თანასწორობის პოლიტიკა

EMC შრომის კოდექსში ბავშვის ბიოლოგიური მამის უფლებების შეზღუდვას ასაჩივრებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოში კაცებისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების და მისი ანაზღაურების უფლების არარსებობის საკითხთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ბავშვის მოვლა და ზრუნვა არ არის მხოლოდ უფლება, ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობაცაა. ეს არის პრიველ რიგში მშობლების თანაბარი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, კანონმდებლობა და რეგულაციები, რომელიც ამგვარ პასუხის მგებლობას მხოლოდ ქალს აკისრებს, ასევე დისკრიმინაციულიქალის მიმართ. საქართველოს შრომის კოდექსში არსებული ამ მნიშვნელოვანი ხარვეზის შესახებ ორგანიზაციის იურისტი სალომე ჯოხაძე გვესაუბრება.

სალომე ჯოხაძე: მიგვაჩნია, რომ შრომის კოდექსში არასწორი რეგულაციაა მოცემული. კერძოდ, საუბარია ჩანაწერზე, რომელიც დასაქმებული პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასეხება. შრომის კოდექსი ამ შვებულებას მთლიანობაში მოიაზრებს და შესაბამისი სტატუსიც აქვს. საქმე იმაშია, რომ ცნება „დასაქმებული პირი“ მოიცავს როგორც ქალს, ასევე კაცს, თუმცა სასამართლოსაც და საკონსტიტუციო სასამართლოსაც ბევრჯერ უთქვამს, რომ იგი ყოველთვის ასე ფორმალურად არ უნდა იქნას გაგებული, ანუ უნდა განიმარტოს მთლიანი კონტექსტიდან გამომდინარე. აქ ჩვენ იგივე შრომის კოდექსსა და სხვა კანონმდებლობაში არსებულ სხვადასხვა ნორმებსვგულისხმობთდა მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ცნება „დასაქმებულის“ არსებობისა, კაცებს ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით შვებულების გამოყენების უფლება არ აქვთ.

უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს მოქმედი შრომის კანონი დასაქმებული პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან დაკავშირებით?

პირველ რიგში, ალბათ ყველაზე მყარი არგუმენტი ის არის, რომ ამ შვებულებისთვის გათვალისწინებულია 730 დღე. შრომის კოდექსში ბუნდოვანია, დასაქმებულს შეუძლია თუ არა ამ შვებულების მხოლოდ ერთი კომპონენტის გამოყენება (ამ შემთხვევაში ბავშვის მოვლა და ამის ვადები იგულისხმება). ეს პრობლემა ქალებთან მიმართებით არ დგას, რადგან ქალს სამივე კომპონენტი (ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა) მიემართება. მას კანონი არჩევანის თავისუფლებას უტოვებს – ქალს შვებულებით სარგებლობა ნებისმიერ დასახელებულ პერიოდზე შეუძლია. ბუნებრივია, იგივე ლოგიკა კაცზე ვერ გავრცელდება.

ასევე, აღსანიშნავია მეორე ნორმა, რომლის თანახმადაც, ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში, როგორც ქალს, ისევე კაცს, შეუძლია თავისუფლად ისარგებლოს ერთი მხრივ შვებულების უფლებით, მეორე მხრივ კი ამ შვებულების ანაზღაურების უფლებით. განსხვავება იმაშია, რომ ბიოლოგიურად ბავშვის დაბადების შემთხვევაში შვებულების გაცემისა და უფრო მეტად ანაზღაურების გაცემის საფუძველს წარმოადგენს საავადმყოფოს მიერ გაცემული ფურცელი, რომელიც მხოლოდ მშობიარე ქალზე გაიცემა. ეს ფურცელი კაცზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაიცემა – როდესაც ბავშვი ცოცხალი იბადება, დედა კი გარდაიცვლება. რაც შეეხება შვილად აყვანის პროცედურას, იგი სასამართლოს მიერ რეგულირდება. ანაზღაურების მიღების საფუძველი სასამართლოს მიერ მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილება ხდება, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ქალზე, ასევე კაცზე. შესაბამისად, შვილად აყვანის შემთხვევაში, კაცისთვის ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული შვებულების აღების პრობლემა არ არსებობს. შრომის კოდექსი მიუთითებს, რომ ამ შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები კანონმდებლობით რეგულირდება.

კონკრეტულად რომელი კანონმდებლობით?

კანონმდებლობაში მოიაზრება მინისტრის ბრძანებაც – 331-ე ბრძანება, რომელიც ამ მიზნებით შვებულების ანაზღაურების გაცემის საკითხებს ეხება. აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საავადმყოფო ფურცელი გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ ქალზე (იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ), და რომ კაცს არ შეუძლია, აიღოს ანაზღაურება ამგვარი შემთხვევისთვის.

შესაბამისად, პირველ რიგში და ყველაზე მტკივნეულ საკითხად მიგვაჩნია აქ წარმოშობილი დისკრიმინაციის პრობლემა, რადგან იგი ბავშვის ბიოლოგიურ მამას ორი მიმართულებით აყენებს ცუდ მდგომარეობაში. კერძოდ, ერთ შემთხვევაში იგი დისკრიმინირებული და განსხვავებულ მდგომარეობაშია აღმოჩენილი ბავშვის ბიოლოგიურ დედასთან მიმართებით, ხოლო მეორე შემთხვევაში – შვილად ამყვან მამასთან მიმართებით. ამ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს არ აქვს რაიმე ისეთი რეალური და რაციონალური გამართლება და ლეგიტიმური მიზანი, რომ მან ასეთი განსხვავება გააკეთოს. მით უმეტეს, როდესაც საქმე ბავშვის ამყვან მამებს ეხება – აქ აბსოლუტურად ერთნაირია ამყვანი და ბიოლოგიური მამის საჭიროებები და უფლებები ბავშვებთან მიმართებაში. შესაბამისად, ვერ ვხედავთ არგუმენტს, რომელიც კანონმდებელმა შეიძლება დაგვისახელოს, თუ რატომ ართმევს ბიოლოგიურ მამებს სრულიად ანაზღაურებისა და შვებულების მიღების უფლებას და რატომ უტოვებს ამ უფლებას ბავშვის შვილად ამყვან მამებს.

ანუ, ბავშვის ბიოლოგიური მამის უფლება ბევრი კუთხით ირღვევა?

გარდა კონსტიტუციით გარანტირებული დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებისა, ასევე კონსტიტუციის მეორე თავით არის გარანტირებული შრომის უფლება და ოჯახის კეთილდღეობისა და მეუღლეთა თანასწორობის უფლებები. აქ ჩვენი მთავარი არგუმენტაცია ასეთია: ერთი მხრივ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუცია ოჯახს განიხილავს, როგორც გარკვეულ პატარა ავტონომიურ ერთეულს, რომელში მონაწილე ადამიანებიც აბსოლუტურად თვითონ წყვეტენ  ურთიერთობებს, ოჯახის დაგეგმვას და ა.შ. ამგვარი ოჯახი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებით და იგი თანაბრად ვრცელდება ფაქტობრივად ერთად მცხოვრებ წყვილებზეც, ოჯახის ცნება გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე რეგისტრირებული ქორწინება. მეორე მხრივ, ჩვენ უფლებრივ თანასწორობაზე ვამახვილებთ ყურადღებას. აქ ვგულისხმობთ იმას, რომ რეალურად სახელმწიფო არ უნდა წყვეტდეს, თუ როგორ გადაინაწილებენ ერთმანეთშიმეუღლეები უფლებებსა და ვალდებულებებს. მათ არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ბუნებრივია, თუკი ისინი თავისუფალი ნების საფუძველზე გადაწყვეტენ, რომ ბავშვს ქალმა უნდა მოუაროს, პრობლემა არაა, მაგრამ თუ მათ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს, ამის რეალიზების უფლება უნდა ჰქონდეთ.

გარდა ამისა, აქ იზღუდება ქალისა და ბავშვის უფლებებიც?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებში ნათქვამია, რომ ბავშვის მოვლა ორგვარი ბუნების სიტუაცია და მდგომარეობაა, რომელიც არა მხოლოდ უფლებებს მოიცავს, არამედ პასუხისმგებლობისა და ვალდებულებსაც, რაც ორივე მშობელზე თანაბრად ვრცელდება. ამას არაერთი საერთაშორისო აქტიც ამბობს. ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებაა. იგივე საქართველოს რეალობაში, სამოქალაქო კოდექსის ოჯახისა და მშობელთა უფლებების ნაწილში ადამიანები სქესის მიხედვით დაყოფილნი არ არიან და მათზე თანაბრად ვრცელდება როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, როდესაც კანონმდებლობა ვალდებულებას მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენელს აკისრებს, ეს ხელს უწყობს საქართველოში ისედაც კარგად გავრცელებული სტერეოტიპების გამყარებას, რომელთა თანახმადაც ქალის მოვალეობაა ბავშვის მოვლა და ზოგადად საშინაო საქმე. უშუალო დისკრიმინაციის გარდა, ქალების მიმართ ასევე ირიბ დისკრიმინაციას ვიღებთ, რადგან ისინი კაცებთან შედარებით ვერ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების თანაბრად რეალიზებას, რაც მათ კარიერულ და პროფესიულ წინსვლაზე ნეგატიურად აისახება. გარდა ამისა, უამრავი კვლევა გვეუბნება, რომ ბავშვის განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მის აღზრდაში მამის ჩართულობა, და რომ ამ პროცესში ორივე მშობელი თანაბრად უნდა მონაწილეობდეს.

ესაუბრა შორენა გაბუნია