ბლოგები

წერილი კაცებს

დისკუსიებში ხშირად მხვდება, რომ მკვლელი კაცი სწორედ დედამ გაზარდაო მკვლელად. ეს არის მცდელობა, ისევ ქალი დაადანაშაულო ფემიციდში, ამჯერად დედა…
რატომ კლავენ კაცები ცოლებს? ვის რას უმტკიცებენ ამით? ვისთან იწონებენ “კაცურკაცობით” თავს, თუ არა ისევ კაცებთან? ვისი დაცინვისა ეშინიათ კაცებს, თუ არა ისევ კაცების? არიქა, ემანდ, ვინმემ არ თქვას, რომ მაგას “ცოლი გეექცა”, მაგას “ცოლი გაუბოზდა” – ვისი შიშია ეს, თუ არა კაცებისა?!
კაცები ერთმანეთისთვის “კაცობის” დასამტკიცებლად კლავთ ქალებს!
ჰოდა, როდესაც შემდეგ ჯერზე ფემიციდის მიზეზებს დაუწყებთ ძებნას, ნურც ცოლისკენ გაიშვერთ ხელს და ნურც – დედისკენ. სხვა კაცების შიშით, “კაცობის” დაკარგვის შიშით კლავთ ქალებს, კაცებო! და ძალიან გთხოვთ, ამას ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ.
პატრიარქატს აცოცხლებენ და იცავენ კაცები. პატრიარქატს პრივილეგიები მხოლოდ კაცებისთვის მოაქვს. “კაცური კაცობის” წნეხი პატრიარქალური წნეხია, და სანამ კაცები არ დაიწყებთ პატრიარქატის ნგრევას ქალებთან ერთად, მანამდე მოგიწევთ მოკლული ქალების გვამების ყურება…
და თუ გული მართლა შეგტკივათ მოკლულ ქალებზე, დაამხეთ პატრიარქატი და გაათავისუფლეთ ერთმანეთი პატრიარქალური წნეხისგან, კაცებო!