თუ თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ მრავალ მშობელს შორის, რომელიც თავიანთ სახლში არასასურველი სათამაშოების ნაკადის შეჩერებას ცდილობს, – თქვენთვის კარგი სიახლეა. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ არდადეგები და გარესამყაროსთან შეხების გამოცდილება ბავშვებში ტვინის განვითარებას ასტიმულირებს.
ბავშვთა ფსიქოთერაპევტის მარგო სანდერლენდის (Margot Sunderland) თქმით, არდადეგები ბავშვის ტვინის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციაა. „ეს იმიტომ, რომ ოჯახური დასვენებისას თქვენ ავარჯიშებთ გენეტიკურად განვითარებულ სისტემებს ტვინის ლიმბურ უბანზე, რომელიც შინა პირობებში „ვერ ვარჯიშდება“, – ამბობს იგი.
სანდერლენდი ციტირებს პროფესორ იაკ პანკსეპს (Jaak Panksepp), მსოფლიოში ცნობილ ნეირობიოლოგს ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან. პანკსეპმა აღმოაჩინა სისტემები PLAY (ჩართვა) და SEEKING (ძიება).
სანდერლენდის თანახმად, სისტემა PLAY ტვინში აქტიურდება ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ბავშვს ფეხებს ქვიშაში უმალავთ ან მას აუზთან, შეზლონგზე, უღიტინებთ. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ რამეს ერთად იკვლევთ (ტყე, პლაჟი, სოფელში გადამალული განძის ადგილ-სამყოფელი და ა. შ.), მუშაობს ტვინის SEEKING, ანუ საძიებო სისტემა.
თქვენი ბავშვის PLAY და SEEKING სისტემების გავარჯიშება მისი თხემის წილის გაზრდას იწვევს. ტვინის ეს ნაწილი დაკავშირებულია კოგნიტურ ფუნქციებთან – პრობლემების გადაჭრის უნართან, ემოციურ გამოხატვასთან, მეხსიერებასთან, ენასა და მსჯელობასთან. რაც მეტად იყენებთ ამ სისტემებს, მით მეტად იწრთობა ისინი.
როდესაც ბავშვი დასასვენებლად მიგყავთ, მას ახალი ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა აქვს. ეს ძიების სისტემას ააქტიურებს. თქვენი ოჯახის დისტანცირება ყოველდღიური, შესაძლოა დაძაბული რუტინისგან, ერთად თამაშს გკარნახობთ.
თქვენი ბავშვის ტვინის განვითარების პარალელურად, მისი PLAY და SEEKING სისტემების გამოყენება ოჯახური დასვენებისას ასევე ხელს უწყობს ზოგად ბედნიერებასა და კეთილდღეობას. როდესაც ჩვენს ტვინში ამ სისტემებს ვააქტიურებთ, ნეიროქიმიური ნივთიერებები – დოპამინი, ოქსიტოცინი და ოპიოიდები თავისუფლდება. ეს ნეიროქიმიკატები ურთიერთობებში სიახლოვის განცდას ააქტიურებენ. ასევე, ისინი ხსნიან სტრესს და გვეხმარებიან იმის შეგრძნების გამომუშავებაში, რომ ყველაფერი კარგადაა.
2017 წლის კვლევა გვიჩვენებს, რომ ერთად გატარებული დრო – ეს ისაა, რაც ადამიანებს მათ მიმართ არსებულ სიყვარულს შეაგრძნობინებს. The Journal of Social and Personal Relationships-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, 18-დან 93 წლამდე ასაკის 495-მა ქალმა და კაცმა შეავსო ანკეტა, სადაც მათ იმის შესახებ ისაუბრეს, თუ რა აიძულებს მათ, თავი საყვარელ ადამიანებად იგრძნონ. 60 კითხვიდან ყველა იწყებოდა სიტყვებით: „ადამიანების უმრავლესობა თავს საყვარლად გრძნობს მაშინ, როდესაც…“.
შედეგად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანების უმრავლესობა საყვარელ პერსონად თავს მაშინ გრძნობს, როდესაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობს, და არა – მაშინ, როდესაც საჩუქრებს იღებს. „ჩვენი კვლევა იმას ადასტურებს, რომ პოზიტიურობის ისეთი მცირე გამოხატულება, როგორებიცაა კეთილი სიტყვა, ბავშვთან ჩახუტება ან თანაგრძნობა, ადამიანებს თავს სიყვარულის მიზეზად აღაქმევინებს“, – ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, დოქტორი ზიტა ორავეჩი (Zita Oravecz). საოჯახო არდადეგები ურთიერთობის ფართო შესაძლებლობებს იძლევა, რადგან თქვენი ოჯახი გათავისუფლებულია ყურადღების გადამტანი ფაქტორებისგან და ყოველდღიური ცხოვრების მოვალეობებისგან.
ასე რომ, მომავალ დღესასწაულზე ან დაბადების დღეზე სათამაშოების შეძენის ნაცვლად, იფიქრეთ იმაზე, რომ ეს ფული საოჯახო დასვენებაზე დახარჯოთ. თქვენ იმის თხოვნაც შეგიძლიათ, რომ სხვა ადამიანებმა, მაგალითად, ბებიამ ან ბაბუამ, ასევე გაიღონ შემოწირულობა ამ ფონდში, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს სათამაშო უყიდონ. მოგონებები ოჯახთან ერთად გატარებულ დროზე გაცილებით ხანგრძლივი იქნება, ვიდრე თქვენი ბავშვის ინტერესი მორიგი სათამაშოს მიმართ, რომელსაც იგი იღებს.
წყარო: hhealthy-holistic-living.com