კოალიცია თანასწორობისთვის

კოალიცია თანასწორობისთვის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს

კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და ბოლო წლებში მაუწყებელში შექმნილ პოზიტიურ პრაქტიკას არსებითად აზიანებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მაუწყებლის თანამშრომლების ბრძოლას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტი რომ, აჭარის მაუწყებელში თანამშრომლების დევნა გრძელდება მათი კრიტიკული პოზიციების გამო. მენეჯმენტის პოლიტიკასთან შეუგუებლობა ხშირ შემთხვევაში აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებს სამსახურის დაკარგვის, სხვა პოზიციებზე გადაყვანისა და მტრულ და სტრესულ გარემოში მუშაობის ფასად უჯდებათ. თვალშისაცემია, მაუწყებლის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ალტერნატიული პროფესიული კავშირის საქმინობისთვის ხელშეშლის ნიშნებიც.

აჭარის მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან ჟურნალისტების საქმიანობაში მსგავსი ჩარევა მიუღებელია და ინდივიდუალური დასაქმებულების შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის მიღმა, მაუწყებლის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას კრიტიკული საფრთხების წინაშე აყენებს. აშკარაა, რომ ახალი მენეჯმენტის პოლიტიკური ინტერესის საგანი სწორედ საინფორმაციო სამსახური გახდა და ბოლო თვეებში მიღებული თვითნებური და უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად, ახალმა მენეჯმენტმა  საინფორმაციო სამსახური თითქმის სრულად გაათავისუფლა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და რედაქტორებისგან და მათი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა, ნაწილი კი სხვა, ნაკლებად გავლენიან პოზიციაზე გადაიყვანა. ბოლო კვირებში საინფორმაციო გამოშვებების შინაარსი ობიექტურობისა და კრიტიკულობის შესუსტების აშკარა ნიშნებს უკვე ატარებს და ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გავლენა მაუწყებლის მუშაობის შინაარსზე და მიდგომებზე თვალშისაცემი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო წლებში გამორჩეულად დაბალანსებულ და კრიტიკულ მედია სივრცედ იქცა, რომლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლარიზებულ პოლიტიკურ და მედია გარემოში. მეტიც, მაუწყებელი საზოგადოებრივი წუხილების არტიკულირებას და ინტერესის დაცვას, ასევე, ხმაწართმეული ჯგუფებისთვის საჯარო სივრცის მიცემას ახერხებდა, რაც როგორც ჩანს სახელისუფლ ინტერესებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და 2019 წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ მაუწყებლის დამოუკიდებლობის და კრიტიკულობის რღვევის აშკარა მცდლობებს და თვითნებურივი  გადაწყვეტილებების ჯაჭვს.

კოალიცია თანასწორობისთვის სოლიდარობას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და მოუწოდებს ტელევიზიის მენეჯმენტს, შეწყვიტოს ყოველგვარი ანგარიშსწორება და ჟურნალისტების შევიწროება მათი განსხვავებული აზრის გამო.