სტრასბურგი, 29.06.2020 – სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტმა (ECSR) ევროპის სოციალური ქარტიის ხელმომწერი 15 ქვეყნიდან 14-ში აღმოაჩინა სახელფასო სხვაობისა და სამუშაო ადგილზე თანაბარი შესაძლებლობების უფლების დარღვევა. ეს ქვეყნებია: ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია და სლოვენია. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ შვედეთი მისდევს ქარტიის ნორმებს.
„სახელფასო სხვაობა კაცებსა და ქალებს შორის დაუშვებელია თანამედროვე საზოგადოებებში, მაგრამ იგი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რეალური თანასწორობის მიღწევის გზაზე. ევროპის მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ თავიანთი ძალისხმევა სამუშაო ადგილზე თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, კიდევ მეტმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ევროსაბჭოს სოციალური ქარტია ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა (Marija Pejčinović Burić), ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.
სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტში, რომელიც ქარტიის შესრულებას მეთვალყურეობს, საჩივარი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ University Women of Europe (UWE) შეიტანა.
მართალია, ECSR-მა დაადგინა, რომ 15-ივე ქვეყანას დამაკმაყოფილებელი კანონმდებლობა გააჩნია, რომელიც აღიარებს თანაბარ ანაზღაურებასა და შრომას, მაგრამ სხვადასხვა დარღვევები აღმოაჩინა, ძირითადად, სახელფასო სხვაობის შემცირების მხრივ არსებულ არასაკმარის პროგრესში, ზოგიერთ შემთხვევაში კი ამის მიზეზი იყო შრომის ბაზარზე გამჭვირვალობის არარსებობა, სამართლებრივი დაცვის არაეფექტური საშუალებები ან გენდერული საკითხების მეთვალყურე ადგილობრივი ორგანოების რესურსებისა და უფლებამოსილების არასაკმარისობა.
გარდა ამისა, მიუხედავად კვოტების მექანიზმისა და სხვა ზომებისა, ქალები კვლავინდებურად არასაკმარისადაა წარმოდგენილი კერძო კომპანიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
ECSR-მა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ქალების და კაცების სახელფასო სხვაობა შემცირებულია, მაგრამ პროგრესი არასაკმარისია.
წყარო: coe.int