სტატიები

აქტივისტმა Dior-ის ჩვენება ჩაშალა

პარიზში, ტიუილრის ბაღში გამართულ Dior-ის ჩვენებაზე (2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია), მარია-გრაცია კიურის კოლექციის დემონსტრირებისას, პოდიუმზე აქტივისტი ავიდა, რომელსაც ხელში პლაკატი ეჭირა, წარწერით “We are all fashion victims” (“ყველანი მოდის მსხვერპლნი ვართ”). პლაკატზე დატანილი იყო მოძრაობა Extinction Rebellion-ის სიმბოლოები, რომელიც, მისივე განცხადებით, “არაძალადობრივ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას იყენებს, რათა ხელისუფლება აიძულოს, კლიმატის ცვლილებისა და ეკოლოგიის კუთხით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იმუშაოს”. ამ აქციით, მოძრაობა ხაზს უსვამს “მოდის ინდუსტრიის დამღუპველ გავლენას გარემოსა და საზოგადოებაზე”.

https://www.instagram.com/p/CFuMdqbIIh5/?utm_source=ig_web_copy_link

სლოგანი აქტივისტის პლაკატზე, შესაძლოა, Dior-ისთვის შექმნილი 2017 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მარია გრაცია კიურის კოლექციის მაისურების რეპლიკა იყოს, რაზეც შემდეგი წარწერა იყო დატანილი: «We should all be feminists». ეს მაისურები ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის იმავე სახელწოდების ესსეს ეხმიანებოდა.

მართალია, აქცია ჩვენების ოფიციალური ტრანსლაციის დროს არ აჩვენეს, მაგრამ მისი ფოტოები და ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

Extinction Rebellion 2019 წლიდან მართავს პროტესტებს ლონდონის მოდის კვირეულზე. პარიზში მიმდინარე კვირეულზე იგი კვლავ მოდის ინდუსტრიის მიერ გარემოსთვის მიყენებულ ზიანს და მოდის სამყაროში არსებულ დეჰუმანიზაციას აპროტესტებს.