ამიერიდან, ბერლინის კინოფესტივალზე გაუქმდება ცალ-ცალკე ჯილდოები ქალისა და კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. ბერლინალეს ორგანიზატორები ამას ქალთა სტრუქტურული დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ სწრაფვით ხსნიან.
ასევე, გაერთიანდება ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელთათვისაც.
კინოფესტივალის ორგანიზატორები მარიეტ რისენბეკი (Mariette Rissenbeek) და კარლო კატრიანი (Carlo Chatrian) ამბობენ, რომ ჯილდოებისთვის გენდერულად ნეიტრალური სახის მიცემა კინოინდუსტრიაში სქესთა თანასწორობას შეუწყობს ხელს.
ასევე, როგორც მინიმუმ დროებით, სახელს იცვლის კინოხელოვნებაში ახალი გზების გაკაფვისთვის დაწესებული „ალფრედ ბაუერის ვერცხლის დათვის“ ჯილდო. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფესტივალის დამაარსებელი ალფრედ ბაუერი, რომელიც 1986 წელს გარდაიცვალა, ნაცისტთა კინემატოგრაფიულ ბიუროკრატიაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი. ამ ინფორმაციის საბოლოოდ გადამოწმებამდე, პრიზს ბაუერის სახელი აღარ ერქმევა.
ამ მომენტისთვის, 2021 წლის ბერლინალეს ორგანიზატორები ჯერჯერობით მის ჩატარებას თავდაპირველად დანიშნული თარიღით, 11-21 თებერვალს, აპირებენ, მკაცრი ანტიეპიდემიური ზომების მიღების ფონზე. ცერემონიის ნაწილი ონლაინ გაიმართება.
კინოფესტივალთან დაკავშირებული კონკრეტული ზომები უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება. 2020 წელს, ბერლინის კინოფესტივალმა ისე ჩავლა მოასწრო, სანამ ევროპაში Covid-19-ის აფეთქება ეპიდემიაში გადაიზრდებოდა. სამაგიეროდ, კანის ფესტივალის გაუქმება გახდა საჭირო.
„ფესტივალი ჩაივლის იმ მომენტისთვის არსებული წესებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ყველა სტუმრისთვის მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – განაცხადეს რისენბეკმა და კატრიანმა.
ბერლინის კინოფესტივალზე ქალი და კაცი მსახიობებისთვის ჯილდოები 1956 წლიდანაა დაწესებული.