ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ჩვენს სოციოკულტურულ სივრცეში, ფემინიზმს ათასობით დამახინჯებული წარმოდგენა და მითი უკავშირდება. მასობრივ ცნობიერებაში ფემინიზმი ისეთ ქმედებათა სასაცილო კრებულია, როგორიცაა ფეხზე თმის გაუპარსაობა, რესტორანში ანგარიშის გასწორება ან იმ კაცისთვის ხელის კვრა, რომელიც კარს გვიჭერს. მასკულინურ ცნობიერებაში, ეს აუცილებლად უკავშირდება „დაუკმაყოფილებელი, გონჯი და არასრულფასოვანი ქალის“ სახე-ხატს, რომელიც „ამ ცხოვრებაზე გაბოროტებულია იმის გამო, რომ არავინ აქცევს ყურადღებას“.
სინამდვილეში, ფემინიზმი სხვა არაფერია, თუ არა ქალის სექსუალური და სოციალური პასიური ობიექტიდან აქტიურ, მოქმედ სუბიექტად ქცევა.
ფემინიზმის მოდაზე გავლენაზე საუბრისას, პირველად კორსეტი ახსენდებათ ხოლმე, რომლისგანაც ქალები თითქოს კოკო შანელმა (“Coco” Chanel) გაათავისუფლა. მაგრამ, სინამდვილეში, კორსეტის ტყვეობისგან ქალები არა კოკო შანელმა, არამედ პოლ პუარემ (Paul Poiret) იხსნა, რომელიც ყველანაირი ფემინისტური იდეისგან დიდად შორს იყო და ქალს მხოლოდ და მხოლოდ დახვეწილ სათამაშოდ აღიქვამდა, რომლის შემკობაც სასიამოვნოა.
თუმცა, ჩაცმულობაში ფემინისტური იდეების ასახვის საქმეში კოკო შანელს გვერდს ვერ ავუვლით: იგი პირველი იყო, ვინც ქალის კოსტიუმი რადიკალურად გაამარტივა და მასში კაცის ჩაცმულობის ელემენტები შეიტანა. ამ ყველაფერს მხოლოდ პრაქტიკული მოტივი კი არ ჰქონდა (მარტივ, „კაცურ“ სამოსში გადაადგილება შეუდარებლად გაადვილდა), არამედ სიმბოლურიც: დეკორირების ობიექტიდან, ქალი საკუთარი მოთხოვნების მოკარნახე სუბიექტად იქცა.
მაგრამ, კაცის სამოსში გამოწყობა ფემინიზმს ჯერ კიდევ არ ნიშნავს. ნამდვილი ფემინისტური რევოლუცია მოდაში შანელის ეპოქაზე გაცილებით გვიან მოხდა, ივ სენ-ლორანის (Yves Saint Laurent) შემდეგაც კი, რომელსაც ძალიან უყვარდა ჩაცმულობაში ქალური და კაცური საწყისების მსუბუქად პერვერსიული თამაში. რევოლუციური ძვრები მოდაში გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მოხდა, იმ მოვლენების თანადროულად, რომელიც დასავლურ საზოგადოებაში ფემინიზმის იდეების გამარჯვებას უკავშირდება. ეს პროცესი ახალმა დიზაინერებმა – დეკონსტრუქტივისტი იოჯი იამამოტოსა (Yohji Yamamoto) და რეი კავაკუბოს (Rei Kawakubo), „ანტვერპენელი ექვსეულისა“ და მინიმალისტი ჟილ ზანდერისა (“Jil” Sander) და ჰელმუტ ლანგის (Helmut Lang) სახელებთან ასოცირდება. მათ საქმიანობა სხვადასხვა დროს დაიწყეს, თუმცა 90-იანების დასაწყისში ავიდნენ პოპულარობის პიკზე. ამ ფიგურებმა რადიკალურად შეცვალეს წარმოდგენა არა მხოლოდ იმაზე, თუ რა არის მოდური სამოსი, არამედ იმაზეც, თუ რა არის სილამაზე. იაპონელმა დეკონსტრუქტივისტებმა მთლიანი ჩაცმულობა შემადგენელ ნაწილებად დაშალეს და იგი ხელახლა, უცნაური წესით ააწყვეს, რათა აღქმის ყველანაირი ინერცია მოესპოთ. ბელგიელებმა სხეულის ყველა პროპორცია შეათავსეს, ცალკეული დეტალები გროტესკული გახადეს, ქუჩის სტილი და მაღალი მოდა ერთმანეთში ათქვიფეს. გერმანელმა მინიმალისტებმა ჩაცმულობაში ყველანაირი შემკულობა, დეკორი და მხატვრულობა მოსპეს და საბაზისო კარკასი განზრახ გაამარტივეს. რასაკვირველია, ამ ყველაფრის განხორციელება წარმოუდგენელი იყო სიმონ დე ბუვუარის (Simone de Beauvoir), ჰანა არენდტისა (Hannah Arendt) და სხვა ფემინისტური კონტექსტის გარეშე, სადაც სექსუალური თავისუფლება არა მხოლოდ პასიურობაზე უარის თქმაში გამოიხატებოდა, არამედ ქალის სექსუალობის გამოხატვის თავისუფლებაშიც.
ამის საფუძველია რადიკალურად ახალი წარმოდგენები ქალის სხეულსა და სილამაზეზე. ცნება „ლამაზი“ თანამედროვე სამყაროში უკვე კლასიკური „მაღალი მკერდი, ვიწრო წელი და მრგვალი თეძოები“ კი არაა, არამედ გაცილებით რთული ცნებაა, რომელიც მრავალფეროვან ნაზავს მოიცავს. უცებ აღმოჩნდა, რომ ყველა ქალს სულაც არ სურს წელის დაწვრილება და მკერდის დაბერვა, რომ ბევრი ქალი თავს გაცილებით კომფორტულად, თავდაჯერებულად და სექსუალურად მარტივ ან პირიქით, ზედმეტად გართულებულ სამოსში გრძნობს. „ლამაზის“ ეს გაგება დიდ სივრცეს ტოვებს ბიუსტსა და გარესამყაროს შორის, და იგი არა იმდენად გლამურული დეკორის, არამედ ერთგვარი დამცავი ფარის ფუნქციას ასრულებს. ამ შემთხვევაში, ქალისთვის გაცილებით ადვილია, იყოს არა ობიექტი, არამედ სუბიექტი, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას. ამიერიდან, სამოსი საკუთარი პერსონის და არა საკუთარი მკერდის ზომის დემონსტრირების საშუალებად იქცა. ნებისმიერი ჩაცმულობის შექმნაში, საკვანძო სიტყვად იქცა sophisticated, რომელიც იდეალურად ერგება რთულ და რაფინირებულ ინტელექტუალურ გემოვნებას. იყო თანამედროვე – გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო ლამაზი. უფრო მეტიც: თანამედროვეობის გარეშე მოდურობა უკვე წარმოუდგენელია.
აქვე, შეგვეძლო გვეთქვა, რომ ამ მოვლენის შემდეგ, ქალებმა კაცების გასახარად ჩაცმა შეწყვიტეს და საკუთარი თავისთვის ჩაცმას შეუდგნენ, მაგრამ ეს მოვლენის ბანალური ახსნა იქნებოდა. არანაირი თანამედროვე ფენომენი არ აღიწერება უბრალო ფორმულით. საწინააღმდეგო სქესის საამებლად გაპრანჭვა საკმაოდ რთული მოვლენაა. იგი ხშირად მასობრივი კულტურის სტერეოტიპებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სწორედ ამის გაცნობიერება არის ფემინიზმის უმთავრესი მონაპოვარი. სილამაზე მოითხოვს არა მხოლოდ (და არა იმდენად) გლამურულ პროეცირებას, არამედ ყველანაირ არასრულყოფილებასაც, რადგან სწორედ ეს არასრულყოფილებებია უნიკალური, ნებისმიერი უნიკალურობა კი ხუთივე გრძნობის აღქმადობას ამძაფრებს.
სწორედ ეს რაკურსი შემოვიდა მოდის ინდუსტრიაში 90-იანი წლების გარიჟრაჟზე.
რა თქმა უნდა, არსად გადაკარგულან ის დიზაინერები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მოდის მიზანი ქალების ჩაცმაა კაცების საამებლად და მათი „გასექსუალურება“ ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. პირობითად რომ ვთქვათ, ჩვენ მუდამ გვეყოლება რობერტო კავალი (Roberto Cavalli) თავისი კაბებით და ის გოგონები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მათ სექსუალობას სწორედ ეს კაბები სძენს. მაგრამ იმან, რაც 90-იანი წლების ინტელექტუალური მოდის შემოქმედებმა ჩაიფიქრეს, სერიოზული ნაყოფი გამოიღო. ამჟამად მოდაში კაცის ჩაცმულობის ელემენტებისადმი ინტერესი, თავისუფალი სილუეტები, სხვადასხვა სახის Heritage style და Street style fashion, ფიბი ფაილო (Phoebe Philo) და სტელა მაკარტნი (Stella McCartney) – აქედან აღმოცენებული მიმართულებებია.