სექსუალური შევიწროება

რატომ მიმართავენ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულნი ქალი ადვოკატების დახმარებას? დონა როტუნოსა და ვაინშტაინის მომგებიანი ტანდემი

ნიუ-იორკის კრიმინალურ სასამართლოში მოსმენები დაიწყო ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მოძრაობა #MeToo-ს უკავშირდება. სხვადასხვა საქმის ბრალდებების ერთობლიობით, ჰოლივუდის ყოფილ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს სამუდამო პატიმრობა ელის. მიუხედავად ამისა, ყოფილმა კინომაგნატმა არცთუ ისე ცნობილი ადვოკატი აირჩია.

ბოლო რამდენიმე თვეში, ადვოკატმა დონა როტუნომ (Donna Rotunno) ათობით ინტერვიუ დაარიგა ამერიკულ მედიაში. იგი გამოდიოდა წამყვანი ტელეარხების ეთერში და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა მოძრაობა #МeToo-ს ლიდერებს. გლამურული გამოცემების ჟურნალისტებს იურისტი დაჟინებით უმეორებდა, რომ სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულებსაც აქვთ ობიექტურ სასამართლოზე წვდომის უფლება, და რომ მისი კლიენტი ჰარვი „განტევების ვაცია“, რომელიც #МeToo-ს სჭირდებოდა.

გასული წლის მაისამდე, მისი სახელი არავინ იცოდა. ჟურნალი Vanity Fair წერდა, რომ მის საადვოკატო ფირმას საკუთარი ვებგვერდიც კი არ გააჩნია, ხოლო კლიენტებთან ურთიერთობისას, იგი ზოგჯერ Yahoo-ს ელექტრონულ მისამართს იყენებდა.

მიუხედავად ამისა, ის ტექსტური შეტყობინება, რომელიც დონას მდივანმა შარშან მაისში მიიღო, მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. „მე სწორედ მსგავსი საქმეებით ვარ დაკავებული“, – განაცხადა ადვოკატმა.

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ ბრალდებებმა პირველად 2017 წლის შემოდგომაზე გაიჟღერა, როდესაც გაზეთ New York Times-სა და ჟურნალ New Yorker-ს ჰოლივუდის რამდენიმე მსახიობმა ქალმა და კომპანიების თანამშრომელმა ქალებმა განუცხადეს, რომ პროდიუსერი სულ ცოტა 30 წლის მანძილზე იყენებდა თავის მდგომარეობას სექსუალური შევიწროებისთვის.

ჯამში, ექს პროდიუსერის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ 80-ზე მეტმა ქალმა განაცხადა. სწორედ ეს საჩივრები გახდა საერთაშორისო მოძრაობა #MeeToo-სა და ჰოლივუდში დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გაშლილი მოძრაობა Time’s Up-ის საფუძველი. ვაინშტაინის წინააღმდეგ განმცხადებელთა ადვოკატი კალიფორნიელი გლორია ოლრედია (Gloria Allred), მოძრაობა #MeToo-ს ერთ-ერთი ფუძემდებელი. დონა როტუნოს, მის ამჟამინდელ ოპონენტს სასამართლო დარბაზებში, ამერიკულ მედიაში ჩვეულებრივ „ანტიგლორიას“ უწოდებენ.

2018 წლის მაისში, ვაინშტაინი ნებაყოფლობით ჩაბარდა მართლმსაჯულებას. იგი დააპატიმრეს. ამა წლის იანვარში დაწყებული სასამართლო პროცესების დროს, განხილულ იქნება მისი ყოფილი თანაშემწის მიმი ჰალეის (Mimi Haleyi) ბრალდებები, რომელმაც განაცხადა, რომ 2006 წელს, სოჰოზე, თავის ნიუ-იორკის ბინაში, პროდიუსერმა მას ორალური სექსი აიძულა. კიდევ ერთი მომჩივანი, რომლის სახელი არ ხმაურდება, ამტკიცებს, რომ ვაინშტაინმა იგი ოტელ DoubleTree-ს ოტელში, მანჰეტენზე, 2013 წელს გააუპატიურა.

ჯერჯერობით, ექს პროდიუსერის მიმართ წარდგენილია ბრალდებები „დანაშაულებრივი სექსუალური შევიწროების“ 5 პუნქტის მიხედვით. ყოფილი კინომაგნატის წინააღმდეგ პროცესებზე, სავარაუდოდ, კიდევ მინიმუმ 4 ქალი მისცემს ჩვენებას.

თავად ვაინშტაინი და მისი დამცველები ჯიუტად იმეორებენ, რომ ყველაფერი ურთიერთთანხმობით მოხდა.

ბრალის წაყენების შემდეგ, პროდიუსერი თავდებში გაათავისუფლეს, 1$ მილიონის გადახდის ფასად. 2019 წლის ბოლოს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ეს თანხა 2$-მდე გაიზარდა, რადგან ვაინშტაინმა ელექტრონული ბრასლეტის ტარების პირობები დაარღვია.

გაცილებით სერიოზულ პრობლემად მისი ადვოკატებთან დამოკიდებულება იქცა. ამერიკული მედიის ცნობით, თავდებით გამოსულმა ვაინშტაინმა თავის დამცველებს 24-საათიანი ყურადღება მოსთხოვა, მათ გამუდმებით სწერდა უამრავ ელექტრონულ შეტყობინებას. აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილმა ადვოკატმა ბენჯამენ ბრაფმანმა, რომელიც ყოფილი პროდიუსერის იურიდიულ გუნდში შედიოდა, განაცხადა, რომ მისი კლიენტი გამუდმებით დაიარებოდა ადვოკატის ოფისში და თავის დამცველს კითხვების კორიანტელს აყრიდა.

ვაინშტაინის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა რონ სალივანმა საქმიდან ჩახსნა მოითხოვა მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულებამ მის დეკანად დანიშვნაზე უარი თქვა. ამის მიზეზად სტუდენტების მასობრივი პროტესტი იქცა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სახელგატეხილი მოძალადის დაცვის გამო.

ასევე, ადვოკატმა ხოსე ბაესმა ოფიციალურად მოითხოვა სასამართლოსგან საქმიდან ჩამოცილება და მიზეზად „გაუმართლებლად რთული კლიენტი“ დაასახელა. მას შემდეგ, რაც შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ადვოკატმა ჟურნალისტებს ხუმრობით განუცხადა, რომ ისეთი გრძნობა აქვს, „თითქოს ლატარია მოიგო“.

დონა როტუნო ნიუ-იორკში რამდენიმე დღის შემდეგ ჩაფრინდა, რაც ექს პროდიუსერის მეგობრისგან შეტყობინება მიიღო, და ვაინშტაინს მის მანჰეტენის ოფისში შეხვდა.

„მან მითხრა, როგორც ჩანს, ძალიან კარგი ადამიანი ხართო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს ადვოკატი. ვაინშტაინმა მას თავის ადვოკატთა ჯგუფის ხელმძღვანელობა შესთავაზა და უთხრა, რომ შეუძლია, გაათავისუფლოს ნებისმიერი მათგანი და მათ ადგილას თავისი იურისტები მოიყვანოს.

პირველი შეხვედრა ახალ კლიენტთან 8 საათს გაგრძელდა. უკვე ერთ კვირაში, დონა როტუნომ ჟურნალ Newsweek-ში სვეტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ მოძრაობა #MeToo-ს აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მის კლიენტს შანსი არ დაუტოვეს, ეოცნება სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლოზე. მისი აზრით, ჰარვი ვაინშტაინი „ცალმხრივი და სუბიექტური მედიაშეტევის“ მსხვერპლია, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე საყურადღებოა „ყველა ძმის, ვაჟისა და მამისთვის ქვეყანაში“: „არავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენ არ გახდებით შემდეგი, – ამბობს იგი, – დიდი ხნით ადრე, ვიდრე მოსამართლის წინაშე წარსდგებოდეთ, თქვენთვის წაყენებული ბრალდებები თქვენს რეპუტაციასა და ცხოვრებას გააცამტვერებს“.

ნიუ-იორკის კრიმინალურ სასამართლოში ჩიკაგოელი ადვოკატი პირველად გასული წლის აგვისტოში გამოჩნდა და მყისვე სენსაციად იქცა. New York Times-მა ცალკე ყურადღება გაამახვილა ახალი ადვოკატის ჩაცმულობაზე: Salvatore Ferragamo-ს შავ ქვედაბოლოზე გეომეტრიული პრინტით, მკაცრ ბლუზაზე, ტყავის ჩანთასა და Jimmy Choo-ს ფეხსაცმელზე. დონას ყელზე თავს იწონებდა ოქროს ჯაჭვი წარწერით Not Guilty (არ ვარ დამნაშავე).

თავად როტუნომ თავისი გარეგნობა მოკლედ განმარტა: „ნაფიცი მსაჯულები პატივს სცემენ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ჩაცმულობით ამაყობენ“.

გაცილებით დიდი ყურადღება მიიპყრო ადვოკატის პირველმა განცხადებამ. მან თქვა, რომ მოძრაობა #MeToo-ს აქტივისტებმა სახიფათო გახადეს კაცისა და ქალის ჩვეულებრივი ურთიერთობა. „ვწუხვარ, რომ კაცები უნდა დაზარალდნენ იმის გამო, რომ ქალებს კომპლიმენტებს ეუბნებიან და მათი გულის მოგებას ცდილობენ. ჩვენ 500 პოზიტიური მაგალითი გვაქვს იმისა, თუ რა მოიტანა ამ მოძრაობამ, და ერთი ნეგატიური – თქვენ გართმევენ უფლებას პირუთვნელ სასამართლოზე, საქმის მიუკერძოებელ განხილვაზე და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე. ეს კარგი რამეები ვერ გადასწონიან ამ ცუდს. ეს რა მოძრაობაა, რომელიც ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს?“, – განაცხადა მან.

დონა როტუნო ჩიკაგოს გარეუბანში გაიზარდა, ადგილობრივ კათოლიკურ კოტეჯში სწავლობდა, იურისტის დიპლომი კი Chicago-Kent-ის კოლეჯში მიიღო. კარიერა კუკის საოლქო პროკურატურაში დაიწყო, შემდეგ ილინოისის პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა. 2003 წლიდან გადაწყვიტა, სახელმწიფო სამსახური მიეტოვებინა და კერძო საადვოკატო ფირმა გაეხსნა, რაც 29 წლის ასაკში აასრულა კიდეც.

მის მიერ არჩეულმა სპეციალიზაციამ – მოძალადეებისა და სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულების დაცვამ – მის კოლეგებში გაოცება გამოიწვია.

„უბრალოდ, ასე გამოვიდა, ქალ ადვოკატზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა მსგავსი სახის დანაშაულებისას. ვფიქრობ, კაცებს ჰგონიათ, რომ ეს მათ უშველის. ეს ასე ხდება: იღებ ერთ საქმეს, იგებ, შემდეგ იღებ მეორეს, მესამეს და ყველას იგებ. ამის შემდეგ, გიყალიბდება გარკვეული რეპუტაცია და მსგავსი კლიენტები თავად გიკავშირდებიან“, – განმარტავს როტუნო.

მხოლოდ ბოლო 15 წლის მანძილზე, ადვოკატმა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ 40-მდე სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილეობა და ამით აშშ-ში ამ დანაშაულზე სპეციალიზებულ ყველაზე შედეგიან ქალ იურისტად იქცა. მის კლიენტთა შორის არიან პროფესიული საფეხბურთო გუნდის Chicago Bears-ის მოთამაშე შონ გეილი (მეგობარი გოგოს მკვლელობაში ბრალდებული), მოდის დიზაინერი ელჰაჯი „ჰაჯ“ გაიი (გაუპატიურებაში დადანაშაულებული), ცნობილი ადვოკატი სტენლი სტალვორსი (სიმთვრალეში კაცის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული) და ა. შ. ყველა მათგანი, სასამართლოზე გამართლდა.

პარალელურად, 44 წლის დონა რუტინო კონსულტანტია ცნობილი ადამიანებისა და პროფესიონალი სპორტსმენების წინააღმდეგ პროცესებში. მსგავსი კლიენტების სახელებს იგი არ ახმაურებს. „თუ ჩიკაგოში ნებისმიერ პროცესს ახსენებენ, სადაც სექსუალურ დანაშაულში ცნობილ ადამიანებს სდებენ ბრალს, ჩათვალეთ, რომ ყველა ამ ადამიანს ჩემთან აქვს დარეკილი“, – ამბობს დონა.

შარშან, ჯერ კიდევ მანამდე, რაც როტუნო ვაინშტაინის ინტერესების დაცვას შეუდგა, მან დეტალურად განმარტა თავისი მუშაობის უპირატესობა.

„ქალი განმცხადებლის ჯვარედინი დაკითხვისას, სასამართლო დარბაზში გაცილებით მეტის უფლების მიცემა შემიძლია საკუთარი თავისთვის, ვიდრე კაც ადვოკატებს. კაცი შეიძლება შესანიშნავი პროფესიონალი იყოს, მაგრამ ქალს თუ ისეთი გააფთრებით დაესხმება თავს, როგორც მე, მოძალადედ გამოჩნდება. მაგრამ, თუ მე გავაკეთებ იგივეს, არავინ თვალსაც არ დაახამხამებს. ეს ძალიან ეფექტურად მოქმედებს“, – განმარტა მან.

მაგრამ, ვაინშტაინის საქმეში დაზარალებულის წარმომადგენელმა გლორია ოლრედმა როტუნოს პროდიუსერის წინააღმდეგ მომჩივანი ქალების დევნაში დასდო ბრალი. „ჩვენების მიმცემ მსხვერპლზე ეს გააფთრებული თავდასხმა გაუმართლებლად მიმაჩნია“, – განაცხადა მან.

ჰარვი ვაინშტაინის საქმეში დონა როტუნო და მისი გუნდის ადვოკატები იგივე გამოცდილი ტაქტიკის გამოყენებას აპირებენ. ამერიკული მედიის თანახმად, ადვოკატთა ჯგუფი სასამართლოში აპირებს, განაცხადოს, რომ ყველა სექსუალური კონტაქტი ექს პროდიუსერთან და სავარაუდო მსხვერპლებთან ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა, ხოლო მტკიცებულების სახით, სასამართლოში საქმეს თან ერთვის ელექტრონული მიმოწერა ვაინშტაინსა და ორ მომჩივანს შორის.

„პროკურორებს სურთ, თქვან, რომ ჰარვი ვაინშტაინს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა და შეეძლო, მიეღო ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. მე ამას მეორე მხრიდან განვიხილავ. მე ვხედავ ჰარვის და ვაცხადებ: „ვაინშტაინი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა იმ ციხე-სიმაგრის გასაღები, სადაც ყველას სურდა მოხვედრა. და ყველა, ვისაც ეს გაუკეთებია, მას იყენებდა და იყენებდა“, – ამბობს როტუნო, თუმცა, აღიარებს, რომ ნამდვილად არ ყოფილა მისი ყველა კლიენტი უდანაშაულო. მისი გამოთვლის თანახმად, მათ 20%-ს სექსუალური დანაშაული აქვს ჩადენილი, 20%-ს არაფერი უკანონო არ ჩაუდენია, ხოლო 60%-ს შესაძლოა დაურღვევია კანონი, მაგრამ ამის დასამტკიცებლად საკმარისი სამხილი არ შეგროვებულა. მიუხედავად ყველაფრისა, დონა მაინც მზადაა, სასამართლოში დაიცვას ისინი, ვინც, მისი აზრით, „ყველაზე საზარელი დანაშაულები ჩაიდინა“. ერთადერთი, იგი უარს იმ კლიენტებს ეუბნება, რომლებიც ბრალდებულნი არიან ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებში.

„არ მომწონს, ავიღო საქმეები, სადაც მსხვერპლები ბავშვები არიან. უბრალოდ, ამაში არანაირი მონაწილეობის მიღება არ მსურს!“, – აცხადებს იგი.

www.nytimes.com