"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარის საქმე: მსხვერპლს მოძალადის სტატუსი მოეხსნება

2020  წლის  26  აპრილს, საფარს დახმარებისათვის მიმართა ძალადობის მსხვერპლმა ბელა  პატაშურმა. ის ძმისგან და დედისგან ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონომიურ ძალადობას განიცდიდა.

2020 წლის 19 მარტს, ბელა პატაშური გუდაურიდან დაბრუნდა, რა დროსაც მის მიმართ  ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიყენეს. ნაცვლად მსხვერპლისა, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიდან პატაშურის გამოდევნის მიზნით, პოლიციას მიმართა მისმა ძმამ გიორგი პატაშურმა. ძალადობის ადგილას მისულმა პოლიციამ, ნაცვლად იმისა, რომ გამოერკვია რეალური მოძალადე  და მსხვერპლი და საქმის გარემოებები შეეფასებინა ობიექტურად, შემაკავებელი ორდერი გამოსცა  ბელა პატაშურის მიმართ, მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ქალის ძმა პოლიციისგან შემაკავებელი ორდერის გამოცემას მოითხოვდა.

შემაკავებელ ორდერში მითითებული იყო, თითქოს ბელა პატაშურს ჰქონდა ფსიქიკური  პრობლემები და იყო აგრესიული, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ვინაიდან ბელა პატაშურს წასასვლელი არსად ჰქონდა, ის დარჩა მის ფაქტობრივ საცხოვრებელ  სახლში.

2020 წლის 24 მარტს, ბელა პატაშურზე ფიზიკურად იძალადა დედამისმა მარიამ პატაშურმა, რა დროსაც, მსხვერპლმა თავის ქალის  ტრავმა მიიღო. მან დახმარებისათვის შსს წარმომადგენლებს მიმართა, რომლებმაც მარიამ პატაშურის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს და დაიწყეს  გამოძიება ძალადობის  ფაქტზე. ამავდროულად, დაიწყო გამოძიება ბელა პატაშურის მიმართ, მის  მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე, ვინაიდან მან არ დატოვა ის სახლი, სადაც  გიორგი პატაშური ცხოვრობდა. 2020  წლის 24 მარტს, ბელა პატაშური პოლიციის დახმარებით  გაემგზავრა გუდაურში, სადაც  დაჰყო 1 თვე; პანდემიისა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო, მან ვერ შეძლო შემაკავებელი ორდერის გასაჩივრება.

საფარმა ბელას სამართლებრივი დახმარება გაუწია, გასაჩივრდა და მოთხოვილ იქნა, ბათილად ცნობილიყო მოპასუხის – გამოძიების მიერ 2020 წლის 19 მარტს  გამოცემული შემაკავებელი ორდერი. დაცვის მხარემ მოიპოვა არაერთი მტკიცებულება და  წარმოადგინა მოწმე, რის შედეგაც, მცხეთის სასამართლომ გააუქმა ბელა პატაშურის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ბელა პატაშურს მოძალადის სტატუსი მოეხსნება და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება.

“როცა ხედავ, რომ გენდობა, შენი ტკივილი ესმის, ღირსეულია და თავისი საქმის პროფესიონალი, და პირველ რიგში ადამიანი… თუ ვერ იადამიანე, ვერანაირი პროფესია ღირსებას ვერ შეგმატებს. ადამიანი ალამაზებს ყველაფერს, იმ ბნელი დღეებიდან. შენ მე ეს იმედით სავსე დღე მაჩუქე… მადლობა საფარს, მადლობა ელისო რუხაძეს, შენნაირი ადამიანები ბევრნი უნდა იყვნენ!”, – განაცხადა ბენეფიციარმა მადლობის ნიშნად.

საფარი კვლავ განაგრძობს ბელა პატაშურის დაცვას სისხლის სამართლის საქმეზე.

“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.