ავტორი ნათია ჩიქოვანი
რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთი ქართული მაღაზიის Facebook გვერდზე ზღვის სეზონის თემატიკის ფოტოების კომენტარებში ქართველ მოდელებს აბულინგებდნენ. იქ რა ზიზღი, სისასტიკე და ჩაგვრაც ტრიალებდა, იშვიათად წამიკითხავს ქალის მიმართ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთ-ერთი შთამბეჭდავი ქეისი ნამდვილად იყო… მერე ამ ამბავზე სოციალური კამპანიის დაწყება იგეგმებოდა, როგორც მახსოვს და ოფიციალური კომენტარი მთხოვეს… კამპანია აღარ შედგა, მაგრამ დღეს გადავაწყდი ჩემს მაშინდელ მომზადებულ ტექსტს და პრინციპში, მას მერე არც არაფერი შეცვლილა…
ბოდიშეიმინგი რომ ნებისმიერი ქალის ხვედრი შეიძლება იყოს, ამის მაგალითად ცნობილი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა მახსენდება, რომელიც ინტერნეტ სივრცეში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ხელზე ზედმეტი თმის გამო. ადრიანა ლიმაც კი, რომელიც მსოფლიოში უამრავი ადამიანისათვის სილამაზისა და იდეალური სხეული ეტალონად ითვლება, ვერ გადაურჩა გარეგნობის იმ ბრუტალურ სტანდარტებს, რომლებიც ქალებისთვის დღეს საზოგადოებას აქვს დაწესებული…
სილამაზე და მისი აღქმა სუბიექტურია, ასეთი ფართო ცნების ასეთ ვიწრო სტანადარტებში ჩასმა კი ადამიანების დისკრიმინაციის გარდა სხვას არაფერს ემსახურება (იმას თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ამ სტანდარტების შექმნითა და „გამრავალფეროვნებით“ უამრავი ინდუსტრია ხეირობს და ქალების „ხარჯზე“ მილიარდობით დოლარს შოულობს).
დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა კიდევ უფრო აგრესიული და სასტიკი სახე მიიღო. დღეს უკვე ქალები უბრალოდ ვალდებულები არიან, ჰქონდეთ დიდი მკერდი, გრძელი ფეხები, იყვნენ გამხდრები, გარუჯულები და ბარბის სხეულის აღნაგობის. სხვა შემთხვევაში, მათ არ აქვთ „მორალური უფლება“, საცურაო კოსტიუმით გადაიღონ ფოტო, იყვნენ ჟურნალის გარეკანზე, ან უბრალოდ, ერქვათ “ლამაზი გოგოები”. ქალებს პირდაპირ უთითებენ, თუ სხეულის რომელი ნაწილის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მართებთ და როგორი „ვიზუალით“ რისი „რეკლამის“ გაკეთება შეუძლიათ. თუმცა, იმ „ლამაზ“ გოგოებსაც კი, რომლებიც ამ ბრუტალურ სტანდარტებს აკმაყოფილებენ, მენჯისა და თეძოს ძვლების თითოეულ სანტიმეტრს უზომავენ და ერთი წამით არ აძლევენ უფლებას, იყვნენ ადამიანები. პატარა მკერდი, გაღუნული ფეხი, თუ სიმაღლესთან ადეკვატური წონა უკვე პირდაპირ და დაუფარავად „აკრძალულია“, ითვლებოდეს სილამაზედ. ადამიანებმა სხვა ადამიანებს უბრალოდ აუკრძალეს, იყვნენ ლამაზები და თვლიდნენ თავს ლამაზებად.
მსოფლიოში არსებული ეს ბრუტალური წესები უამრავ ქალს ცხოვრებისეულ ტრამვას აყენებს. მსგავსი ბულინგის შედეგად ხშირად დგება დეპრესია, ბულემია, ანორექსია და სხვა სერიოზული პრობლემები, რომლებიც უაზრო დაცინვით, ბოდიშეიმინგით იწყება და ძალიან ხშირად ფატალურად სრულდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მოდა და პოპკულტურა ნელ-ნელა ნერგავს “თმიანი” ქალისა თუ სხვა მეტ-ნაკლებად “არასტანდარტული” ვიზუალის ქალების ტრენდს, ამ “ამბოხებასაც” კი აქტიურად აკრიტიკებს მასა და ახლა უკვე ჰიგიენითა და სხვა “სპეტაკი” ფასადებით ფუთავს საკუთარ მჩაგვრულ და დისკრიმინაციულ მოსაზრებებს.
ადამიანებმა დღეს, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, დაკარგეს მთავარი – სხვისი არჩევანის, სხვისი თავისუფლების, სხვისი გემოვნების, სხვისი სხეულის, უბრალოდ სხვისი პატივისცემა. საკუთარ დისკრიმინაციულ, ხშირად მიზოგინიურ კომენტარებს ფუთავენ „განსხვავებულ აზრად“, „ინდივიდუალურ გემოვნებად“, ვითომ მათი აზრის გამოხატვის ფორმებში არაფერი იყოს მჩაგვრული და შეურაცხმყოფელი. ადამიანები და ხშირად ქალები, სასტიკი დემაგოგიით, მუდმივად ცდილობენ გააკრიტიკონ, დასცინონ, შეურაცხყოფა მიაყენონ სხვა ქალებს, თითქოს ამით საკუთარ გარეგნობას ქულებს უწერენ, სინამდვილეში კი სხვების (სავარაუდოდ კაცების) თვალში თავიანთი, ძალიან დიდი და ღრმა კომპლექსების დაფარვასა და საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას ცდილობენ, რომელიც ზუსტად იმიტომ დაკარგეს, რომ თავადაც ამ საშინელი სტანდარტების მსხვერპლნი არიან.
ქალებს დღეს აკლიათ თავისუფლება, თავისუფლად სუნთქვა, ქცევა, აზროვნება, თავისუფლების შეგრძნება და ამ ყველაფრისგან შეზღუდულები, გაწამებულები, წნეხის დაძლევასა და თვითრეალიზაციას სხვების ამავე მდგომარეობაში ჩაგდებით ცდილობენ. დაჩაგრული ქალები ვერ ეგუებიან თავისუფალ ქალებს, ზოგადად პატრიარქატი ვერ ეგუება თავისუფალ ქალებს, ვერც კაცები ეგუებიან ქალების თავისუფლებას. გამოსავალი კი ალბათ ისევ განათლებაში, ცნობიერების შეცვლაში, მეტი ჰუმანურობის გაღვივებასა და ამაზე მუდმივად საუბარშია.
P.S. ფოტოზე ჩემი სახე, რა თქმა უნდა, სილამაზის სტანდარტების დაცვითა და გათვალისწინებით დამუშავებულია ფოტოგრაფის მიერ: “დამალულია” თვალის ნაოჭები და მე მგონი, ხალებიც…
ფოტოს ავტორი: Piter Arnell