სტატიები

ფიროსმანის რეპლიკა, დემნა გვასალია და ჩოხიანი ფრიდა კალო – ეკა ტყემალაძის არტის მრავალი შრე

ოდესა. იტალიური ეზოს მეორე სართულზე 4 წლის გოგონა გაბურძგნულ ფისოს ეთამაშება. ეზოში მილიციის მანქანა შემოდის, ორი მილიციელი გოგონას უახლოვდება და მანქანაში ძალით სვამს. ბავშვი ფართხალებს, კივის, სახლიდან გამოვარდნილი დედა ცდილობს, მანქანას წინ გადაუდგეს და გოგონა ფორმიან კაცებს არ გაატანოს…

როგორც შემდეგ გაირკვა, ლუდმილა ვაინშტეინი, რომელიც მოგვიანებით ეკა ტყემალაძე გახდება და საქართველოში იშვილებენ, მილიციის თანამშრომლებმა ფსიქიკური პრობლემების მქონე დედას დააშორეს და ბავშვთა სახლში დატოვეს. საქართველოში გაზრდილმა ეკამ დედა ვერასოდეს დაივიწყა. მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში, იგი კვლავ ჩავიდა ოდესაში, რათა დედის კვალი მოეძებნა, მაგრამ ამაოდ – სავარაუდოდ, ეკას დედა სიდუხჭირესა და ავადმყოფობაში გარდაიცვალა…

დღეს, ეკა ტყემალაძე საქართველოში ცნობილი არტისტია. ეკას ინტერესების სფერო ფართო და მრავალფეროვანია, თუმცა, მის შემოქმედებას ქვიარ თემები თითქმის მუდმივ ლაიტმოტივად გასდევს.


შენი ცხოვრება ტკივილით და უსასრულო ხეტიალითაა აღსავსე. როგორ აისახა შენს შემოქმედებაში საკუთარი თავის ძიების პროცესი?

ხანდახან მგონია, რომ ზედმეტად ადრეულ ასაკში ჩამოვყალიბდი, თვითგადარჩენის ინსტინქტით. ბავშვობა არ მქონდა ლაღი, რაღაცნაირად ჩაკეტილი ვიყავი. შეიძლება ითქვას, ამ ჩაკეტილობამ საკუთარ თავთან სამუშაოდ ბევრი დრო მომცა და დღესდღეობითაც, ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარ. შეიძლება, ამ საქმეს მთლად კარგად ვერ ვართმევდე თავს, მაგრამ ვისწავლე საკუთარი თავის დანუგეშება, დამშვიდება და დარიგებაც.

ბევრი ვიხეტიალე ნამდვილად – ეს უკვე ყველაზე საინტერესო პროცესი გახდა ჩემთვის – თითქოს ახალი ჰობია. უკრაინიდან საქართველოში, საქართველოდან ისრაელში, ისრაელიდან გერმანიაში, გერმანიიდან სანკტ-პეტერბურგში მივლია, სამომავლოდ კიდევ სხვა ქვეყანაში გადასვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიტყვი, სად (იცინის, შ. გ.).

ხელოვნება და შემოქმედება, სადაც ხარ, იქ დაგყვება ყოველთვის… და ამ ხეტიალში ისიც მრავალფეროვნდება და ნელ-ნელა უფრო საინტერესო ხდება. ჩემზე კარგ გავლენას ახდენს ამდენი ხეტიალი.

ეკა ტყემალაძე

გერმანიაში, ისრაელში, უკრაინაში გიცხოვრია და გიმუშავია. რას ნიშნავს შენთვის საქართველო და რა შემოქმედებითი ინსპირაციები გაკავშირებს ამ ქვეყანასთან?

საქართველო ჩემი ქვეყანაა, აქ გავიზარდე. მაგიური ძალაა საქართველოში, ისეთი, რომ სხვა ქვეყანას შენად ვერ აღიქვამ. როცა ეს ქვეყანა პირველად დავტოვე, რამდენიმე წელი დეპრესია მქონდა, ვერ ვეგუებოდი სხვა ენას, სხვა ადამიანებს, მათ კულტურას, საკვებსაც კი. საქართველოში ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი ადამიანი ცხოვრობს, აქ ბევრს უყვარს ხელოვნება და არამარტო ხელოვნება. პირველად საქართველოში რომ გავაკეთე გამოფენა (2016 წელს, ფაბრიკაში), მეგონა, ცოტა ხალხი მოვიდოდა, რატომღაც მეგონა, სერიოზულად არ აღიქვამდნენ ჩემს არტს, თუმცა შევცდი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული, რომლებსაც ჩემს გამოფენამდე ჰქონდათ ინფორმაცია ჩემზე და მოსწონდათ, რასაც ვაკეთებდი. ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა და უფრო მეტის გაკეთება მომინდა, ვიდრე ვაკეთებდი.

ის, რომ თვითნასწავლი არტისტი ხარ, როგორ ფიქრობ, როგორ აისახა შენს შემოქმედებით აზროვნებაზე? შესაძლებლობა რომ გქონოდა, ამ კუთხით განათლების მიღებით თუ დაინტერესდებოდი?

ის რომ თვითნასწავლი ვარ, უკვე მომწონს (იცინის, შ. გ.). ადრე არ მომწონდა, რადგან თვითნასწავლი არტისტი, ახლაც ბევრ ქვეყნებში არ აღიქმება სერიოზულ და პროფესიონალ მხატვრად. ამიტომ, ჩემი მიზანი გერმანიაში გადასვლა იყო, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა. ისე მოხდა, რომ პირველი წელი ენა უნდა მესწავლა და მეორე წელს ჩამებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენში შემეძლო ინგლისურადაც სწავლა, ჯერ მაინც ენის კურსები ვამჯობინე. მეორე წელს, საბედნიეროდ, ვერ მოვასწარი საბუთების ბოლომდე ჩაბარება, რამდენიმე დღე დამაკლდა, უკვე მთავრდებოდა ჩაბარების დრო და დავრჩი ასე – აკადემიის გარეშე. მაშინ თითქოს გული დამწყდა, რომ სერიოზულად არ მივუდექი ამ საქმეს, მაგრამ ახლა ძალიან მიხარია, რომ ისევ ის დავრჩი, ვინც ვარ. თავისუფალი ვარ ყველა იმ სტანდარტისგან, რაც შეიძლებოდა, იქ მესწავლა – ფერების სწორი გამოყენება, სიმეტრია, კომპოზიცია, ხასიათი და ასე შემდეგ. მოკლედ, თვითნასწავლი მინდა ვიყო, ჩემი თავი მე თვითონ გამოვძერწო, და ვხატო ის, რაც მე მინდა.

ის ტკივილი და შფოთვა, რაც ცხოვრებაში გამოგივლია, როგორ აისახა შენს შემოქმედებით ინსპირაციაზე?

როგორც ბედნიერება გვიყვარს, ან სიხარული, ან გაოცება, – ასევე ტკივილის გრძნობასაც პატივი უნდა ვცეთ, იგი მივიღოთ და გავუშვათ, ან მოვერიოთ… ასეა, როცა სხვა გზა არ რჩება და არც უნდა რჩებოდეს სხვა გზა, – ესაა ცხოვრება. ყველა ადამიანს სტკივა, მაგრამ ტკივილთან გამკლავებაც რაღაცნაირად უნდა შევძლოთ.

ვინ არის ეკა ტყემალაძე? ლუდმილა ვაინშტეინი? რა გავლენა იქონია შენზე ორი ადამიანის აბსოლუტურად განსხვავებულ მოცემულობაში ცხოვრებამ?

ლუდმილა ვაინშტეინი ერთი პატარა უკრაინელ-ებრაელ-რუსი გოგოა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს და ჯერ კიდევ ქვიშაში თამაშობს, თავის იტალიურ ეზოში. გადავწყვიტე, ყველა ჩემს ნახატს ორი სახელი და გვარი ჰქონდეს. არ მინდა ჩემი ფესვების დაკარგვა.

როგორია შენი მხატვრული აზროვნების ფორმები? გამომდინარე იქიდან, რომ შენი შემოქმედება მკაფიო კონცეპტებს უკავშირდება, შნთან ინსპირაცია ფორმებით მოდის თუ სიტყვებით?

ჩემი მხატვრული აზროვნების ფორმები ჩემს შემოქმედებაში ხანდახან შეუმჩნეველია, ხანაც – მკაფიო. როცა რამე დამიხატავს, მიფიქრია, რომ ვერ მიხვდებოდნენ იმ აზრს, რაც ჩავდე, მაგრამ შევმცდარვარ ხშირად, რადგან ზუსტად უთქვამთ, რაც მიგულისხმია.

სიზმრებში რას ხედავ ხოლმე? რისი გეშინია ან რა გენატრება ყველაზე ხშირად?

სიზმრებში ბევრი რამ მინახავს. მეშინია რაღაცების, მაგრამ ეს შიში ხელს არ მიშლის, ვიყო ბედნიერი.

რა ენაზე ფიქრობ?

ძირითადად ქართულად ვფიქრობ…

ფიროსმანის „მეთევზის“ შენეული რეპლიკა – მებადური დემნა გვასალიას ჯინსის ქურთუკით – ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. საიდან მოვიდა მისი შექმნის ინსპირაცია?

ფიროსმანი ჩემთვის ბევრი რამეა, მათ შორის – განუმეორებელი ფერი. მისი თეთრი ჟირაფი შავი კოპლებით – ჩემთვის საოცრებაა, არასტანდარტული ხედვის პიკი. ამავდროულად, ამ ნახატში დემნა გვასალიასთან დაკავშირებული ჩემეული დამოკიდებულება გავაჟღერე – ძალიან კრეატიული ადამიანია, ასევე უკიდეგანოდ არასტანდარტული აზროვნების. ალბათ, ფიროსმანის შემდეგი სიტყვები: „მე ვიცნობდი ვაჟას, რუსთაველს, და მე მათ ვხატავ ჩემებურად“, – დემნა გვასალიას რაკურსს კარგად ესადაგება.

შენი ბოლო ნამუშევარი, ჩოხაში გამოწყობილი ფრიდა კალო, რომელიც თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას დაემთხვა, როგორც ყოველთვის, მრავლისმეტყველია. რას გვიამბობ მის შესახებ? ინსპირაცია საიდან გაგიჩნდა?

მთელი ჩემი ნამუშევრები ერთგვარი „გადაკრულად მინიშნების“ პროცესია, და „ფრიდაც“ არ ყოფილა გამონაკლისი.

იმ დღემ ძალიან გამაბრაზა, – როცა ზრდასრულ ადამიანებს ფილმის ყურებისთვის ქვებს ესროდნენ. ვერ გამოვედით იმ ხანიდან, რომ ზრდასრული ადამიანის თავისუფლებას პატივი ვცეთ. რატომ უნდა მასწავლიდეს ჩემი ტოლი ჭკუას ან ვიღაც პაპა, სად ვიარო, რა ვაკეთო და რა ფილმს ვუყურო, როცა მე, მთელი ჩემი ცხოვრება დამოუკიდებელი ადამიანი ვარ? ჩემს ცხოვრებაში და არჩევანში რატომ მზღუდავენ, ვინ არიან?! ვიღაცა უცნობი კი არა, საკუთარი მშობელიც აღარ უნდა ერეოდეს ჩემს პირადში, როცა ზრდასრული ვარ. ასეა ყველგან, საქართველოს გარდა, სამწუხაროდ.

რაც შეეხება ფრიდას: ის შინაგანად იმდენად ძლიერი იყო, იმდენად თავდაჯერებული, გულნატკენიც და შეუპოვარიც, რომ მინდოდა, ეს მთლიანობა ერთ ნახატში ჩამექსოვა.

ფრიდა სიყვარულშიც თავისუფალი იყო, შინაგანადაც ძალიან ლამაზი და ვნებიანი. ეს მის ნამუშევრებშიც ჩანს და მის ბიოგრაფიაშიც. აი ეს ყველაფერი ამ დღეს მინდოდა დამეხატა და მივუძღვენი კიდეც ამ ფილმის ჩვენებას.

ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მიხვდა, რომ ფრიდას ფერები და ხასიათი ამ კინოს ჩვენებას მივუძღვენი. მინდოდა, მეჩვენებინა, რომ ფრიდას შემოქმედება თავისუფალ სიყვარულზე იყო დაფუძნებული და ეს ფაქტორი მას ხელს კი არ უშლიდა, არამედ აქცევდა ისეთად, როგორიც იყო. სიფრიფანა პირბადის მიღმა კი მის ცხოვრებაში გამოვლილი უდიდესი ტკივილი იმალება…

ხელოვანის ბუნება პროვოკაციულია. იგი მუდმივად ცდილობს, აუდიტორია რაც შეიძლება მწვავე პროვოკაციის წინაშე დააყენოს. მაყურებლის პროვოკაციაზე წამოგების სურვილი რა როლს თამაშობს შენს ნამუშევრებში?

არ ვიცი, როგორ გამომდის, მაგრამ ვცდილობ ჩემი ნახატები არ იყოს გამაღიზიანებელი. ხშირად უთქვამთ, დახატე რამე ისეთი, რაც ახლა ხდება, ცოტა პროვოკაციულიო, მაგრამ არ მისარგებლია დიდად ამით… რაც ახლა ხდება, ის ყოველთვის ხდებოდა, რაც თავი მახსოვს. გვყავს არტისტები, რომლებსაც ეს ჩემზე კარგად გამოსდით და ამიტომ ეს მათთვის მიმინდვია. მე სხვანაირად გამომდის გამოხატვა და გამოვხატავ ასე. ყველამ თავისი სათქმელი თავისებურად უნდა თქვას.

როგორც არტისტისთვის, საზოგადოების აღიარება-არაღიარებას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

მომწონს, რომ ჩემს შემოქმედებას თავისი აუდიტორია ჰყავს. არაა აუცილებელი, ყველას მოსწონდეს, რასაც ვაკეთებ. აღიარება ნაწილობრივ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, უფრო დიდ მასშტაბზე მინდა გასვლა, მაგრამ აღიარებაზე მეტად ის უფრო მომწონს, რომ რაღაცას ვქმნი და ჩემს ცხოვრებას ისეთი მნიშვნელობა მიეცა, როგორც არასდროს.

როგორ გგონია, ყველაფრით უზრუნველყოფილი და უშფოთველი ცხოვრება რომ გქონოდა, თუ იქნებოდი ის ეკა, რომელიც დღეს ხარ?

რანაირი ცხოვრებაც არ უნდა მქონოდა, ასე მგონია, მაინც ის ეკა ვიქნებოდი, რომელიც ვარ, თუმცა, არც იმაზე ძლიერი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ყველა წინაღობას დამოუკიდებლად, საკუთარი ხელებით და თავით უმკლავდები. მხოლოდ ეს გვაძლიერებს ადამიანებს.

ესაუბრა შორენა გაბუნია