ბავშვზე ძალადობა / სტატიები

დაჯი თოდუა: სასკოლო შეფასებებზე დამოკიდებულება მოსწავლეებში მჩაგვრელს ააქტიურებს

28 წლის დაჯი თოდუა უკვე 5 წელია, რაც მასწავლებლად მუშაობს. მასწავლებლობა დაიწყო განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში “ასწავლე საქართველოსთვის”. ორი წელი სვანეთში ასწავლიდა, ერთიც – აჭარაში. სამი წლის შემდეგ დატოვა პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის” და თბილისის მე-10-ე საჯარო სკოლაში გადავიდა, სადაც  დღემდე ისტორიას ასწავლის. დაჯი ისტორიის და სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელია.

რატომ გადაწყვიტე მასწავლებლობა?

ძალიან კარგად მახსოვს ეს დღე. სოფელში ვიყავი, ვიჯექი კომპიუტერთან,  გვერდით იდგა ოთახის მცენარე, რომელზეც ალერგია მქონდა, – მსუსხავდა , მკბენდა, მე კი ჯიუტად არ ვიცვლიდი ფეხს. გავბრაზდი, ვიგრძენი, რომ რაღაც ახალი მინდოდა, არ მინდოდა იქ ყოფნა, სადაც ვიყავი, არც ეს მცენარე, არც ძველი სამსახური, არც ეს ადამიანები – ნახევარ საათში მონაცემები გაგზავნილი მქონდა განათლების სამინისტროს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მასწავლებლის ვაკანსიაზე.

შემდეგ ისევ ერთი ჩვეულებრივი დღეა. ტახტზე ვზივარ ფეხებამოკეცილი. ტელევიზორს ვუყურებ. ვდგები, მობილურთან მივდივარ, ჩემთვის მეილია – „თქვენ წარმატებით გაიარეთ გასაუბრებაო… და მოკლედ, შემიძლია, ვასწავლო ისტორია და სამოქალაქო განათლება რომელიმე მთიან რეგიონში რამდენიმე ათეულ ბავშვს, ან სულაც ერთ ათეულს.

მერე ვდგამდი ნაბიჯებს, პატარას, სხეულთან შეუსაბამოს, როგორც თოთო ბავშვის, გაუბედავად, სუნთქვააჩქარებით, – თუმცა, ნაბიჯს, როგორც წინგადადგმულს და არა -უკან დასახევად გამიზნულს.

ასე გადავწყვიტე.

შენი თაობის ხალხში არის ამ პროფესიის მიმართ ინტერესი?

არა. ყოველთვის უკვირთ, როცა იგებენ, რომ მასწავლებელი ვარ. ვერც წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება, ვმართავდე კლასს, ჩემი ასაკის და ხასიათის გათვალისწინებით. მათი დაინტერესება მინიმალურია, – ფიქრობენ, რომ ამ საქმიანობას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება და ეს ამად არ ღირს.

მასწავლებლები ყოველთვის მოძრაობენ, ლაპარაკობენ, კითხვებს სვამენ, აკონტროლებენ კლასს, რომ გაკვეთილის პროცესში ყველა იყოს ჩართული. გარკვეულ პროგრესსაც აღწევენ და უკვე ჩანს, რომ თითქოს გამორჩეული მასწავლებელი უნდა გახდნენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი კარგად გრძნობს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც მათ უნდათ. მათი მუშაობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ისინი კოლეჯის კურსდამთვრებულებს ჰგვანან, ან შეიძლება იყვნენ კიდეც ისინი, ვინც თავს უფლებას აძლევს, გამოიყენოს კოლეჯის ყველაზე გამორჩეული გაკვეთილები და აიღოს ვალდებულებები, ასწავლოს ყველაზე ღარიბი ქალაქების ან მაღალმთიანი დასახლებების სოფლის სკოლებში. მათი უმეტესობისთვის ეს საოცნებო საქმეა, რადგან ისინი ჯერ მზად არ არიან ნამდვილი სამუშაოსთვის; ეს საქმე კი თავგადასავალს ჰგავს. თუმცა, ასეთები გამონაკლისები არიან.

რა პრობლემები დაგხვდა სკოლაში? როგორ გესახება მათი მოგვარება?

პრობლემაა ოჯახების სოციალური მდგომარეობაა, პრობლემაა ბულინგი, პრობლემაა მასწავლებლების დამოკიდებულება იმ მოსწავლეების მიმართ, რომლებიც არ სწავლობენ, პრობლემაა ის სასწავლო რესურსები, რომლებსაც აწვდის სკოლა მოსწავლეებს, პრობლემაა სკოლის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, პრობლემაა მოსწავლეების დამოკიდებულება გაჯეტებზე, და ამ ყველაფრს ფონზე მათი ინდიფერენტულობა სკოლაში მიღებული ინფორმაციისადმი.

პრობლემაა, როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ  ვმუშაობთ ორის ნახევრამდე, კვირაში 20 საათი, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე. მასწავლებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ სკოლაში მუშაობით. ყოველდღიურად  გვიწევს ძალიან ბევრი  დამატებითი, აუნაზღაურებელი შრომის გაწევა არასამუშაო საათებშიც, რაც იწვევს  დიდ სტრესს და დეპრესიის მაღალ  დონეს ჩვენი პროფესიის ადამიანებში.

გარკვეულწილად, შეიძლება პრობლემა იყოს ისიც,  როცა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ გრძელდება ურთიერთობა მშობლებთან, კოლეგებთან, ბავშვებთან, ანუ 24 საათის განმავლობაში გვიწევს უამრავ ადამიანთან ურთიერთობა. მე მყავს 7 კლასი და და ეს 7 კლასი დაახლოებით 150-მდე მოსწავლეს ითვლის. მიწევს ურთიერთობა 150 მოსწავლესთან, 150-ივე მოსწავლის მშობელთან და სკოლაში 85 მასწავლებელთან, რისთვისაც საჭიროა ძალიან დიდი ემოციური რესურსი. არის სამსახურები, სადაც მუშაობ ცხრიდან ექვსის ნახევრამდე და გარკვეული რაოდენობის ადამიანებთან ურთიერთობ მთელი დღის განმავლობაში. მშობლების გარდა, არიან ნათესავები, რომლებიც გამუდმებით გირეკავენ. ყოფილა შემთხვევა, რომ ღამის სამის ნახევარზე დაურეკავთ, ღამის ორ საათზეც,  შეკითხვებით: “გაკვეთილად რა გვაქვს?“ „დავალებად რა აქვთ?“, და ა. შ. ამასთან ერთად, როდესაც თითოეულ კლასში 35 ან 30 მოსწავლეა, ესეც ართულებს  კლასის მართვას.

ზოგჯერ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ნაწილი დასაკუთრებული აქვს ჩემს საქმიანობას და პირადი სივრცე იკარგება. მასწავლებელი არის “მაღალი ზნეობრივი იდეალების მატარებელი”, მან ყველაფერი უნდა მოითმინოს, ხმა არ უნდა ამოიღოს, სულ ბედნიერი უნდა იყოს – ასეთი შეხედულებები არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და  ასეთ დროს ძალიან რთულდება შენი პიროვნების გამოხატვა. ვფიქრობ,  ყველა ავტორიტეტულმა მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს თავისი  ცნობადობა  მასწავლებელთა  პრობლემებზე სასაუბროდ და მათ მხარდასაჭერად. მასწავლებლობა, მართალია, არის უზარმაზარი პატივიც, მაგრამ ამის უკან არის ასევე უზარმაზარი აუნაზღაურებელი შრომა, რაც, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ ჩანს. მასწავლებელი მყარად უნდა გრძნობდეს თავს ფინანსურად, სულიერად, უნდა გააჩნდეს რაღაც საფუძველი ბედნიერებისთვის და მერე შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ის უნდა იყოს ბედნიერი. ეს ძალიან ბევრი წლის წინ ჩადებული კოდია, რომ მასწავლებელი უნდა იყოს სულ ბედნიერი და მომღიმარი, რაც არის სრულიად წარმოუდგენელი და შეუძლებელი, განსაკუთრებით – ჩვენი ქვეყნის მძიმე პირობებში მომუშავე მასწავლებლისთვის.

დღეს მშობლებში ძალიან აქტუალურია კერძო და საშუალო სკოლების კატეგორიული დაპირისპირება. იშვიათად შემხვედრია მშობელი, რომელიც, შესაბამისი მატერიალური შესაძლებლობის არსებობის პირობებში, არჩევანს კერძოზე არ აკეთებს. რა განსხვავებებს ხედავ ან განათლების დონის, ან სხვა საკითხების მხრივ საჯარო და კერძო სკოლებს შორის?

კერძო სკოლის შემთხვევაში, გადამწყვეტია ბიზნეს ინტერესები. კერძო სკოლა არის ადგილი, სადაც არსებობენ მიმწოდებლები და კლიენტები. როდესაც სკოლის მფლობელისთვის მნიშვნელოვანია შემოსავლები, ის ცდილობს უმრავლესობის სურვილები და ხშირად სრულიად არაადეკვატური მოთხოვნები დააკმაყოფილოს და უგულებელყოს უმცირესობის ინტერესები. აქედან გამომდინარე, შეიძლება უმცირესობის პრობლემები და შეხედულებები აღმოჩნდეს ნაკლებადმნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობაც, – კერძო სკოლაში მშობლებს უფლება არ აქვთ, სკოლის მართვაში ჩაერთონ. საჯარო სკოლის შემთხვევაში მშობლებს აქვთ წარმომადგენლობა სკოლის სამეურვეო საბჭოში და შეუძლიათ აკონტროლონ. კერძო სკოლას ვალდებულება არ აქვს, ჰქონდეს წარმომადგენლობითი ორგანო. შესაბამისად, სკოლების უმეტესობა არ ითვალისწინებს მსგავს ჩართულობას.

არსებობს სტერეოტიპი, რომ „ახალგაზრდა მასწავლებელი“ ბავშვებში ნაკლებ მოწიწებას იწვევს. მოსწავლეებთან ურთიერთოება როგორი გაქვს?

მსმენია. მე ვფიქრობ, ყველაზე ნაკლებად მაშინ გცემენ პატივს მოსწავლეები, როდესაც ცდილობ, თავი ყოვლისმცოდნედ წარმოაჩინო. არასდროს მქონია პრობლემა, ხმამაღლა მეთქვა კლასის წინ, რომ რაღაც არ ვიცი, რომ ჩავინიშნავ, გავეცნობი, ვიმუშავებ ამ საკითხზე, – ესეც მაგალითია, დაანახო მოსწავლეებს, რომ მასწავლებლები არ არიან ადამიანები უნივერსალური ცოდნით, ისინი გამუდმებით სწავლობენ, მუშაობენ საკუთარ თავზე. პატივისცემა ჩნდება მაშინაც, როცა აღმოაჩენენ, რომ მასწავლებელიც არანაკლებ გატაცებულია მათთვის საინტერესო თემებით – ფეხბურთი, საშინელებათა ფილმები, თამაშები, ანიმეები, სოციალური ქსელები, ბლოგინგი, ველოსიპედით სეირნობა, ცხოველებით და ა. შ. მოსწავლეებს მოსწონთ, როცა სხვა თემებზე კითხვების დასმა შეიძლება მასწავლებლისთვის არაფორმალურ გარემოში. თუმცა, შემიჩნევია, რომ ამ დროს ხშირად დაძაბული ვარ, რათა ზღვარი  არ გადავკვეთო.

ვცდილობ, ყოველთვის ფერადი ტანისამოსი მეცვას. ვფიქრობ, ეს მოსწავლეების განწყობაზე დადებითად მოქმედებს. თავიდან ვგრძნობდი, რომ ცოტა უჩვეულოც კი იყო ამდენი ფერადი წინდა და კაბა, მაგრამ მათთვის ახლა უკვე ასეთი ვარ და ოდნავ მუქ ფერებში გადაწყვეტილი რომ მნახონ, ვიცი, რომ მაშინვე მკითხავენ მიზეზს.

ეს ერთგვარი მინიშნებაცაა, – პატივი ვცეთ ერთმანეთის მრავალფეროვნებას, როგორც ფიზიკურ ასპექტში, ასევე ვიყოთ ემპათიურები განსხვავებული შეხედულებების, დამოკიდებულებებისს და აზრების მიმართ. ერთ-ერთ კლასში, როცა სასკოლო ქცევის წესებზე ვმსჯელობდით, ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ: 1. უნდა გავუფრთხილდეთ სასკოლო რესურსებს; 2. არასდროს შევუშალოთ ხელი ერთმანეთს საუბრისას და 3. უფრო მეტი, პატივიც კი ვცეთ ერთმანეთის ნასაუბრევს. ფაქტია, რომ ამის შემდეგ, ასე ხშირად არ დგას ეს პრობლემა – ეს წესები ხომ თავად დაუწესეს თავიანთ თავს და არა – მასწავლებელმა.

როგორც მასწავლებელი, რა შეფასებას მისცემდი დღევანდელ სახელმძღვანელოებს? არის თუ არა „უკეთესის“ შექმნის შანსები?

დღევანდელი სახელმძღვანელოები არაა მოსწავლეების უნარების განვითარებაზე ორიენტირებული. მათში ფრაგმენტულად თავმოყრილი ინფორმაცია მოსწავლეებს საგნისადმი ინტერესს უფრო უქრობს, ვიდრე უღვივებს. უკეთესის შექმნის შანსი არ იქნება, თუ პრობლემა პრობლემად დარჩება – განათლების სამინისტროსა და გამომცემლებს შორის ურთიერთობა.

სამოქალაქო განათლების საგნის სწავლება რეალურად თუ ხდება სკოლებში?

ჩემი აზრით, სამოქალაქო განათლების სწავლება ყველაზე მტკივნეული და ყველაზე მძიმეა ნებისმიერი მასწავლებლისთვის. უდიდეს სიფრთხილეს და გამოცდილებას მოითხოვს, ისე მიაწოდო მოსწავლეს ცოდნა მსგავს საკითხებზე, რომ საკუთარი აზრი არ მოახვიო თავს.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლობა არ გულისხმობს მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის გადაცემას, აუცილებელია ამა თუ იმ საგნის პირობებში შესაბამის თემატიკასთან ინტეგრირებულად ისეთი საკითხის სხვადასხვა დისციპლინასთან მიბმა, რომელიც სამოქალაქო განათლებასთან არის დაკავშირებული. გაკვეთილზე უნდა მოხდეს მიღებული ცოდნის აქტიური განხილვა, რადგან აუცილებელია, მოსწავლეებმა იცოდნენ ამ საკითხების არსი. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მოსწავლეებს საშუალებას უნდა აძლევდეს, უფრო მეტი დრო დაუთმონ, სიღრმისეულად გაეცნონ შესაბამის საკითხებს და განიხილონ ისინი სხვადასხვა ადგილას თუ კონტექსტში.

შენი აზრით, რა არის შესაცვლელი დღეს არსებულ განათლების სისტემაში?

ნაწილობრივ, ამაზე უკვე ვისაუბრე.

ალბათ ყველაფერი ძირეულადაა შესაცვლელი. ჩვენი განათლების სისტემა არ ერგება საქართველოს სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტს. სანამ განათლების სისტემაში ცვლილებებზე დავიწყებთ საუბარს, თავად განათლების მიზანი უნდა გვესმოდეს სწორად, – რისთვისაა საჭირო, ვიყოთ განათლებულები; როდესაც ვკარგავ ძალას და ემოციებს, რომ მეორე დღეს ავდგე და მასწავლებლობა გავაგრძელო, სწორედ მაშინ, ყველაზე ხშირად, ეს კითხვა დამისვამს საკუთარი თავისთვის, – რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ; რისთვისაა საჭირო, ვიყო მასწავლებელი? მაშინ, როცა ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა მისი გონებრივი განვითარების განმსაზღვრელია, სკოლა უნდა იყოს ადგილი, საიდანაც იწყება ბრძოლა მოვლენების განსხვავებული და კრიტიკული აღქმისთვის, სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის.

შენი ნატურიდან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია, მოსწავლეებთან მხოლოდ პროგრამაში გაწერილი მასალით შემოიფარგლო. როგორია შენი სტანდარტული გაკვეთილი, ზომიერად იმპროვიზაციული თუ მთლად თავისუფალ პრინციპზე დაფუძნებული?

ზომიერად იმპროვიზირებული ალბათ, თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ გაკვეთილს სანამ დაიწყებს მასწავლებელი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს მისი გეგმის მონახაზი. ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში, საშუალოდ შვიდ კლასთან მიწევს მუშაობა და თითოეული კლასის საჭიროებების გათვალისწინება, მათი ქცევის და  სწავლის შესახებ შენიშვნების ანალიზი და ჩემს სამუშაო გეგმაში ცვლილებების შეტანა. ამ ეტაპზე, ჩემთვის ყველაზე რთული ერთ-ერთ მეექვსე კლასში მუშაობაა, სადაც თითოეული მოსწავლე არის ძალზე აქტიური და გამოკვეთილი ლიდერი. სწორედ ამიტომ, ჩემთვის რთულია ქცევის მართვა საგაკვეთილო პროცესში, რადგან თავად მოსწავლეებს შორის იგრძნობა არამეგობრული დამოკიდებულება. შესაბამისად, იქმნება ისეთი არაჯანსაღი გარემო, რაც საგაკვეთილო მუშაობას აფერხებს. ამასთან ერთად, თითოეული მათგანის ხასიათი და დამოკიდებულება დიდი სიხშირით იცვლება და ვერ ვასწრებ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ინტერესების განსაზღვრას და გათვალისწინებას, რასაც ართულებს ის ფაქტიც, რომ კლასში 28 მოსწავლეა.

ორი თვის განმავლობაში ვცდილობდი, შემეცვალა ჩემი სამუშაო გეგმა, რომ მაქსიმალურად მომერგო ამ კლასის ინტერესებისთვის, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩებოდა. გავითვალისწინე ისიც, რომ ამ მოსწავლეებს სასკოლო პროგრამა არ სთავაზობს მათი დონის შესაბამის მასალას, შესაბამისად, მიწევს დამატებითი მასალების მოძიება და სხვა გარკვეული ცვლილებების შეტანა გაკვეთილის მსვლელობისას. ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ბოლოს ჩატარებული გაკვეთილი იყო ისეთი, როცა მოსწავლეებმა შეძლეს ქცევის მართვა და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა. ვფიქრობ, სწორედ ეს გაკვეთილი უნდა ავიღო ნიმუშად მომავალი გაკვეთილების დასაგეგემად.

„უფროსი“ თაობის მასწავლებლებისგან ძალიან ხშირად გამიგია სტანდარტული ფრაზები: იაზროვნეთ, მოცემულ მასალას შემოქმედებითად მოეკიდეთო, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი ბავშვებს მზა, სტატიკურ რაკურსს აწვდიდნენ ყველა მასალაზე, რაც მოსწავლის კრეატიულობის ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებდა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა მართლა დამოუკიდებლად, წინასწარი ჩაგონების გარეშე გაიაზროს მასალა?

ამ შემთხვევაშიც უდიდესი სიფრთხილეა საჭირო. თუ მოსწავლეები შეძლებენ თავისუფლად აზროვნებას, ისინი მზად უნდა იყვნენ ყოველდღიური ბრძოლებისთვის და უმცირესობაში ყოფნისთვის. ვფიქრობ, ცოდნის მიღებასა და სწავლას შორის დიდი განსხვავებაა. ცოდნას ვიღებთ მაშინ, როცა რაღაც ფაქტებს, მოვლენებს ვიმახსოვრებთ, მაგრამ ვსწავლობთ მაშინ, როცა კრიტიკულად განვიხილავთ მიღებულ ინფორმაციას. შესაბამისად, დიახ, ვფიქრობ მასწავლებლებმა უნდა ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ მოსწავლეებმა სწორად სწავლა. ამ დროს ემოციური კამათი დაუშვებელია. თუმცა, ვაღიარებ, ეს ძალიან რთულია, რადგან მეც გვიან ვეზიარე კრიტიკული აზროვნების კულტურას. ფაქტია, რომ ჩემს შემთხვევაში, ეს სკოლაში არ მომხდარა. აქამდე დამოუკიდებლად მივედი. სწორედ ამიტომ, მესმის, რას განიცდიან ის მოსწავლეები, რომელთა კრიტიკული აზროვნება უარყოფით კონტექსტშია გააზრებული მასწავლებლების მიერ. მნიშვნელოვანია დისკუსიები, შემოქმედებით პროექტებში მონაწილეობა, სპეციალურ სავარჯიშოებზე მუშაობა და ა. შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, რომელიც ძალიან დიდი თვითგანვითარების შესაძლებლობას იძლევა. ბოლოს, როცა ჩემს მოსწავლესთან ერთად არაფორმალურ გარემოში ვმუშაობდი, იმაზე მეტი გავიგე მასზე რამდენიმე დღეში, ვიდრე – მთელი ერთი წლის განმავლობაში. მათ სურვილებზე, ემოციებზე დაკვირვება და მათი მისწრაფებების გააზრება/გაზიარება ყველაზე სასარგებლო და ამავდროულად, ყველაზე სასიამოვნოც კი შეიძლება აღმოჩნდეს მასწავლებლისთვის.

როგორც მშობელი, ხშირად ვფიქრობ, რომ ქართულ სკოლებში ბევრ საკითხში (ბულინგი, ეკონომიკური სიდუხჭირის შედეგები მოსწავლეებში, კრიმინალური მენტალობის პატივისცემა და სხვ) გამოუსწორებელი მდგომარეობაა. შენ რა გამოსავალს ხედავ ამ მხრივ?

მე ხასიათს ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. თუმცა, ვაღიარებ, რომ ეს ყველაფერს ართულებს, იმის გათვალისწინებით, რომ ის შეიძლება, სრულიად განსხვავებულ რამეს ნიშნავდეს განსხვავებული ადამიანებისთვის. მას თუ განვმარტავთ, როგორც ფასეულობათა კონკრეტული ერთობლიობის ერთგულებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დეფინიცია დროთა განმავლობაში აუცილებლად შეიცვლება. ისტორიას რომ გადავხედო, ვიქტორიანულ ინგლისში კარგი ხასიათის ადამიანი ის იყო, ვინც ხელმომჭირნეობას გამოავლენდა, საქართველოში ღვთისმოსავი, პატიოსანი ადამიანი ითვლებოდა კარგი ხასიათის ადმიანად და ა. შ. უფრო მოგვიანებით კი, ჩვენს უახლოეს წარსულში, ეს კრიმინალური მენტალობის ადამიანების ხასიათის პატივისცემამ ჩაანაცვლა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ხასიათი დამყოლი, მოქნილი უნარების ერთობლიობაა, რომლებიც შეგვიძლია, ვასწავლოთ. მასწავლებელს შეუძლია, ასწავლოს, რომ მოსწავლის ხასიათი მისი კონკრეტული ეთიკური სისტემიდან კი არ უნდა მომდინარეობდეს, არამედ – მათი პრაქტიკული სარგებლიდან.

ასევე, მნიშვნელოვანია, იყო მოდელი, მაგალითი. მართლია, მე, როგორც მასწავლებელს, არ შემიძლია, ერთბაშად შევცვალო სხვების ქცევა და დამოკიდებულება, მაგრამ მე შემიძლია, შევცვალო ჩემი ქცევა, დამოკიდებულება, ფიქრები, განცდები, აქტივობები, სურვილები, არჩევანი და შედეგად მივიღო მინიმუმ ერთად მუშაობის სურვილი და შესაბამისი განწყობა. და თუნდაც მათი სურვილი, მომბაძონ კარგ საქმიანობებში. ერთი ფაქტი გამახსენდა: როცა სკოლაში ველოსიპედით მივედი, მეორე დღეს რამდენიმე მოსწავლეც ველოსიპედით მოვიდა სკოლაში.

რაც შეეხება ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ვფიქრობ, დღეს ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა მისი გონებრივი განვითარების განმსაზღვრელია. მოსწავლეს, რომელსაც შია, ვერ ვასწავლი, თავი იგრძნოს დანაყრებულად და გაკვეთილზე მაღალი აღმასრულებელი ფუნქციონირების უნარები გამოიმუშაოს. ასევე, არსებობს უამრავი კვლევა, მძიმე ბავშვობის გამოცდილებასა და ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირზე. ეს ძალიან მძიმე თემაა და ამაზე სასაუბროდ დრო არც მეყოფა.

რადგან ბულინგზე ჩამოვარდა სიტყვა: ბავშვთა ფსიქოლოგებისგან გამიგია, რომ არსებობს ბულინგის „ტრადიციების“ მქონე სკოლები, და მაქსიმუმი, რასაც ისინი ამ სკოლებთან დაკავშირებით გვირჩევენ, მათგან თავის შორს დაჭერაა. როგორც მასწავლებელი, როგორ ფიქრობ, რა საშუალებით არის შესაძლებელი სკოლაში ბულინგის პრობლემის თავიდან აცილება/მოგვარება?

მასწავლებლის და ოჯახის მაქსიმალური თანამშრომლობით.

ყოველთვის არსებობდა და იარსებებს პრობლემა: ოჯახიდან ბავშვი მოდის გარკვეული ღირებულებებით, შეხედულებებით და აზრებით დატვირთული, რომელიც, შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში იყოს მჩაგვრელი, ძალადობრივი, მერკანტილური კულტურის ჩამოყალიბების საფუძველი ბავშვებში. ამ შემთხვევაში, რა არის მასწავლებლის როლი და არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, თუნდაც დაშვების დონეზე, რომ ბავშვებში მსგავსი შეხედულებები სწორი ღირებულებებით ჩანაცვლდეს?

სანამ ის თავსატეხი არსებობს, თუ როგორ მიაღწიონ შვილებმა წარმატებას, – იქამდე ვიქნებით წარუმატებლები. მოდით, წარმატების განსაზღვრა მათ მივანდოთ. ჩემთვის წარმატება განისაზღვრება, თუ დღეში გავივლი მინიმუმ 6 კილომეტრს ფეხით.

მშობლებთან ურთიერთობის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მოსწავლეების წარმატება განისაზღვრება სასკოლო შეფასებებით. მსგავსი დამოკიდებულება მოსწავლეებში ააქტიურებს მჩაგვრელს, რომელიც მზადაა, უარი თქვას ამხანაგის დახმარებაზე, თანადგომაზე. სრულიად უგულებელყოფილია დამარცხების აუცილებლობა, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი განმავითარებელი ფაქტორი ბავშვებისთვის. შედეგად, ხშირია იმედგაცრუება, აგრესია, რის დაძლევასაც უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მათი დამარცხების შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას, და ამის შედეგად უკეთესი შედეგის მიღებას.

რას ისურვებდი საკუთარი თავისთვის და ბავშვებისთვის?

ჩემი აზრით, მასწავლებლები თავიანთ თავს უნდა ეუბნებოდნენ, რომ ბავშვებს აქვთ არჩევანი – მათ უნდა უნდა შეძლონ სწავლა იმიტომ, რომ მათ ეს მოსწონთ და უნდათ სწავლა მაშინაც კი, როცა მათ არ მოსწონთ. ჩვენი ურთიერთობა მოსწავლეებთან ჰგავს ერთგვარ გარიგებას, როცა ორივე მხარე ვალდებულია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. მაგალითად, „მე შენ დაგეხმარე. შენ რის გაკეთებას აპირებ ჩემთვის“? ცოტა ხანში კი აღმოაჩენ, რომ სრულყოფილების სრულიად მისტიკურ სფეროში აღმოვჩნდით – ჩვენივე თამაშის მწვერვალზე.

მასწავლებლობის შედეგი ძალზე ჩვეულია – ან მარცხდები მრავალი წარუმატებლობისგან საქმიანობის დასაწყისშივე; ან ხარ იმდენად მტკიცე და შეუდრეკელი, რომ აღწევ შედეგს, რადგან გჯერა, რომ ყველა ბავშვი აუცილებლად ისწავლის, თუ მას არ მოაკლდება გამხნევება და დრო, რომელსაც ისინი იმსახურებენ.

ესაუბრა შორენა გაბუნია