თანასწორობის პოლიტიკა

კვლევა: შავკანიან ბავშვებს გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, თუ მათზე შავკანიანი ექიმები ზრუნავენ

ახალი კვლევის თანახმად, შავკანიან ჩვილებს გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, თუ მათი ექიმი ასევე შავკანიანია.

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (Centers for Disease Control and Prevention, CDC) შარშან გამოქვეყნებული კვლევა გვიჩვენებს, რომ შავკანიან წლამდე ასაკის ჩვილებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორჯერ მეტია, ვიდრე – თეთრკანიანებში, მიუხედავად დედის შემოსავლისა და განათლების ხარისხისა.

ბოლო ასწლეულის მანძილზე, ჩვილთა სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა ჰიგიენის, კვებისა და ჯანდაცვის სფეროების გაუმჯობესების წყალობით, მაგრამ უთანასწორობა შავკანიანებსა და თეთრებს შორის გაიზარდა.

ამ უთანასწორობას უამრავი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის – სტრუქტურული და სოციალური რასიზმი, ტოქსიკური სტრესი და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

Proceedings of the National Academy of Sciences-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ამ საკითხში მკურნალი ექიმის რასობრივი მიკუთვნებულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

კვლევის პროცესში, 1992 წლიდან 2015 წლამდე ფლორიდის საავადმყოფოებში გაკეთებული 1,8 მილიონი ანკეტა შემოწმდა. დადგინდა იმ ექიმების რასაც, რომლებიც ახალშობილებს მეთვალყურეობდნენ.

შედეგად გამოვლინდა, რომ თეთრკანიანი ექიმების მეთვალყურეობისას, შავკანიანი ბავშვების სიკვდილიანობის ალბათობა დაახლოებით 3-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე – თეთრკანიან ბავშვებში.

ეს მაჩვენებელი ორჯერ მცირდება შემთხვევებში, როდესაც შავკანიან ბავშვებს შავკანიანი ექიმები მეთვალყურეობდნენ.

შემაძრწუნებელია, მაგრამ გართულებული მშობიარობისას ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ საავადმყოფოებში, სადაც შედარებით მეტი შავკანიანი ბავშვი იბადებოდა, მიუთითებს იმაზე, რომ ამ საკითხში ინსტიტუციური ფაქტორები მოქმედებს.

კვლევამ მნიშვნელოვანი სტატისტიკური ბმა ვერ აღმოაჩინა დედათა სიკვდილიანობის რისკის მაჩვენებელთან (რაც ასევე მნიშვნელოვნად მაღალია შავ და ფერადკანიან ქალებს შორის) ექიმის რასის კავშირი.

ბრედ გრინვუდის (Brad Greenwood), ვირჯინიის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის წამყვანი ავტორის თქმით, ის საკითხი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მეთვალყურე ექიმის რასა შავკანიანი ბავშვების სიკვდილიანობის საკითხში, შემდგომ კვლევებს საჭიროებს, მაგრამ მისი წყალობით, შავკანიანი ექიმები მეტად მორგებულნი გახდებიან რისკის სოციალური ფაქტორების მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანია თეთრკანიანი ექიმების გაუცნობიერებელი რასიზმი შავკანიანი ქალებისა და მათი შვილების მიმართ.

საყურადღებოა, რომ თეთრკანიანი ბავშვების გადარჩენაზე ექიმის რასა ნაკლებ გავლენას ახდენს. ამერიკის სამედიცინო კოლეჯების ასოციაციის მონაცემებით, ექიმების მხოლოდ 5%-ია შავკანიანი, და გრინვუდი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი მრავალფეროვნების მწვავე დეფიციტს განიცდის.

„კვლევა გვიჩვენებს, რომ სტერეოტიპები და ფარული წინასწარგანწყობები ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. მასში, ასევე ვხედავთ, რომ საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მსგავსი წინასწარგანწყობების აღმოსაფხვრელად რესურსი და ძალისხმევაა საჭირო. ასევე, საკვლევია მათი კავშირი ინსტიტუციურ რასიზმთან“, – დასძენს მკვლევარი.

მონაცემები ასევე ასახავს იმ კლინიკურ შედეგებს, რომელიც პენსიაზე გასულმა მეან-გინეკოლოგმა და ოჰაიოს უნივერსიტეტის რასისა და ეთნიკური კუთვნილების შესწავლის ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელმა, დოქტორმა არტურ ჯეიმსმა (Arthur James) მიიღო.

ჯეიმსი დასავლეთ მიჩიგანში იმ შავკანიანი მეანების ჯგუფში შედიოდა, რომელიც ღარიბ, დაზღვევის არმქონე პაციენტებს ემსახურებოდა. 1980 წელს, აქ შავკანიანი ჩვილები იხოცებოდნენ 5-ჯერ მეტი ინტენსიობით, ვიდრე – თეთრები.

„როგორც შავკანიანი ექიმები, ჩვენ იმავე ეკლესიებში, სალონებში, სკოლებში დავდიოდით, სადაც – ჩვენი პაციენტები. ერთიანობის ეს გრძნობა ურთიერთობისა და პასუხისმგებლობის სრულიად სხვა ხარისხს განაპირობებს. კვლევის ავტორების ეს დასკვნები მშობიარობის შედეგების გაუმჯობესებას გამოიწვევს“, – აცხადებს იგი.

საერთო ჯამში, აშშ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Co-operation and Development) ქვეყნებიდან 30-ე ადგილს იკავებს ბავშვთა სიკვდილიანობის საკითხში. მასზე უარესი მონაცემები აქვთ მხოლოდ მექსიკას, თურქეთს, ჩილეს. 2017 წელს 22 000-ზე მეტმა ამერიკელმა ჩვილმა თავის პირველ დაბადების დღეს ვერ მიაღწია. შავკანიანი ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 000 დაბადებაზე 10,97-ია – ორჯერ მეტი, ვიდრე თეთრკანიან, აზიელ და ლათინოამერიკელ ჩვილებში.

theguardian.com