პანდემია ქალებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა. ექსპერტების თქმით, ამჟამად მსოფლიოში ოჯახში ძალადობის აფეთქებაა, მუდმივად ირღვევა ქალთა უფლებები აბორტზე, მიმდინარეობს მათი მასობრივი გათავისუფლება სამსახურებიდან, ეს კი გენდერული თანასწორობის პროცესს ძალიან აზიანებს.
CNN-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა კაცებში უფრო მაღალია, ამჟამინდელი სიტუაცია ქალებს მნიშვნელოვანწილად აზარალებს და მისი უარყოფითი შედეგები ძალიან ხანგრძლივი იქნება.
“ჩვენ კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისზე მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ორიენტირებით ვმსჯელობთ, მაშინ, როცა მისი გაცილებით მასშტაბური შედეგები შეუმჩნეველი რჩება. კაცის ორგანიზმი ვირუსს უარესად უმკლავდება, მაგრამ პანდემიისა და თვითიზოლაციის დროს ქალების ყოფა შეუდარებლად მძიმეა”, – აღნიშნავს საიმონ ფრაიზერის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯულია სმიტი (Julia Smith), რომელიც პანდემიის შედეგების კვლევის პროექტზე მუშაობს.
კორონავირუსის აფეთქება მნიშვნელოვნად ამწვავებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ქალები ჯერ კიდევ მანამდე ებრძოდნენ, აღნიშნავს კრისტინა ლუნცი (Kristina Lunz), ფემინისტური შიდა პოლიტიკის ცენტრის (The Centre for Feminist Foreign Policy) თანადამაარსებელი: “მსგავსი კრიზისები აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ სტრუქტურულ უთანასწორობას – როცა საქმე ეხება უფლებებს, ქალთა ჯანმრთელობას და ეკონომიკურ მდგომარეობას პანდემიის დროს, – ეს აშკარა ხდება”, – ამბობს იგი.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც ქალები წააწყდნენ თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღებისას, ოჯახში ძალადობის მკვეთრი ზრდა გახდა. “ქალები მოძალადეებთან ერთ სივრცეში გამოკეტილნი აღმოჩნდნენ და იძულებულნი გახდნენ, ძალადობა მოეთმინათ. ამ დროს, მხარდაჭერის და დროებით განთავსების ცენტრები დაკეტილი იყო და დახმარების გაწევა არ შეეძლოთ”, – აღნიშნავს ბარსელონის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ელენა მარბან კასტრო (Elena Marbán Castro).
მისი თქმით, კორონავირუსმა ასევე დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა უამრავი ქალის კეთილდღეობა, რომელსაც პანდემიის დროს აბორტის გაკეთება სურდა, რადგან მასზე უარი მიიღო, პანდემიის დროს აუცილებელი ოპერაციების სიაში მისი არარსებობის გამო. “ყოველ ჯერზე, როცა ქალებს თავიანთ სხეულებზე კონტროლის, ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობა არ აქვთ, ისინი სიღატაკეში აღმჩნდებიან”, – ამბობს ლუნცი.
CNN-ის მონაცემებით, პანდემიის ეკონომიკური შედეგები გაცილებით მძიმე აღმოჩნდა ქალებისთვის, ვიდრე – კაცებისთვის. ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის თანახმად, კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილ ამერიკელებს შორის, 55%-ს ქალები შეადგენენ.
“კორონავირუსის აფეთქებით დაზიანებული მრეწველობის უამრავ სფეროში, მაგალითად ტურიზმსა და მომსახურების სხვა სფეროებში, ძირითადად ქალები მუშაობენ”, – ამბობს ჯულია სმიტი.
გარდა ამისა, ქალები კვლავ სრული დატვირთვით მუშაობენ შინ, რაზეც, გაეროს შეფასებით, ისინი დღეში საშუალოდ 4,1 საათს ხარჯავენ (კაცები – 1,7 საათს). სიტუაციას ამძიმებს სკოლებისა და საბავშვო ბაღების დაკეტვა, სადაც ბავშვების დატოვება დასაქმებულ დედებს აღარ შეუძლიათ. ასევე, სპეციალისტების თქმით, ქალებზე მსგავსი წნეხი, შესაძლოა, ხანგრძლივ პერსპექტივაში მათ კარიერის აწყობის სტიმულიც წაართვას, ეს კი დიდი დარტყმა იქნება გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის საქმეში.
“როგორც ისტორიიდან ვიცით, როდესაც ქალს საკუთარი თავის ფინანსური უზრუნველყოფა არ შეუძლია, იგი ვიღაც სხვაზე დამოკიდებული ხდება”, – ამბობს ლუნცი.
წყარო: cnn.com