა მიმართ სიძულვილს ასახელებენ.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში მომძლავრებული ქალთმოძულე მოძრაობების საზღვრები სულ უფრო და უფრო მყიფდება. ტერორისტი ჰალედან პირდაპირ ეთერში ინცელების ენას იყენებს. ინცელები ერთგვარ სუბკულტურას ქმნიან და ისეთ კაცებს აერთიანებენ, რომელთათვისაც სექსუალური პარტნიორის შოვნა შეუძლებელია. ახალი კვლევის თანახმად, ინცელები ქსელის ერთ-ერთი ყველაზე ქალთმოძულე და ძალადობისკენ მიდრეკილი ჯგუფია. მათი აზრით, ქალები სექსუალურ პარტნიორებად მხოლოდ მიმზიდველ კაცებს ირჩევენ, და თავებს ამ სტრატეგიის მსხვერპლად მოიაზრებენ. სქესობრივი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლად ცხოვრების გამო, ისინი ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ინსტიტუციონალიზაციის მომხრენი არიან. მათი აზრით, ქალებს უნდა აიძულებდნენ, სექსი ჰქონდეთ ყველა კაცთან, ვისაც კი ეს მოუნდება. მსგავსი მოთხოვნა უცხო არაა არც მემარჯვენე ექსტრემისტისთვის, არც ისლამის მიმდევრებისთვის.
მაგრამ თავად საზოგადოებაშიც არ არსებობს კონსენსუსი ქალის და კაცის თანასწორუფლებიანობის შესახებ. ეს ყველაზე კარგად სოციალურ ქსელებში ჩანს: ქალის მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულება თავს იჩენს ექსტრემისტულ ჯგუფებში, ინცელებში, მას მოწონებით ხვდებიან კონსერვატიული და მათ შორის ლიბერალური პოლიტიკური სპექტრის წარმოადგენლებიც.
ეს უკვალოდ არ მიმდინარეობს არამხოლოდ ქალების, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ქსელში ძალადობა ცვლის ინტერნეტსივრცეში აქტიურად ჩართული ქალების მოქმედებების მანერას. ბევრი ქალი უკვე ორჭოფობს, გამოთქვას თუ არა საკუთარი აზრი რომელიმე საკითხზე. თავდაცვის მიზნით, ისინი ერთგვარ თვითცენზურას მიმართავენ. კვლევის თანახმად, ყოველი მეორე ქალი, რომელსაც მსგავსი გამოცდილება აქვს, სოცქსელებში დისკუსიას ერიდება. ქალი პოლიტიკოსები ან უყურადღებოდ ტოვებენ თავიანთ პოსტებს, ან საერთოდაც უარს ამბობენ ამგვარ აქტივობაზე, ხვდებიან რა, რომ არ შეუძლიათ ამდენი ონლაინ სიძულვილთან გამკლავება.
ჟურნალისტი ქალები, ინტერნეტიდან გადმოღვრილი სიძულვილის გამო, დეპრესიული მდგომარეობითა და შიშის შეტევებით იტანჯებიან, ცდილობენ, ნაკლებად წერონ გარკვეულ თემებზე და საქმიანობის შეცვლაზეც ფიქრობენ. ის ყველაფერი, რასაც ქალებმა ფემინისტური მოძრაობის ჩასახვიდან დღემდე მიაღწიეს, ქსელებში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
საიდუმლო სულაც არაა, რომ ბევრი ქალი, რომელიც ცდილობდა, ამ ყველაფერს შეწინააღმდეგებოდა და პოლიციისთვის მიემართა, დაცინვის საგანი გამხდარა. მათ გამუდმებით ეკითხებიან, “რატომ იქცევიან ასე პროვოკაციულად” და უბრალოდ რატომ არ შლიან თავიანთ ანგარიშებს ფეისბუქზე, თუ მართლა ასე ცუდადაა საქმე. პროკურატურის ორგანოები სწრაფად ხურავენ საქმეებს, რადგან ქალთა წინააღმდეგ ძალადობას სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებად არ განიხილავენ და არ სჯიან მას. იგივე ითქმის მოსამართლეებზე, რასაც რენატა კიუნასტის შემთხვევაც ადასტურებს. ბერლინის სასამართლომ დაადგინა, რომ სიტყვის თავისუფლების პრინციპის დაცვის სახელით, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა უნდა მოითმინოს, რომ სოციალურ ქსელებში “ბინძურ ძუკნას” და “ნეხვის გროვას” უწოდებენ.
საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ქალების მიმართ ინტერნეტით გადმოღვრილი სიძულვილი არც წვრილმანია და არც – შემთხვევითობა. ამისათვის საჭიროა, რაც შეიძლება ბევრმა ქალმა იმუშაოს მმართველ პოზიციებზე, ასევე, სპეციალური სემინარები და ხელმძღვანელობის კულტურა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დამცრობილ და უგულებელყოფილ არ იქნას. ბოროტმოქმედთა დაუსჯელობა კი, დღითიდღე სულ უფრო და უფრო ნორმალურ მოვლენად აქცევს ქალთა მიმართ სიძულვილსა და ძალადობას.
ჩვენ, როგორც ამ საზოგადოების წევრებს, ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია იმ წითელი ხაზების განსაზღვრაში, რომლის გადაკვეთაც არავისთვის იქნება ნებადართული. ამით, ყველა ქალს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ. კონკრეტულად, საქმე ეხება კომენტარებში, პირად წერილებსა და რეტვიტებში სოლიდარობის გამოხატვას იმ ქალთა მიმართ, რომელთა გაჩუმებასაც ასე მონდომებით ცდილობენ. იმის გაცნობიერება, რომ მარტო არ არიან, სერიოზული სტიმულია აქტივისტი ქალებისთვის და მათ იმის გამძლეობას ანიჭებს, ამ სიძულვილს მედგრად გაუმკლავდნენ.
ისევ ჩვენი სტატიის გმირს, ანას დავუბრუნდეთ, რომელიც პოლიციამ შინ ბევრჯერ გააბრუნა. მას რამდენჯერმე მოუწია საცხოვრებლის გამოცვლა, მაგრამ რადგან ინტერნეტში მისი საცხოვრებელი მისამართი სულ ჩნდებოდა, მას გამუდმებით ემუქრებოდნენ “შინ მიჭრით”. ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაცია HateAid-ის მეშვეობით, მან პოლიციაში იმ კაცს უჩივლა, რომელიც მას სიკვდილით დასჯით ემუქრებოდა. იგი დღემდე იბრძვის სიძულვილის წინააღმდეგ, თუმცა, მის გამო, ღამით ძილი მუდმივად გამტყდარი აქვს. მისი თქმით, ინტერნეტი ერთადერთი ადგილია, სადაც პოლიტიკურად აქტიური მიგრანტი ქალის პოზიციების დაცვა შეუძლია, და მას ამის დაკარგვა არ სურს.
სტატიის ორიგინალი იხილეთ: ipg-journal.de