სექსუალობა

Disney-ს ახალი კამპანია პრინცესების სტერეოტიპულ იმიჯს ამსხვრევს

ბოლო დროს, დისნეის პრინცესების მისამართით ბევრი კრიტიკა ისმის. ადამიანები უკვე ფიქრობენ, რომ ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები – თუნდაც კონკია, ფიფქია, არიელი და ბელი, პატარა გოგონებისთვის მისაბაძი მაგალითები სულაც არ არიან. მაგალითად, 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ პრინცესების ვიდეოებისა და თოჯინა-ინვენტარის მომხმარებელი გოგონები, დიდი ალბათობით, ზრდასრულ ცხოვრებაში მეტად დაექვემდებარებიან გენდერულ სტერეოტიპებს.

დისნეის ბოლო გოგო პერსონაჟები – ელზა Frozen-იდან, ელენა და მოანა Elena of Avalor-იდან, ეკრანზე გოგონათა პერსონაჟების ხასიათის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოწმობს. კომპანიის ბოლოდროინდელი პროდუქცია მოძველებული წარმოდგენების მსხვრევის მცდელობაა იმის შესახებ, რომ გოგონას სურს, პრინცმა იგი მომხიბვლელობის გამო გადაარჩინოს.

ფოტოგამოფენისთვის #DreamBigPrincess, კომპანია Disney-მ 19 ქალ ფოტოგრაფს სთხოვა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქალთა ძლიერი როლური მოდელების პოზიტიური გამოსახულებები შეექმნათ. ასე შეიქმნა საინტერესო ფოტოსერია, რომელიც წარმოგვიდგენს ფეხბურთელ, სერფერ, პროგრამისტ გოგონებს, ასევე მისაბაძ და საამაყო ქალებს – გაეროში სიტყვით გამოსულ ყველაზე ახალგაზრდას, ავღანეთში ქალ ველომრბოლელთა გუნდის ლიდერს, ჩინელ პარაოლიმპიელ ჩემპიონს.

დაწყებული 15 აგვისტოდან, ნებისმიერ დროს, რამდენჯერაც სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ამ ფოტოთაგანი ჰეშთეგ #DreamBigPrincess-ის ეგიდით გაზიარდება ან დალაიქდება, კომპანია Disney 1 დოლარს გაიღებს გაეროს ფონდის კამპანიისთვის, სახელწოდებით Girl Up, რომელიც ახალგაზრდა ქალების უფლებათა და შესაძლებლობათა გაფართოებას უწყობს ხელს. Disney Worldwide Services-ს იმედი აქვს, რომ ფონდისთვის 1 მილიონ დოლარს შეაგროვებს.

კეიტ პარკერი (Kate Parker), პროექტში მონაწილე ერთ-ერთი ფოტოგრაფი და ავტორი წიგნისა Strong Is The New Pretty, ამ კამპანიის მიმართ დიდ მხარდაჭერას გამოხატავს. „ისევე, როგორც ბავშვების უმრავლესობა, ჩემი გოგონებიც დისნეისა და მისი პრინცესების დიდი გავლენის ქვეშ იზრდებოდნენ, – ამბობს იგი, – ამიტომაც, მე სულ მინდოდა, გამეერთიანებინა პრინცესებისა და ნამდვილი გოგონების უფლება-შესაძლებლობების გაფართოების ხერხი“. ამ მიზნით, კეიტმა თავის უმცროს გოგონას, 9 წლის ელისსა და მის თანატოლებს დისნეის პრინცესის კოსტიუმები გადააცვა და ასე მისცა ველოსიპედით სეირნობის, ტალახში ფეხბურთის თამაშის საშუალება. „ბევრი გოგო ფიქრობს, რომ ან უნდა იყო ყაჩაღანა გოგო, ან – გამოპრანჭული. მაგრამ, ელისს ორივე მოსწონს. მან უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი რიგზეა, და თავისუფლად შეუძლია, იყოს ის, ვინც სურს. სამწუხაროდ, ამ თემაზე ცოტას საუბრობენ“.

ფოტოსესიაში პარკერის ფოტოზე მეცხრეკლასელი გრეისია აღბეჭდილი, რომელიც ამჟამად ძვლის სარკომის მკურნალობას გადის, პარალელურად კი 5-კილომეტრიან მარათონზე სირბილში ვარჯიშობს. „მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ, გოგონებს ვაჩვენო ის, თუ რა არის შესაძლებელი. დღესდღეობით, გოგონების უამრავი ფოტო Photoshop-ით ლამაზდება და რეალური სულაც არაა. მე არ მინდა, ჩემმა გოგონამ იფიქროს, რომ სწორედ ესაა მისაბაძი მაგალითი. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ სიმართლესა და გულწრფელობას ვიტყვით როგორც ქალები და როგორც ფოტოგრაფები, მით მეტად ჩამოვიცილებთ ამ მიუწვდომელ, არარეალურ იდეალებს“.

ფოტოკამპანია Dream Big Princess სოციალურ ქსელებში 11 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული. შეგახსენებთ, მისი გაზიარებისა და მოწონების შემთხვევაში, კარგი გოგონების გაძლიერების საქმეს შევუწყობთ ხელს.

წყარო: vogue.com