BBC-ის ჟურნალისტები სკოლებში ბავშვებს ყალბი ნიუსების ამოცნობის ხერხებს შეასწავლიან.
დასახელებული ინიციატივა იმ ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ იქნა მიღებული, რომელიც, კორპორაციის თქმით, „ემუქრება ფაქტებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ დებატებს და ჟურნალისტიკის მიმართ ნდობას“.
ბიბისის ჟურნალისტები 1000 სკოლაში იმუშავებენ. მათ რიცხვში შედიან ჰიუ ედვარდსი (Huw Edwards), ტინა დაჰელი (Tina Daheley), ნიკი ფოქსი (Nikki Fox), ქამალ აჰმედი (Kamal Ahmed) და ამოლ რაჯანი (Amol Rajan).
ამ ზომების მიღება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც კავშირგაბმულობის მარეგულირებელმა კომპანიამ Ofcom-მა გაფრთხილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბავშვები ყალბ ნიუსებს ყველაზე მეტად იჯერებენ. 12-15 წლის მოზარდებს მიაჩნიათ, რომ უჭირთ სინამდვილის გარჩევა სოციალურ მედიაში გავრცელებული სიყალბისგან.
წლიური გეგმა, რომელშიც მიმდინარე წლის პრიორიტეტებია გაწერილი, ასევე გაითვალისწინებს ბიბისის გავლენას საზოგადოებასა და იზრუნებს იმ ხერხებზე, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია განსხვავებული პოლიტიკური თვალთახედვის მქონე ჯგუფების გასაერთიანებლად.
“იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა სულ უფრო და უფრო ნაწევრდება და ითიშება, ბიბისი მაქსიმალურად გააფართოებს ქვეყნის გაერთიანების შესაძლებლობებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ახლა, როცა დიდი ბრიტანეთი დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობის გადახედვას აპირებს“, – ნათქვამია გეგმაში.
გეგმაში გაწერილია საშუალებები, რომლის მიხედვითაც BBC ინვესტირებას გეგმავს ისეთ ახალ კონტენტში, რასაც „არც ერთი სხვა მაუწყებელი არ მოკიდებდა ხელს“.
აგრეთვე, გათვალისწინებულია iPlayer-ის გაუმჯობესება, რათა გამომწერთათვის ბევრად პერსონიფიცირებული და მდიდარი კონტენტის მქონე სერვისის მიწოდება გახდეს შესაძლებელი, და „გადაეწყოს“ ახალი თაობისთვის.
„BBC-ის შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დიდი ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვან მომენტში, და იგი ამას გააკეთებს კიდეც. ჩვენი მიზანი იქნება, საზოგადოება გავაერთიანოთ და ნამდვილი ნიუსები და ყალბი ფაქტები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. სამყარო სწრაფად იცვლება და ბრიტანული მედიასექტორი მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძ მაგალითად რჩება. ჩვენ უნდა განვამტკიცოთ და დავიცვათ იგი ახალი გლობალური გამოწვევებისგან“, – ამბობენ კომპანიაში.
წყარო: telegraph.co.uk