„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგი გამართეს და „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
არასამთავრობოების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ „მეგობარი აქტი” საქართველოს რუსული, ჩინური და ირანული გავლენების დაძლევასა და დემოკრატიის განმტკიცებაში დაეხმარება, ამიტომაც მათი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ 22 მარტს, „მეგობარი აქტის” მხარდამჭერ აქციაში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. 27 მარტს ამერიკის სენატი “მეგობარი აქტს “განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს.
“მეგობარი აქტის” წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს.
22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე, “მეგობარი აქტის” მხარდამჭერი მარში გაიმართება.
“საქართველო ათწლეულებია ჰიბრიდული ომის მსხვერპლია! ჩვენ დღესაც ვებრძვით რუსულ მარიონეტულ რეჟიმს, რომელიც ემუქრება ქვეყნის დემოკრატიას, თავისუფლებასა და განვითარების შესაძლებლობებს. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს ჩინური და ირანული გავლენების ზრდა საქართველოში, რაც უკვე დიდი საფრთხეა მთელი რეგიონისთვის. ქართველი ხალხი არ ნებდება და განაგრძობს ბრძოლას! 100 დღეზე მეტია, გმირულად იბრძვის უწყვეტი პროტესტით.
თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ და აშშ-ს გავერთიანებს. სწორედ ამიტომ ამერიკა უკვე 35 წელია საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ამ რთულ პერიოდში კი „მეგობარი აქტი“ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტია, რომელიც დაეხმარება საქართველოს რუსული, ჩინური და ირანული გავლენების დაძლევასა და დემოკრატიის განმტკიცებაში.
საქართველოს მოქალაქეებს კი ვთხოვთ, ერთად ვიდგეთ და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველო ირჩევს თავისუფლებას, დემოკრატიასა და დასავლურ მომავალს!
ერთად გავიმარჯვებთ!”