ავტორი: დავით დარჩიაშვილი
მოკლედ, რაც წამიკითხავს ამ თემაზე, ან რაც პირადად გამომიცდია, მაფიქრებინებს, რომ ქალი და კაცი ერთნაირი არ არის. საქმე მარტო იმაში არაა, სქესის რა გარეგნული ნიშნები აქვს თითოეულ მათგანს, თუმცა, სადღაც მაგაშიც არის. ვფიქრობ, დიდწილად, მათი მსოფლაღქმა განსხვავებულია. ის, რომ ზოგი ქალი კაცის ფსიქოტიპს გავს და პირიქით, ეს გამონაკლისებია და, დიდწილად, ფემინიზმის იმ ნაკადის წისქვილზეც ასხამს წყალს, რომლის თანახმად, არათუ გენდერი, სქესიც ერთი დიდი განგრძობადობაა. მაგრამ, ამ განგრძობადობას აქვს პოლუსები – გინდა თუ არა. ჰოდა, რომ გავაგრძელო, დღესაც და ისტორიულადაც, ქალთა სქესი დაქვემდებარებულია. ამას დღეს დაჩაგრულობას ეძახიან.
საპარლამენტო კვოტები ამ ვითარებას ვერ აღმოფხვრის, მაგრამ შეიძლება, წაადგეს. ყოველ შემთხვევაში, არაფერს აზიანებს. რა თქმა უნდა, კვოტების მექანიზმს სხვა მექანიზმები და სტრუქტურებიც სჭირდება, რომ ფიქციად არ იქცეს. მაგრამ, თუ გვინდა საზოგადოების უკეთესი წარმომადგენლობა პოლიტიკაში, აქცენტი მარგარეტ ტეტჩერებზე ან ელენე ხოშტარიებზე კი არ უნდა კეთდებოდეს, არამედ – რიგით მაროებზე, სამირებზე, შუშანებზე და ლუსიებზე, რომელსაც ჯემალები მომხმარებლურად უყურებდნენ და უყურებენ.