სექსუალური შევიწროება

Apple-ის ხელმძღვანელობას სექსიზმსა და ქალთა უფლებების დარღვევაში სდებენ ბრალს

Apple-ის შვიდი ყოფილი თანამშრომელი ქალი ანონიმურ წერილში იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ ახალისებს კორპორაციის ხელმძღვანელობა თანამშრომლების აგრესიულ შინაგან კულტურას და თუ როგორი ნული რეაქცია აქვს მას სექსიზმისა და ქალთა დისკრიმინაციის გამოვლინებებზე.

კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი გოგონა აცხადებს, რომ სამსახურში დაიღალა მუდმივი სექსუალური შევიწროებისა და სექსიზმისგან. მისი თქმით, 2016 წლის ივნისში Apple-ის ოფისში გამოჩნდა უცნობი კაცი, რომელზეც კორპორაციის თანამშრომლებმა იხუმრეს, შენობაში ყველა ქალისა და გოგოს გაუპატიურებას გეგმავსო. გოგონამ ეს გააპროტესტა, თუმცა მისთვის მხარი არავის დაუჭერია. უფრო მეტიც: მან ამ შემთხვევასთან დაკავშირებით წერილი ტიმ კუკს მისწერა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

კორპორაციის სხვა ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა აღიარა, რომ ერთ-ერთ თათბირს უამრავი კაცი და არც ერთი ქალი ესწრებოდა. თათბირის ყველა მონაწილემ უხეში ხუმრობები იწყო საკუთარ ცოლსა თუ პარტნიორ ქალზე, ხოლო საჩივრის ავტორის პირდაპირ ხელმძღვანელს მათთვის არანაირი შენიშვნა არ მიუცია.

Apple-ის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ქალი ჩივის იმაზე, რომ ისინი არ დააწინაურეს, ხოლო მათ სამიზნე პოზიციაზე კაცები აიყვანეს. ერთ-ერთი ქალის თქმით, მას საშუალება არ მისცეს, უფრო მაღალ პოზიციაზე საკუთარი ძალები ეცადა, მიუხედავად მის მიერ საჭირო გამოცდილებისა და უნარების ქონისა. „ამ ვაკანსიებზე კონკურსი საჯარო იყო. ჩემმა ბოსმა ისინი ორი კაცით შეავსო“, – დასძინა მან.