ქორწინების პირველივე დღეებიდან, ლ. ბ.-ზე* ქმარი უსაშინლესი ფორმით, ყოველდღიურად ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. 6 თვის ფეხმძიმემ მოძალადე ქმრის მიტოვების გადაწყვეტილება მიიღო. ყოფილმა ქმარმა შური სასტიკად იძია: ლ-ს 18 წლის ბიძაშვილი მოუკლა.
ლ. ბ.: ჩემი ყოფილი ქმარი ვერაფრით ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ გავშორდი: ერთ დღეს ამბობდა, რომ „ცუდი ქალი“ ვიყავი და თვითონ „გამომაგდო“, მეორე დღეს – რომ მე მივატოვე, მესამე დღეს შერიგებას მეხვეწებოდა და მპირდებოდა, რომ „ოღონდაც ახლა დავთანხმებოდი, და ყველაფერი სამუდამოდ გამოსწორდებოდა“. არავინ იცის, სინამდვილეში რა უნდოდა. მუქარის დროს ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანების დახოცვას აპირებდა, რათა სრულიად მარტო დავრჩენილიყავი და კვლავ მასთან მივბრუნებულიყავი. ამის გამო, ნამდვილი ჯოჯოხეთის გამოვლამ მომიწია, და ამ ყველაფერს სრულიად უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. 18 წლის ბიძაშვილი მხოლოდ იმიტომ მომიკლა, რომ გავემწარებინე.
ჩემი ბიძაშვილი კუს ტბაზე მოტყუებით დაიბარა, გოგოს სახელით ემესიჯებოდა. პარალელურად, ემესიჯებოდა ჩემს მეგობარს და ჩემს ძმასაც. რა თქმა უნდა, სამმა ადამიანმა, ერთმანეთის დამოუკიდებლად, არაფერი იცის, – ვის ვინ ემესიჯება. სამივე დაიბარა კუს ტბაზე, ანუ სამივე უნდა მოეკლა. მართლაც ასრულებდა თავის პირობას, როცა მითხრა, ირგვლივ ყველას რომ დაგიხოცავ, ნათესავებიც გაგრიყავენ, მეგობრებიც, ოჯახიც, მარტო დარჩები და ისევ ჩემთან მოხვალო.
ამ ტექსტურ შეტყობინებებს ყურადღება არც ჩემმა მეგობარმა მიაქცია და არც – ჩემმა ძმამ. კუს ტბაზე მხოლოდ ჩემი ბიძაშვილი ავიდა. მთელი მჭიდი დააცალა, საკონტროლო გასროლით მოკლა, ბოლო ტყვიით.
მსხვერპლი რა ნიშნით შეარჩია?
მოკლულს არც კი იცნობდა. საერთოდ სხვა ადამიანების გამო ვშიშობდი, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ჩვენს გაცილებაში მონაწილეობდა. მართლა ვერ წარმომედგინა, რომ სამიზნედ ისეთ ადამიანს აირჩევდა, ვინც საერთოდ არაფერი იცოდა ჩვენი ურთიერთობის.
რამდენი წელი მოიხადა?
11 წელი და თვეები იჯდა. მისი ჩემზე ძალადობის ისტორია კი ჩვენი ქორწინებისთანავე, 2005 წლიდან, იწყება.
როგორც ვიცი, ციხიდანაც გემუქრებოდათ?
ციხიდანაც არ მასვენებდა, მემუქრებოდა, მლანძღავდა. ციხეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავუძლებ, რომ გამოვიდე და შენ მშვიდი ცხოვრების საშუალება არ მოგცეო. ბოლოს, ტელეფონის ნომერი შევცვალე და ვეღარ მიკავშირდებოდა. დასკვნა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ გამოთხოვილი გვაქვს და პროცესზე გავიგებთ.
…და ამ სასტიკი მკვლელობის შემდეგაც კი, პოლიცია დახმარებაზე უარს გეუბნებოდათ?
პოლიციისთვის მკვლელობამდეც არაერთხელ მიმიმართავს. სიტყვასიტყვით განვუმარტე, კაცი იმუქრება, რომ ვიღაცას მოკლავს, ამ მუქარას აუცილებლად მსხვერპლი მოჰყვება-მეთქი, მაგრამ პასუხად სრული გულგრილობა მივიღე. სურათი ოდნავადაც არ შეცვალა მკვლელობის ამ საზარელმა ამბავმაც კი.
სასჯელი შარშან მოიხადა. ციხიდან გამოვიდა თუ არა, მაშინვე ჩემს სახლთან მოვიდა, ბარგით, შორიახლო ტრიალებდა. ამასობაში, მე მეორედ დავქორწინდი და სწორედ მეორე დღეს ქორწილი მქონდა.
თქვენთან დაუყოვნებლივ მოსვლის მიზეზად ბავშვის ნახვის სურვილი დაასახელა?
წინასწარ გადაწყვეტილი მქონდა, რომ როდესაც ციხიდან გამოვიდოდა და ბავშვთან ურთიერთობას მოითხოვდა, ამაში ხელი არ შემეშალა. მიმაჩნდა, რომ ჩვენი კონფლიქტები და მტრობა ბავშვზე არანაირი ფორმით არ უნდა გავრცელებულიყო. ბავშვი ისე გავზარდე, მამამისზე აუგი არასოდეს მითქვამს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ჩემმა ყოფილმა ქმარმა რამდენიმე დღე ბავშვი ვერ ნახა – როგორც უკვე ვთქვი, ქორწილის სამზადისში ვიყავით, თან ბავშვის მამასთან შეხვედრისთვის შესამზადებლად დრო მჭირდებოდა. ეს რამდენიმე დღე მუქარასა და ლანძღვაში გაილია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი მეუღლის თანხლებით, ბავშვი მაინც ვაჩვენეთ.
ბავშვს მამის მიმართ ანტიპათია პირველივე შეხვედრაზე გაუჩნდა: არაადეკვატური ქცევებით და გაუთავებელი შენიშვნებით შვილი ისე დააფრთხო და შეაშინა, რომ გამოაცხადა, სკოლაში მარტო არ ვივლი, ამ კაცის ნახვა აღარ მინდაო.
ამ ყველაფერმა ჩემი ყოფილი ქმარი უკიდურესად გააღიზიანა, ისევ მუქარები და დესტრუქციული ქცევები განაახლა. პოლიციას მივმართე, მაგრამ ამაოდ: მხრები აიჩეჩეს და მითხრეს, რომ „ასეთ შემთხვევებში პრევენციული ზომები არ არსებობს“.
ბავშვზეც ძალადობდა?
სკოლაში ხვდებოდა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ვიდეოს უღებდა, ბავშვის წინაშე გაუთავებლად მლანძღავდა, მაგინებდა. ჩემი შვილისთვის ასეთი ურთიერთობა წარმოუდგენელია. შესაბამისად, მამის მიმართ ანტიპათია და მიუღებლობა გაუჩნდა.
ამ სიტუაციაში, რამდენად ქმედითია თუნდაც შემაკავებელი ორდერის გამოწერა?
„საფარის“ დახმარებით, შემაკავებელიც გამოუწერეს, მაგრამ მისთვის ამის დარღვევის პრობლემა საერთოდ არ არსებობდა. უამრავჯერ მინახავს ჩემი სახლის მახლობლად, მეზობლებსაც შეუმჩნევიათ და გავუფრთხილებივარ, პატრულიც გამომიძახებია, მაგრამ შედეგი – არანაირი.
მეტსაც გეტყვით: ორსულად ვარ და მალე ვიმშობიარებ კიდეც. მთელი ორსულობის მანძილზე, ჰაერზე არ გამისეირნია. ჩემი „ჰაერზე გასვლა“ არის „საფარის“ ოფისში სტუმრობა, სასამართლოში სიარული ან ექიმთან ვიზიტი. სახლში მუდმივად გამოკეტილი ვიყავი. როგორ გავსულიყავი გარეთ, როცა იქ მელოდებოდა კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ბენზინს გადამასხამდა და დამწვავდა, ან მუცელს გამომიფატრავდა? ჩემთვის აღარც დაბადების დღე არსებობდა, აღარც – მეგობრები. ნოემბრის თვიდან მოყოლებული, ასეთ საშინელ სტრესში ვცხოვრობდი. ჩემი ამჟამინდელი მეუღლე ჩემი დარაჯი დახდა, ბევრ საქმეზე უარის თქმა უწევს იმის გამო, რომ მუდმივად ჩემ გვერდით უნდა იყოს. ეს ყველაფერი, გარდა ფსიქოლოგიური წნეხისა, ჩვენს ფინანსებზეც ძალიან ცუდად აისახა.
„საფარი“ კონკრეტულად რაში დაგეხმარათ?
ამასობაში, სასამართლოდან უწყება მომივიდა, ბავშვის ნახვის უფლებებთან დაკავშირებით. აი მაშინ მივხვდი, რომ მარტო, თუნდაც ჩემი ახლობლების თანადგომის იმედზე, ამ სიტუაციას ვეღარ გავუმკლავდებოდი. ამიტომაც, მივმართე „საფარს“. ორგანიზაციის ორივე იურისტის დახმარება დამჭირდა, – როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე.
პირველივე სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, რომ ეს კაცი არაადეკვატური იყო, მოძალადე. მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რომელიც გაასაჩივრა. სისხლის სამართლის ოთხი პროცესი მოვიგეთ, ჩემი ყოფილი ქმარი ამჟამად დაკავებულია, სამოქალაქო დავა კი გრძელდება.
არც კი ვიცი, რა ვთქვა „საფარის“ მისამართით, არც კი ვიცი, რა დღეში ვიქნებოდი, რომ არა „საფარის“ იურისტების დახმარება. არაცივილიზებული გზით პრობლემის მოგვარება მე არ მწამს, ცივილიზებული გზით კი ამ ადამიანის განეიტრალება ვერც კი წარმომედგინა, მით უფრო, რომ პოლიცია ამ ამბავში საერთოდ ვერაფრით ვერ დამეხმარა.
*ბენეფიციარის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მისი ინიციალები შეცვლილია.
ესაუბრა შორენა გაბუნია