"საფარის" აქტივობები / პროექტები

საფარში კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესი წარმატებით დასრულდა

როგორც მოგეხსენებათ, საფარი მუშაობდა პროექტზე “კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება ორგანიზაციაში”, რომლის მიზანი იყო ორგანიზაციაზე მორგებული სტრატეგიული დოკუმენტაციის შემუშავება, მიზნობრივი ტრეინინგების თუ კონსულტაციის საშუალებით.

ბოლო წლების მანძილზე, ორგანიზაცია გაიზარდა, გაფართოვდა, სულ უფრო დიდი მასშტაბით მუშაობს. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საჭიროება, კიდევ მეტად მორგებული და მოქნილი ყოფილიყო საფარის საქმიანობის ამსახველი მთლიანი საკომუნიკაციო სტრატეგია, როგორც ბენეფიციარებთან, ასევე აუდიტორიასთან და მედიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

რამდენიმეთვიანი შრომატევადი პროცესის შედეგად, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც ორგანიზაციის თანამშრომლები, ასევე ექსპერტი ბიზნესისა და მარკეტოლოგიის სფეროში ლარისა პატარაია, შემუშავდა ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგია.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა საფარის საკომუნიკაციო სტრატეგიის ფორმირება 2020-2021 წლებისთვის, 6 თვიანი სამოქმედო გეგმისა და მედია გეგმის შემუშავება. საკომუნიკაციო სტრატეგია ეყრდნობა საფარის სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტებს.

საკომუნიკაციო სტრატეგიის ძირითადი ამოსავალი წერტილია მოხდეს საფარის მიერ განხორციელებული აქტივობების და მიღწევების ეფექტური პრეზენტაცია საზოგადოებისთვის და სამიზნე აუდიტორიებისთვის.

პროექტი ხორციელდება პროექტის “COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ.