რას ვგრძნობთ პანდემიის დროს?
მწუხარებას.
თუ ამას ვიტყვით, გავუმკლავდებით კიდეც.
დასახმარებლად დევიდ კესლერს (David Kessler) მივმართეთ, რომელიც მსოფლიოში მწუხარების მთავარი ექსპერტია. მან ელიზაბეტ კუბლერ-როსთან (Elisabeth Kübler-Ross) ერთად წიგნიც დაწერა – „მწუხარების არსის განსაზღვრა დანაკარგის ხუთი სტადიის მეშვეობით“. მისი ახალი წიგნი „არსის ძიებაში: მწუხარების მეექვსე სტადია“, პროცესს კიდევ ერთ სტადიას ამატებს. კესლერს საგანგებო სიტუაციებში დახმარებაზე უმუშავია ლოს-ანჯელესის საავადმყოფოებში, წითლ ჯვარში, მან დააარსა www.grief.com , რომელსაც ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს, 167 ქვეყნიდან.
კესლერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ ის მწუხარება, რომელსაც განვიცდით.
„ჩვენ უამრავ სახვადასხვა მწუხარებას განვიცდით. ჩვენ ვგრძნობთ, რომ სამყარო შეიცვალა, და ეს მართლაც ასეა. ვიცით, რომ ეს დროებითია, თუმცა გვესმის, რომ ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება. იმის მსგავსად, თუ როგორ მნიშვნელოვნად შეიცვალა აეროპორტით მგზავრობა 11 სექტემბრის შემდეგ, შეიცვლება ყველაფერი, და ფაქტიურად, უკვე შეცვლილიცაა. ნორმალური ცხოვრების დაკარგვა, ეკონომიკური ზარალი, კავშირის გაწყვეტა – ეს ყველაფერი გვადარდებს და გვამწუხრებს. კოლექტიურად ვწუხვართ, და ამას მიუჩვეველნი ვართ.
ასევე, ჩვენ წინსწრებით მწუხარებასაც განვიცდით იმის თაობაზე, თუ რა გველის ბუნდოვან მომავალში. როგორც წესი, ეს სიკვდილია. ჩვენ ამას ვგრძნობთ, როცა საშინელ დიაგნოზს ვიგებთ, ან როცა მშობლების სიკვდილზე დავფიქრდებით. წინასწარი მწუხარება – ასევე მკაფიოდ წარმოდგენილი მომავალია. შტორმი ახლოვდება. იქ რაღაც ცუდია. ეს ვირუსი ადამიანებს უბედურებაში ითრევს… ჩვენმა პრიმიტიულმა გონებამ იცის, რომ ხდება რაღაც ცუდი, რომელსაც ვერ ვხედავთ. ეს ჩვენი უსაფრთხოების განცდას არღვევს. მე არ ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების განცდა ყველამ ერთად დავკარგეთ, ეს ცალკეულმა ადამიანებმა და ჯგუფებმა იგრძნეს მხოლოდ. მაგრამ, ჩვენ ყველანი ერთად ვართ, – ეს რაღაც ახალია. ჩვენ ვდარდობთ მიკრო და მაკრო დონეებზე.
მწუხარების სტადიის გაცნობიერება – ეს დასაწყისია. მაგრამ, ყოველ ჯერზე, როცა მწუხარების სტადიებზე ვსაუბრობ, ადამიანებს უნდა შევახსენო, რომ ეს სტადიები თანამიმდევრული არაა.
არის უარყოფა: ეს ვირუსი ჩვენ არ შეგვეხება.
არის ბრაზი: შენ მე შინ დარჩენას მაიძულებ და ლუკმაპურს მართმევ.
არის გარიგება: კეთილი, თუ ორკვირიან სოციალურ დისტანციას დავიცავ, ყველაფერი კარგად იქნება, ხომ?
არის სევდა: არ ვიცი, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი
და ბოლოს, არის მიმღებლობა: უნდა გავარკვიო, როგორ მოვიქცე.
მიმღებლობა, ის, თუ როგორ შეგვიძლია მომავალში საკუთარი თავების წარმოდგენა, – აი აქაა ჩვენი სიძლიერე. ჩვენ მიმღებლობაში კონტროლს ვპოულობთ. მე დავიბან ხელებს, დავიცავ უსაფრთხო დისტანციას, ვიმუშავებ ონლაინ.
რაც შეეხება წინსწრებით მწუხარებას: ჩვენი გონება რაღაც სურათს წარმოგვიდგენს. მშობლები ავად არიან, ყველაზე უარეს სცენარებს ვხედავთ. სინამდვილეში, გონება გვიცავს. ჩვენი მიზანია, არ დავაიგნოროთ ეს წარმოდგენები და მათი იგნორირება არ ვცადოთ. მთავარია, ჩვენს ფიქრებში ბალანსი ვიპოვოთ. მაგალითად, თუ ყველაზე საშინელი წარმოდგენები გადაგვძლევს, თავი უნდა ვაიძულოთ, უკეთესზე ვიფიქროთ. ყველანი ცოტას ვიავადმყოფებთ და ყველაფერი მოგვარდება. ყველა, ვინც მიყვარს, არ მოკვდება. გონებაში არც ერთი სცენარი არ უნდა დავაიგნოროთ, თუმცა, არც ერთ სცენარს არ უნდა მივცეთ დომინაციის საშუალება.
წინმსწრები მწუხარება – ესაა მომავალში ცუდის მომლოდინე გონება. დასამშვიდებლად, დავბრუნდეთ აწმყოში. ადამიანებს მუდამ უკვირთ, რაოდენ პროზაული შეიძლება იყოს ეს პროცესი. თქვენ შეგიძლიათ, ოთახში მდებარე ხუთი საგანი დაასახელოთ: კომპიუტერი, სკამი, ძაღლის ფოტო, ძველი ხალიჩა და ყავის ჭიქა. დიახ, ეს მარტივია. ამოისუნთქეთ. გესმოდეთ, რომ ამ მომენტში არაფერი მომხდარა, რაც წარმოიდგინეთ. ამ მომენტში ხართ სრულ წესრიგში. გაქვთ საკვები, ავად არ ხართ. იფიქრეთ საგნებზე: მაგიდა მძიმეა, პლედი – რბილი. იგრძენით ცხვირში გამავალი ჰაერი. ეს ტკივილს შეგიმსუბუქებთ.
ასევე, შეგვიძლია, ვიფიქროთ, თუ როგორ გავატაროთ ის, რისი გაკონტროლებაც არ შეგვიძლია. ის, რასაც ჩვენი მეზობელი აკეთებს, ჩვენს კონტროლს მიღმაა. ამიტომ, ვკონცენტრირდეთ იმაზე, რისი გაკონტროლებაც ჩვენ შეგვიძლია.
ყველაზე მთავარია, აღვიჭურვოთ თანაგრძნობით. ყველა ადამიანს შიშისა და მწუხარების სხვადასხვა დონე უვლინდება, სხვადასხვა სახით. ამიტომ, უნდა ვიყოთ მომთმენნი.
გამოცდილება გვეუბნება, რომ უსაფრთხოების ზომები, რომელსაც ვიცავთ, სწორია. ამ ყველაფრის გაძლება შესაძლებელია. აუცილებლად გავუძლებთ. ესაა გადამეტებული თავდაცვის დრო და არა – გადამეტებული რეაქციების.
მწუხარების მეექვსე საფეხური არსია. მიმღებლობის შემდეგ, ყველაზე პირქუშ მომენტებში, ყველანი ცხოვრების არსს ვეძებთ. ტექნოლოგიების მეშვეობით, ადამიანები სიახლოვეს მაინც ინარჩუნებენ. ჩვენ არ ვართ ისე შორს, როგორც გვგონია. მე მჯერა, რომ ცხოვრების არსის პოვნა არ გაგვიჭირდება, ახლაც და მერეც, როცა ეს ყველაფერი დასრულდება.
თუ ამ ყველაფერს კითხულობთ და მაინც მწუხარებისგან სასოწარკვეთილი ხართ, განაგრძეთ ცდა. მწუხარება გვეხმარება იმის შეგრძნებაში, თუ რა არის ჩვენ შიგნით. „წინა ღამით ვიტირე“, – როცა ჩვენ ამას ვამბობთ, ამას ვგრძნობთ კიდეც. ემოციას მოძრაობა სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ვაღიარებთ ჩვენს განცდებს. თვითდახმარების ერთი უსიამოვნო გვერდითი მოვლენა ისაა, რომ ჩვენ პირველი თაობა ვართ, ვინც თავისი გრძნობების მიმართ გრძნობებს განიცდის. ჩვენ საკუთარ თავებს ვეუბნებით: მოწყენილი ვარ, მაგრამ ამას არ უნდა ვგრძნობდე, რადგან სხვები უარესად არიან. ჩვენ პირველ გრძნობაზე უნდა გავჩერდეთ. მოწყენილი ვარ. გამიშვი 5 წუთით, რომ მოვიწყინო. ჩვენი ამოცანაა, ვიგრძნოთ ჩვენივე მოწყენილობა, შიში და რისხვა, მიუხედავად იმისა, გრძნობს თუ არა ამას კიდევ ვინმე სხვა. მასთან ბრძოლა არ გვშველის, რადგან ჩვენი სხეული გრძნობას გამოხატავს. მაგრამ, თუ ამ გრძნობებს არ შევაკავებთ, ისინი მოწესრიგდებიან, და ეს გაგვაძლიერებს. ამ შემთხევვაში, მსხვერპლნი უკვე აღარ ვართ.
ხანდახან ვცდილობთ, არ ვიგრძნოთ ის, რასაც ვგრძნობთ. თუ მე მოწყენილი ვარ და ამ გრძნობას ჩემში ვუშვებ, ეს არასოდეს გაქრება. ცუდი გრძნობების გროვა წაგვლეკავს. სიმართლე კი არის შეგრძნება, რომელიც ჩვენი მეშვეობით მოძრაობს. ჩვენ ამას ვგრძნობთ, იგი მიდის, და მომდევნო გრძნობას უთმობს ადგილს. აბსურდია იმის ფიქრი, რომ ახლა მწუხარებას არ უნდა ვგრძნობდეთ. უბრალოდ, უნდა ვიგრძნოთ და განვაგრძოთ მოძრაობა“.