2024 წლის 1 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 56-ე სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომის ფარგლებში ადამიანის უფლებათა სახლმა უმასპინძლა ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა იყო – “მზარდი ავტორიტარიზმი და მისი გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე აღმოსავლეთ ევროპაში“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საფარის აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია. მან ისაუბრა მსოფლიოში მზარდ ავტორიტარიზმსა და რუსულ კანონზე, რომელიც საფრთხეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისთვისაც. ასევე, ბაია პატარაიამ საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში მშვიდობიანი პროტესტის დარბევაზე და უფლებათა დამცველების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე ილაპარაკა.
ბოლო დროს აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში თვალსაჩინო გახდა ავტორიტარიზმის მკვეთრი ზრდის ტენდენცია. ეს ზრდა გამოიხატება იმ კანონმდებლობის შემოღებაში, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავისუფალი სივრცის შეზღუდვას, ადამიანის უფლებათა დამცველების დევნას, დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიასა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობას.