სტატიები

ძვირფასო კაცებო, თუ ფიქრობთ, რომ ძლიერ და დამოუკიდებელ ქალთან ურთიერთობა გსურთ…

ჯესიკა ტეილორი

ეს ბლოგი კაცებისთვისაა დაწერილი, უშუალოდ კაცებს მიმართავს, კაცებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჰეტერო თუ ბისექსუალ ქალებთან ურთიერთობით.

უფრო კონკრეტულად, იგი იმ კაცებს მიემართებათ, რომლებიც ამბობენ, რომ ძლიერ, დამოუკიდებელ ქალებთან ურთიერთობა სურთ, კაცებს, რომლებიც ძლიერ, მტკიცე ქალებს სექსუალურად აღიქვამენ.

კაცებს, რომლებიც ფორუმებზე წერენ, რომ ეძებენ ქალებს, რომლებიც თავისას გადაიხდიან, თავიანთი კარიერა ექნებათ და ჭკუით გამოირჩევიან.

კაცებს, რომლებიც ამბობენ, რომ უყვართ ჭკვიანი, განათლებული ქალები, რადგან ისინი „ენერგიულები“ არიან.

გეცნობათ სიტუაცია? გეცნობათ მსგავსი კაცი?

არსებობს რაღაც, რაც უნდა იცოდეთ, ვიდრე მსგავსი თვისებების მქონე ქალებს გაეკიდებოდეთ. თუ თქვენ ამ ბლოგპოსტამდე მოხვედით და ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ კარგ პარტნიორობას გაუწევთ „ძლიერ, დამოუკიდებელ ქალს“, რომელსაც ეძებთ, – შესანიშნავია, ასევე განაგრძეთ.

მაგრამ, თუ ეს ბლოგპოსტი თქვენში დისკომფორტს და გაღიზიანებას გამოიწვევს, თქვენ შეგიძლიათ, თქვენს არჩევანს გადახედოთ და დაასკვნათ, რომ მტკიცე ქალისთვის კარგი პარტნიორი ვერ იქნებით. შესაძლოა, იმაშიც დაეჭვდეთ, იქნებ ქალებს აფეტიშებთ, ან მათი კონტროლი გსურთ.

ბევრი საკითხი, რომელზეც ბლოგპოსტში ვსაუბრობ, ყველა ქალისთვის აქტუალურია. პატივი ეცით ყველა ქალს. მე ამის მეტად ხაზგასმა არ შემიძლია. ეს „ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები“, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ, არაფრით უკეთესები არ არიან, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქალი, და არ ფასობენ სხვა ქალებზე მეტად.

დამოუკიდებელ ქალებს არ სჭირდებით

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ სინამდვილეში, „ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი“ არაფერში გჭირდებათ. მას არ სჭირდებით თქვენ, რათა მისი ცხოვრება დააფინანსოთ. მას არ სჭირდებით, რომ გადაარჩინოთ. მას არ სჭირდება კომპლიმენტები ან საჩუქრები, არც – თქვენი დაცვა ან დახმარება.

არა, მას არ სჭირდებით. ამის ნაცვლად, იგი დაინტერესებულია თქვენით.

პარტნიორის სურვილი პარტნიორის საჭიროებისგან განსხვავდება. ქალებს, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ, არ სჭირდებით, იმიტომ, რომ მათ ყველაფერი აქვთ. თუ თქვენ ეძებთ ქალს გამოსასწორებლად, გადასარჩენად, უზრუნველსაყოფად ან გასაკონტროლებლად – თქვენ უნდა შეხედოთ თქვენს თავს და მიხვდეთ, თუ რატომ გსურთ ურთიერთობებში დომინირება და არა – თანასწორობა.

თქვენთვის საინტერესო „ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი“ ურთიერთობებში თანასწორ პარტნიორს ეძებს და არა იმას, ვინც მის გადარჩენას და გაკონტროლებას ცდილობს.

თქვენ კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს, როცა თქვენთან ურთიერთობა სურთ, მაგრამ – არ სჭირდებათ. თუ თქვენ ისეთი ურთიერთობა გინდათ, სადაც ქალი ყველაფერში თქვენზეა დამოკიდებული, მაშ პრობლემა თქვენშია. ყოველ შემთხვევაში, განა ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტი არაა, როცა უნდიხართ და არა – სჭირდებით?

დამოუკიდებელ ქალებს თქვენი გამოსწორება ან მოვლა არ სურთ

თუ თქვენ გიზიდავთ დამოუკიდებელი ქალები, ნუ ელით, რომ ისინი მიატოვებენ ყველაფერს, რომ მოგიაროთ და თქვენს ცხოვრებას გადააკვდნენ. ურთიერთობაში თანასწორობა ერთმანეთის მხარდაჭერაა, მაგრამ არა – ძიძაობა და მოვლა. თქვენ ზრდასრული ადამიანი ხართ, თქვენც მოგეთხოვებათ დამოუკიდებლობა. ცხოვრებაში ინტერესები და მიზნები უნდა გქონდეთ. გაირეცხეთ თქვენთვის, მოამზადეთ საჭმელი, დაალაგეთ, გადაიხადეთ თქვენი გადასახადები. გაიხსენეთ დედათქვენის დაბადების დღე, გაუფრთხილდით ბავშვებს, იცოდეთ, სად ინახება საშობაო დეკორაციები, საავადმყოფოში მიღებაზე ჩაეწერეთ.

იგივენაირად, ქალები თქვენი სარეაბილიტაციო ცენტრები არ არიან. ეს ეხება არამხოლოდ ძლიერ, დამოუკიდებელ ქალებს, რომლებიც ასე მოგწონთ, არამედ – ნებისმიერ სხვა ქალსაც – თქვენს გერლფრენდს, დედას, ყოფილ პარტნიორს, მეგობარ ქალს. არც ერთი მათგანის დანიშნულება არაა თქვენი მორჩილება, აღზრდა ან გამოსწორება.

მნიშვნელოვანი არაა, რა გადაგხდათ ბავშვობაში ან ცხოვრებაში, ქალის საქმე არაა თქვენი დანაწევრებული ნაწილების აღდგენა. ეს თავად გააკეთეთ, როგორც ქალები იქცეოდნენ ათასწლეულების მანძილზე.

ურთიერთობას ნუ ეძებთ საიმისოდ, რომ თავი გამოასწოროთ ან სრულ განაკვეთზე მოსამსახურე ქალი ან დედიკო შეიძინოთ. თუ ამ კუთხით არაკომფორტულად გრძნობთ თავს, შესაძლოა, ეძებოთ თერაპია, მხარდაჭერა ან რჩევა მანამ, სანამ ახალ ურთიერთობას დაიწყებდეთ. თუ აღმოაჩენთ, რომ ამ მომენტში „ძლიერ“ ქალთან გაქვთ ურთიერთობა, რომლისგანაც გამოსწორებას ან მოვლას ელოდებით, მაშინვე შეეშვით ამას.

შეჩერდით, ნაბიჯი უკან გადადგით, შეხედეთ თქვენს ქცევას და დამოკიდებულებას საკუთარი თავის და მის მიმართ. მაშინ წადით და დახმარება ითხოვეთ. როგორც ახლა.

დამოუკიდებელ ქალებს თავიანთი პრობლემები აქვთ, რომლის ნაწილად ყოფნას სულაც არაა საჭირო

ქალებს, რომლებსაც თქვენ ეძებთ, ბუნებრივია, უამრავი მიზანი, პრიორიტეტი, ვალდებულება და როლი აქვთ ცხოვრებაში, რომელთა ნაწილიც თქვენ არ უნდა იყოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა დაინტერესდეთ იმით, რითია გატაცებული, მაგრამ თქვენ ვალდებული არ ხართ, ამის ნაწილი იყოთ. თქვენ მუდმივად მისი ყურადღების ცენტრში არ უნდა იყოთ.

ეს სულაც არაა ცუდი. ყველაფრის ერთად გაკეთება აუცილებელი არაა. პატივი უნდა სცეთ ერთმანეთს და იმას, რაც ორივეს გაღელვებთ, თუმცა, ამაში მონაწილეობა საჭირო არაა.

ტრადიციულად, კაცებს ეს როლი საუკუნეების მანძილზე ჰქონდათ, ქალები კი ამ ყველაფრისგან გამოთიშულნი იყვნენ. ეს სოციალური ნორმა იყო, – ქალები კაცებს შეხვედრებზე, სამსახურში, სოციალურ ღონისძიებებზე, მგზავრობისას თან არ ახლდნენ. მთელს მსოფლიოში კვლავინდებურად არსებობს უამრავი ვითარება ქალის გამორიცხვით, რადგან იგი კაცებისთვის დისკომფორტად და საქმისთვის ხელისშეშლად ითვლება. მაგრამ, როდესაც ქალი იგივეს აკეთებს, მას ხშირად განიხილავენ, როგორც პერსონას, რომელიც არ ზრუნავს პარტნიორზე, ეგოისტურად იქცევა ან დაუდევრად ეკიდება თავის ურთიერთობას ან ქორწინებას.

იფიქრეთ იმაზე, რასაც ვამბობ. თქვენ ის ბიჭი არ ხართ, რომელიც გმინავს, როდესაც სტივმა თავისი გოგონა პაბში ისევ მოიყვანა, შემდეგ კი თქვენს გოგონას ან ცოლს დანაშაულის გრძნობა აიძულებს, ქუჩაში გავიდეს თავის მეგობრებთან ან კოლეგებთან?

არაა საჭირო, ყოველთვის სამყაროს ცენტრი იყოთ. თქვენ აქაც თანასწორნი უნდა იყოთ. ერთობლივი ცხოვრება იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა იმ ყველაფრის ცენტრში მოგაქციოთ, რასაც კი აკეთებს. თუ ოდესმე გითქვამთ ქალისთვის, რომ მან ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა დაგაყენოთ, მაშინ, ბატონებო, კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები გქონიათ.

დამოუკიდებელი ქალები ხშირად ფემინისტები, აქტივისტები, კარიერაზე ან მიზანზე ორიენტირებულები არიან. თქვენ ამასთან უნდა იცხოვროთ. ეს მნიშვნელოვანია. ეს ყველა კაცს ეხება, რომელიც ამტკიცებს, რომ გვერდით „ძლიერი, დამოუკიდებელი“ ქალი უნდა, მაგრამ სძულს ფემინიზმი, აქტივიზმი, ქალის კარიერა ან მიზანდასახულობა. ეს დამოკიდებულებები შეუთავსებელია. ბევრი ქალი ფემინიზმს აღმოაჩენს და იგებს, რომ არსებობს გონიერი და წარმატებული ქალი, რომელიც არ ემორჩილება დისკრიმინაციას, ჩაგვრას და აბუჩად აგდებას. ისინი უფრო კრიტიკულები ხდებიან კარიერაში, სწავლასა და ცხოვრებაში მათ მიმართ დამოკიდებულებების მიმართ.

ბოლო რამ, რაც მათ სურთ, ეს არის კაცი, რომელიც ცხვირს უბზუებს ფემინიზმს, ქალთა უფლებებს, კარიერას და ამბიციებს. განსაკუთრებით, როცა ეს კაცი ამბობს, რომ მას დამოუკიდებელი, წარმატებული ქალები იზიდავს.

ყოველ შემთხვევაში, მათ სურთ პარტნიორი, რომელიც ნამდვილად აღიარებს და მოიწონებს მათ ბრძოლას და მათ მხარეს იქნება, როდესაც დაამცირებენ, მოატყუებენ, ჩაგვრას და დაცინვას დაუპირისპირებენ იმის გამო, რომ წარმატებულნი არიან. მათ არ აინტერესებთ თქვენი მუქარა, ისინი თავს არასოდეს დაგიხრიან. მათ სურთ, რომ მოუსმინოთ და გვერდით იყოთ, როდესაც უჭირთ.

თუ თქვენ „დამოუკიდებელი ქალი“ გსურთ, სჯობს, ფემინისტურ მიდგომებს გაეცნოთ და გარკვეული დრო მოახმაროთ იმის გაგებას, თუ რას ნიშნავს იგი ქალებისთვის და გოგონებისთვის და რატომაა მათთვის გაცილებით რთული კარიერაში, სწავლაში, სპორტში ან გართობაში თავის დამკვიდრება. იკითხეთ წიგნები, უსმინეთ პოდკასტებს, გაიგეთ, ვინ არიან მათი საყვარელი ფემინისტები/აქტივისტები/პოლიტიკოსები. გაეცანით საკითხებს, რომლებიც მათ ეხებათ. ეს იმიტომ კი არ უნდა გააკეთოთ, რომ ბევრი ქალისთვის მიმზიდველი გახდებით, არამედ – იმიტომ, რომ მართლა გსურთ ამ ყველაფრის გაგება.

თუ თქვენ გძულთ ფემინიზმის კონცეფცია, სჯობს, ყველა ქალი მოასვენოთ. ფემინიზმი ყველა ქალის და გოგოს განმათავისუფლებელი მოძრაობაა გლობალური ჩაგვრისგან, ქალთმოძულეობისგან და სექსიზმისგან. თუ ამის გაგება არ ძალგიძს, მათგან თავი სამუდამოდ შორს დაიჭირეთ.

დამოუკიდებელ ქალებს არ სურთ, იყვნენ გაფეტიშებულნი, როგორც რაღაც სექსუალური, ძლევამოსილი ანომალიები. ეს რაღაც პორნოოცნებასავითაა, სადაც ორი ვარიანტია:

  1. კაცებს იმ ქალებზე დომინირება, მათი დანგრევა და მოშინაურება სურთ, რომლებიც წარმატებულები და დამოუკიდებლები არიან – ეს თავისებური მტკივნეული მონაპოვარია, რათა თავიანთ თავებს დაუმტკიცონ, რომ ურთიერთობებში ყველაზე გავლენიანები არიან.
  2. კაცებს სურთ, რომ ეს ქალები მათზე დომინირებდნენ, მათ მბრძანებლობდნენ და იმორჩილებდნენ – ძლიერ ქალზე დაქვემდებარება, როგორც ფეტიში.

ინფორმაცია ყველასთვის: ორივე ეს დამოკიდებულება ძლიერი ქალებისთვის შეურაცხმყოფელი და მავნეა. ორივე მოიშორეთ. თუმცა, ეს ზოგადი შეხედულებაა დამოუკიდებელ ქალებზე. ქალის „გაკონტროლების“, მისთვის „ჭკუის სწავლების“ მანია ასევე აღწევს ფილმებშიც. თავად „ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის“ კონცეფციაც სისულელეა. ამ ქალების ტიპაჟები გამოიყენება მუსიკალურ ვიდეოებში, ფილმებში, მედიაში, წიგნებში, როგორც „თეთრკანიანი, საშუალო კლასის, განათლებული, მდიდარი, პრივილეგირებული, გამხდარი, ლამაზი და ქალური“.

„ძლიერი და დამოუკიდებელი“ ქალების უმრავლესობა, რომელსაც ცხოვრებაში შეხვდებით, სულაც არ ჰგავს ამას. იგი მოზარდი დედაა, რომელმაც სამი შვილი მარტომ გაზარდა, ახლა კი ძლევამოსილი მატრიატქია, რომელიც ოჯახს დამოუკიდებლად ინახავს.

იგი ახალგაზრდა შავკანიანი ქალია, რომელიც სკოლაში. კოლეჯსა და უნივერსიტეტში დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, და აქამდე მედგრად უძლებს რასიზმსა და ქალთმოძულეობას თავის პროფესიაში.

იგი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც თვითდაზიანებისგან ნაიარევები აქვს, რომელიც ახლა თერაპევტად მუშაობს, მაგრამ მუდმივად დისკრიმინაციას აწყდება, რადგან მსხვერპლად აღიქვამენ, არადა ექსპერტია.

იგი სამოცი წლის ქალია, რომელიც მთელი ცხოვრება მარშზე დადის, რათა ქალები და გოგონები ადამიანებით ვაჭრობისგან, ექსპლუატაციისგან და სასტიკი მოპყრობისგან დაიცვას.

იგი ენაწყლიანი, გულახდილი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ინტერნეტში პოლიტიკაზე კამათობს და ყველას სჯობნის, ვინც მის დამცირებას ცდილობს.

იგი 30 წლის ქმარსგაშორებული ქალია, რომელმაც უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა, რათა ის სფერო შეისწავლოს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა მანამდე არ ჰქონია, რადგან კვირაში 40 საათი მუშაობდა და ოჯახზე ზრუნავდა.

ეს ქალები სექსუალური ობიექტები არ არიან, რომელთა გამოყენება, გაკონტროლება ან მორჯულება შესაძლებელია. ისინი არ არიან არც თქვენი დედები, არც ძიძები და არც – სექსუალური ფეტიშების ობიექტები.

„ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი“, რომელიც თქვენ გინდათ, დიდი ალბათობით შეგეწინააღმდეგებათ, თქვენს ადგილს მიგიჩენთ, როდესაც ზღვრის გადალახვას დააპირებთ, გამოხატავს უკმაყოფილებას, უარს იტყვის საჭმლის გაკეთებაზე, დალაგებაზე ან თქვენს მოვლაზე, და დიდი ალბათობით, მიგატოვებთ, თუ მის იმ მორჩილ ქალად გარდაქმნას შეეცდებით, როგორიც ნამდვილად არაა.

ქალები ამ სამყაროში თავიანთ ადგილს იკავებენ, ხმაურობენ, ცვლიან არსებულ ნაგავს და გამოწვევას გვთავაზობენ. მათი წარმატება მათ ეკუთვნის. მათი მძიმე შრომაც მათია. მათი ბრძოლა რეალურია. მათი ძალისხმევა და დრო ფასეულია. მათი დამოუკიდებლობა მათთვის მნიშვნელოვანია.

იგი არც ფეტიშია, არც ანომალია, არც – მონაპოვარი.

მაშ ასე, თქვენ ისევ ფიქრობთ, რომ „ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი“ გაინტერესებთ?

დარწმუნებულნი ხართ, რომ მისი დამორჩილება და ცოლად გადაქცევა არ გინდათ?

მართლა შეგიძლიათ, იყოთ თანასწორი, პატივისმცემელი, მხარდამჭერი კაცი იმ ქალთან, რომელსაც თავისი საკუთარი საქმე აქვს?

თუ თქვენ მართლაც ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები მოგწონთ, ამ ბლოგპოსტში არაფერი გეწყინებათ და გეუხერხულებათ. გახსოვდეთ ეს.

სწრაფი კითხვები, საკუთარი თავისთვის დასასმელად

– კომფორტულად ხართ, როდესაც ქალს აქვს ისეთი პრიორიტეტები, მიზნები და ამბიციები, სადაც თქვენ არ მონაწილეობთ?

– აპირებთ თუ არა მის მხარდაჭერას, როდესაც იგი გასაჭირში იქნება, თუ მას ეტყვით, რომ მიტოვებას უპირებთ?

– თქვენთვის კომფორტულია თუ არა, როდესაც ქალი თქვენზე მეტს გამოიმუშავებს ან თქვენზე წარმატებულია?

– ქალს აფეტიშებთ?

– ქალს იმიტომ ეძებთ, რომ იგი გააკონტროლოთ, მოიშინაუროთ და მოარჯულოთ?

– თქვენ გიზიდავთ მისი წარმატება და ძალა, და გსურთ, რომ იგი დომინირებდეს?

– არ მოგწონთ ფემინიზმი და აქტივიზმი?

– კომფორტულად ხართ, როდესაც იგი დამოუკიდებლად რჩება მის საქმიანობაში, სივრცესა და მოვალეობებში?

იფიქრეთ ამ კითხვებზე. ოღონდ მართლა.

victimfocus.wordpress.com