სიახლეები

9 სექტემბერს, 17:00 საათზე ბაია პატარაია “პირბადეების საქმეზე” სასამართლოში გამოიკითხება

დღეს, 9 სექტემბერს, 17:00 საათზე, ორგანიზაცია საფარის დირექტორი ბაია პატარაია, ე.წ. პირბადეების საქმის ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. 

საფარმა უკვე აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საფარის ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის შესაძენად, სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ჩვენს წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ გამოძიება მიმართულია იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლებებს წლებია იცავენ. ეს არის რუსული სტილის რეპრესია, რომელსაც რეჟიმი კრიტიკული ხმების ჩასახშობად და სამოქალაქო საზოგადოების გასაქრობად იყენებს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამავე საქმის ფარგლებში, პროკურატურის მოთხოვნით, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო შვიდი ორგანიზაციის ანგარიშს, მათ შორის საფარისას, თუმცა, მიუხედავად ამისა, საფარის გუნდი მუშაობას მოხალისეობრივად ვაგრძელებთ და ყველა იმ ქალისა და ბავშვის უფლებებს ვიცავთ, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება.

საფარი და მისი ხელმძღვანელი ბაია პატარაია მზად არიან გამოიყენონ ყველა სამართლებრივი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. ვაგრძელებთ ბრძოლას ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობისთვის.