ცნობილ ფრანგ საარბიტრაჟო ადვოკატს ჟან-ჟორჟ ბეტოს (Jean-Georges Betto), მის იურიდიულ კომპანიაში „არაჯანსაღი, სექსუალიზებული გარემოს“ შექმნის გამო, პარიზის ადვოკატთა საბჭომ სანქციები დააკისრა.
17 დეკემბერს, პარიზის ადვოკატთა კოლეგიის დისციპლინურმა საბჭომ დაადგინა, რომ ბეტომ დაარღვია „ჰუმანურობის, ღირსების, დელიკატურობის, ზომიერებისა და თავაზიანობის ძირითადი პრინციპები“ – საფრანგეთის იურისტებისთვის აუცილებელი შიდა წესები.
კოლეგიამ დაადგინა, რომ ბეტო თავის საქმიანობას უნდა ჩამოშორდეს 12 თვით. აგრეთვე, მას 5 წლით შეუჩერდა პარიზის ადვოკატთა საბჭოს, ადვოკატთა ეროვნული საბჭოს და სხვა პროფესიული ორგანიზაციების წევრობა.
ბეტო პარიზის ადვოკატთა საბჭოს არჩეული წევრი იყო 2018 წლიდან. იგი პრეზიდენტობაზეც აპირებდა კანდიდატურის წამოყენებას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მას პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრას 5 წლის ვადით უკრძალავს.
გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუ ბეტო მას პარიზის სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრებს.
სხვადასხვა ყოფილი თანამშრომლის ჩვენებაზე დაყრდნობით, დისციპლინარულმა საბჭომ აღმოაჩინა, რომ ბეტომ შექმნა „შიშისა და დამცირების ატმოსფერო“, რომელიც კომპანია Betto Seraglini-ში 2013-2017 წლებში სუფევდა. აქ, ბეტო თანამშრომლების თანდასწრებით ხშირად საუბრობდა თავის პირად ცხოვრებაზე, სექსუალურ თავგადასავლებზე, საჯაროდ აკეთებდა კომენტარებს თანამშრომლების ჩაცმულობაზე, ფიზიკურ მონაცემებსა და სექსუალურ ცხოვრებაზე.
ასევე, დადგინდა, რომ იგი თანამშრომლებთან „დილის კოცნას“ იყენებდა, მხრებს უმასაჟებდა და სულაც არ ეკითხებოდა მათ, თანახმანი იყვნენ თუ არა ამაზე. მომჩივანთა განაცხადებში საუბარი იყო სხვადასხვა სახის ხშირი ფიზიკურ კონტაქტზე ბეტოს მხრიდან, მათ შორის, „უადგილო ჩაცმულობის“ გამო შენიშვნისას ზურგზე თითის ჩაყოლებაზეც. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, ბეტომ მას უკანალზე ფოტო გადაუღო იმ დროს, როდესაც მისი თხოვნით, ფანჯარას ხურავდა.
დადგინდა, რომ ადვოკატის მსგავსმა დამოკიდებულებებმა თანამშრომლებისა და სტაჟიორების მიმართ შექმნა „შიშისა და დამცირების ატმოსფერო“ სამუშაო ადგილზე.
საფრანგეთში ადვოკატების წინააღმდეგ სანქციები დიდი იშვიათობაა. საფინანსო გამოცემა Les Echos-ს გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2012 წელს ერთი ადვოკატის „არაჯეროვანი ქმედების“ გამო გაფრთხილების გარდა, ფრანგულ იურიდიულ საზოგადოებაში ბოლო წლებში მსგავსი არაფერი მომხდარა.
წყარო: globalarbitrationreview.com