სექსუალობა

ენდოამბები, III ნაწილი

ენდომეტრიოზის პრობლემა ჩვენში ბევრ ქალს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში კონკრეტული სამედიცინო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება არცთუ რთულია, ისეთი სივრცის არსებობა, სადაც ამ რთულ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა ქალებში გამოცდილებების გაზიარება იქნება შესაძლებელი, უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ საჭირო საქმის ორგანიზება გადაწყვიტა ნათი ნათენაძემ, რომელმაც სპეციალური ბლოგი მიუძღვნა ენდომეტრიოზის პრობლემას. ამ პლატფორმაზე შეხვდებით როგორც პროფესიულად შედგენილ ინფორმაციას დასახელებული დაავადების შესახებ, ასევე – კონკრეტული ქალების პირად ისტორიებსა და გამოცდილებებს, რისი გაზიარებაც ნამდვილად საჭირო საქმეა. “საფარის” ვებპლატფორმა წარმატებებს უსურვებს ამ წამოწყებას და დროდადრო ბლოგზე გამოქვეყნებულ საინტერესო სტატიებსაც გაგიზიარებთ.

ენდოამბები ენდომეტრიოზის მქონე ქალების ისტორიებია. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია.

სოფო, 25 წლის

ექიმთან მტკივნეული სექსის გამო მივედი და აღმომაჩნდა ენდომეტრიოზი. მიუხედავად იმისა, რომ რაც სექსუალურო ცხოვრება დავიწყე მაშნვე დავიწყე გინეკოლოგთან სიარული, სხვადასხვა მიზეზების გამო, იქამდე არავის არ უხსენებია ენდომეტრიოზი, სანამ პირდაპი მტკივნეული სექსის ჩივილით არ მივედი. დიდი არაფერი არ მქონია, ნამშობიარებიც ვარ, მთელი 9 თვე გეგმიურ თუ არაგეგმიურ კონსულტაციებზე დავდიოდი და არც პარაოვარიული ცისტა უხსენებია ვინმეს და არც ენდომეტრიოზი.
მოკლედ 23 წლის ასაკში გავიგე რომ მაქვს ენდომეტრიოზი. დიდი არაფერი სიმპტომები არ მაქვს მე პირადად, ამ საშინელი ჩივილის გარდა. ვიზანათი ჩავიტარე ერთი 3 თვიანი კურსი თუმცა დიდი შვება ვერაფერი მომცა.
მადლობა რომ ამის შესახებ ხმამაღლა და აქტიურად დაიწყეთ ლაპარაკი.

ალექსანდრა, 31 წლის

ძლიერ მტკივნეული და ჭარბი მენსტრუაცია მქონდა და ასე ვიცოდი, რომ ეს ნორმაა. 25 წლის ვიყავი პროფილაქტიკურად რომ გავიკეთე გინეკოლოგიური ექოსკოპია და აღმომაჩნდა 6სმ ენდომეტრიომა მარჯვენა საკვერცხეზე. ოპერაცია ნიუ ჰოსპიტალსის არაჩვეულებრივმა ექიმმა, ნინო მერებაშვილმა გამიკეთა. ლაპარასკოპიისას ენდომეტრიოზის მრავლობითი კერებიც მომაშორეს ნაწლავებიდან, შარდის ბუშტიდან, პერიტონეუმიდან. ოპერაციიდან 6 წლის შემდეგ მუცლის ძლიერი ტკივილით შემიყვანეს მიმღებ განყოფილებაში, აპენდიციტზე ჰქონდათ ეჭვი, საბედნიეროდ საკმარისად გონზე ვიყავი რომ მეთქვა, ენდომეტრიოზი მაქვს მეთქი და გადაამოწმეს, მართლაც, აღმოჩნდა, რომ მეორე საკვერცხეზე გაჩენილა ცისტა და ამ აუტანელი ტკივილის მიზეზი ისევ ენდომეტრიოზი იყო, ოპერაციას გადავრჩი.
ამჟამად ვიზანათი ვმკურნალობ უკვე 2 წელია და ვაკონტროლებ, რომ ენდომეტრიომა 5სმ-ზე დიდი არ გაიზარდოს. ყოველ ჯერზე, როცა ტკივილისგან მეტირება და ტკივილგამაყუჩებლების უზღვავ რაოდენობას ვსვამ, მგონია რომ გარშემომყოფებს არ სჯერათ, ფიქრობენ რომ ვაჭარბებ და მენსტრუალური ტკივილი არ შეიძლება ასეთი ძლიერი იყოს. იმედია ვერასდროს იგრძნობენ მსგავს ტკივილს. ხანდახან მრცხვენია და ვცდილობ არ შევიმჩნიო ხოლმე, მაგრამ რომ ვფითრდები და ტკივილისგან ცივი ოფლი მასხამს, ალბათ მაინც მეტყობა. ვიზანა ჩემი მხსნელია, თვეობით მასვენებს ამ ტკივილისგან და ტკივილის შიშისგან. დროებითი მხსნელი.

ნინა, 29 წლის

სიმპტომების გამოვლენა იწყება ციკლამდე 1 კვირით ადრე. მუცელში მოვლითი ხასითის ტკივილი, შეშუპება, თავის ტკივილი, მაღალი წნევა, ხანდახან ტკივილიდან გამომდინარე გულის რევა. ტკივილი პიკს აღწევს მაშინ, როდესაც ციკლის პირველი დღე მაქვს. ვარაუდობს გინეკოლოგი რომ მაქვს დისმენორეა და სავარაუდო ენდომეტრიოზი. ციკლის წინა დღეებში და პირველ დღეს ვიღებ დიდი დოზით ტკივილგამაყუჩებელს. დაახლოებით 24 საათში 6-9 აბი. 1 წლის უკან ექიმის რჩევით ვიღებდი კონტრაცეპტივს, ტკივილი დამირეგულრდა მგარამ მქონდა უკუჩვენება, რაც გამოიხატებოდა ჰიპერტენზიაში. ციკლის პერიოდი ხელს მიშლის ყოველდღოურ ცხოვრებაში და იმედი მაქვს რომ ერთ დღესაც შევძლებ ნორმალური ცხოვრების ტემპი დავიბრუნო. ვაწარმოებ კალენდარს რომელშიც დეტალურად აღვწერ ტკივილის ხარისხს, სიმპტომებს და ემოციებს. ვფიქრობ ამის ანალიზიც ექიმს მისცემს შესაძლებლობას სწორი დიაგნოზი დასვას. ამბავი ბევრი მაქვს თუ როგორ მიშლის ხელს ნორმალურად ცხოვრებაში. ძალიან მოქმედებს ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე. მიხარია ამ პლატფორმის შექმნა, იმედი მაქვს რომ ჩემს სიტუაციაში მყოფებს დაეხმარებათ მინიმუმ ინფორმირებულობაში.

ნინო, 29

ექიმთან კონსულტაცია დავიწყე მას შემდეგ, როდესაც გადავწყვიტე, რომ შვილი გამეჩინა. მქონდა კისტა, რომელიც ზომით იყო 17 მმ. მქონდა სიმპტომები, ციკლი მტკივნეული, ყავისფერი გამონადენით იწყებოდა და სრულდებოდა, ექიმმა ვარაუდის დონეზე თქვა, რომ ეს იყო ენდომეტრიოზული კისტა საკვერცხეზე. დავგეგმეთ ლაპარასკოპია და ჰისტეროსკოპია. აღმოჩნდა, რომ ენდომეტრიოზული უბნები (იგივე შავი წერტილები) იყო მოდებული საშვილოსნოში, რომელიც ოპერაციის დროს მოწვეს. კისტას არ შეეხნენ, ვინაიდან საკვერცხეზე იყო და მისი მოჭრით ფოლიკულური მარაგი შემცირდებოდა. გავიდა დრო, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მივიღე. […] დავიწყე ჰომეოპატთან სიარული და რაღაც პერიოდი კმაყოფილი ვიყავი, მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ვფიქრობ, რომ სადიაგნოსტიკო ლაპრაკოსპია კიდევ გავიკეთო, თუმცა ქვეცნობიერად შიში მაქვს, რომ კვლავ დამხვდება ენდომეტრიოზული უბნები და ცოტა არ იყოს მეშინია. გავეცანი ამ დაავადებაზე უამრავ სტატიას და საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია ვთქვა, რომ დიდი როლი უჭირავს ჯანსაღ კვებასა და ცხოვრებას. ენდომეტრიოზი სამწუხაროდ პატარა ასაკზეც ვლინდება უკვე, როგორც ჩემ შემთხვევაში და რაც უფრო ადრე მოხდება მასთან ბრძოლა, მით უფრო მარტივად ავუვლით გვერდს.

აღნიშნულ ისტორიებში მოყვანილი მაგალითები არის იმ ქალების გამოცდილება და შეფასებები, რომლებიც თავიანთ ამბებს აზიარებენ.
ჩვენი მიზანი არ არის, რომ ყოველგვარი სამეცნიერო საფუძვლების გარეშე, მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს შემთხვევები განვაზოგადოთ.

თუ ენდომეტრიოზის დიაგნოზი გაქვს ან გაეცანი ამ დაავადების სიმპტომებს და ეჭვი გაქვს, რომ შენც გაწუხებს, გაიარე უფასო კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელი გზით.
ეს ბლოგი მზადაა მკურნალობის გზა გაგიმარტივოს, რადგან ენდომეტრიოზის მართვა შესაძლებელია და არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა შენთან ერთად ეძებოს შენი პრობლემების გადაჭრის გზები!