სალონში თქვენს წამწამებზე და წარბებზე ჩატარებული პროცედურები თქვენი გარეგნობის გაუმჯობესების მარტივი ხერხია. თუმცა, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ამ პროცედურების დროს გამოყენებული საღებავები და სხვა საშუალებები სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ახლა, ჩვენს სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში თვალზე უამრავ პროცედურას ატარებენ – წარბის მიკრობლეიდინგს და ლამინირებას, წამწამების აპრეხვას და სხვა უამრავ მომსახურებას, რასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინება აუცილებელია ისე, როგორც არასდროს.
წარბებისა და წამწამების ზოგადი გაუმჯობესება
ტონირება: ამ 15-წუთიანი პროცედურის დროს, წარბებსა და წამწამებზე დაიტანება ნახევრადპერმანენტული საღებავი, რათა ვიზუალი იყოს ხშირი, მუქი და ფუმფულა. ეს ფერი სამიდან ექვს კვირამდე ძლებს.
წარბების მიკრობლეიდინგი: მიკრობლეიდინგი ასევე ცნობილია, როგორც წარბების ტატუირება, მიკროდამუშავება ან მიკროდამუქება. პერმანენტული პიგმენტი კანზე ნემსის მეშვეობით დაიტანება, რომელიც მცირე ზომის ინსტრუმენტზეა დამაგრებული. პროცედურა ერთიდან ორ საათამდე გრძელდება და რამდენიმე ასეული დოლარი ღირს. მისი ეფექტი მრავალწლიანია.
წარბების ლამინირება: ეს ქიმიური დამუშავება 1 საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება და არ მოითხოვს ნემსების ან ნახევრადპერმანენტულ საღებავს. ამის ნაცვლად, წარბზე დაიტანება დასახვევი კრემი, რათა ბეწვს უფრო მიმზიდველი ფორმა მიეცეს. ეს პროცედურა 100 დოლარზე ნაკლები ღირს, ხოლო მისი ეფექტი რამდენიმეკვირიანია.
წამწამების დაგრძელება: წამწამებს ესმება წებო და ნამდვილი წამწამის თითოეულ ღერს ხელოვნური წამწამი უმაგრდება. პროცედურის შედეგის გახანგრძლივების მიზნით, ამის შემდეგ, წამწამებზე დაიტანება ქიმიური ხსნარი. პროცედურა 100 დოლარზე ნაკლები ღირს, დაახლოებით 45 წუთი გრძელდება, ხოლო მისი ეფექტი ერთიდან ორ თვემდეა.
რისკების შესახებ
ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის წარმომადგენლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის პურნიმა პატელის (Purnima Patel) თქმით, წამწამებისა და წარბების არეში ესთეტიკური პროცედურების ჩატარება ჯანმრთელობისთვის სახიფათო რისკს შეიცავს, რადგან ეს არეები თვალთან ახლოა განლაგებული. ამ პროცედურებს შეუძლიათ, გამოიწვიონ თვალთან და მხედველობასთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემები. „განმეორებითი პროცედურებისას, ადამიანებში ეს მგრძნობელობის გაზრდას იწვევს, გარდა ამისა, დროთა განმავლობაში სისხლძარღვები იცვლება. რეაქცია შესაძლებელია მაშინაც კი, თუ წარსულში ამ პროცედურების ჩატარებასთან არანაირი პრობლემა არ გვქონია“.
ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტო (The Food and Drug Administration) არ იწონებს არანაირ საღებავ დანამატს წამწამებისა და წარბების მუდმივი შეღებვის მიზნით. სააგენტო გვატყობინებს, რომ წარბებისა და წამწამების მუდმივი საღებავები, როგორც ცნობილია, თვალის სერიოზულ ტრავმებს იწვევს, მათ შორის – სიბრმავესაც. მიუხედავად გაფრთხილებისა, FDA-ს არ შეუძლია სალონების მუშაობის ამ კუთხით დარეგულირება. ეს სამუშაო სახელმწიფოსა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების პრეროგატივაა, რომლებსაც, შესაძლოა, განსხვავებული წესები ჰქონდეთ. კალიფორნიის დალაქთა და კოსმეტოლოგთა საბჭომ (California’s Board of Barbering and Cosmetology), რომელიც შტატის სილამაზის სალონებს არეგულირებს, შტატის სალონების მფლობელები გააფრთხილა, რომ ამის საფუძველზე, პერმანენტული მატონიზირებელი პროდუქტების გამოყენებაზე დაჯარიმებაა შესაძლებელი. თუმცა, წამწამებისა და წარბების საღებავები კანონიერია ნიუ-იორკში, თუ ისინი მუდმივი (პერმანენტული) არ იქნება (ანუ ნახევრადპერმანენტული შეიძლება).
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატოლოგი, ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის ნიუ-იორკის საბჭოს სერთიფიცირებული სპეციალისტი ჯესიკა კრანტი (Jessica Krant) ამბობს, რომ რადგან წარბებისა და წამწამების შესაღები საშუალებებისთვის არ არსებობს ერთიანი დადგენილი სტანდარტები, ძნელი სათქმელია, რამდენადაა ისინი უსაფრთხო. „FDA-ს რომც მოეწონებინა ეს საღებავები, ეს არ გამორიცხავდა თანმდევ ინფექციებსა და ალერგიულ რეაქციებს, რადგან FDA-ს ნებართვაც კი არ გვაძლევს სრული უსაფრთხოების გარანტიას პროცედურის ჩატარებისას“, – განაცხადა მან.
დოქტორი პატელი ყველას, ვისაც აქვს რეაქცია თმის საღებავის ან კოსმეტიკის ნებისმიერ სახეობაზე, ურჩევს, რომ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. ამის შემდეგ, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს FDA-ს და შეატყობინოს ამის შესახებ. „კანონი კოსმეტიკური კომპანიებისგან არ ითხოვს, მათი პროდუქციის შესახებ არსებული ჩივილები FDA-ს გაუზიაროს. ამიტომ, თქვენი შეტყობინება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით FDA-ს ეხმარებით, გააკონტროლოს ბაზარზე არსებული კოსმეტიკის უსაფრთხოება“.