თანასწორობის პოლიტიკა

მალე ფინეთში მამებს ისეთივე დეკრეტული შვებულება ექნებათ, როგორიც დედებს

ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გეგმაში აქვს, ბავშვის დაბადების შემდეგ ორივე მშობელს ერთნაირი შვებულების უფლება მიანიჭოს, რათა მამებმა თავიანთ ახალშობილებთან უფრო მეტი დრო გაატარონ.

ამჟამად, ფინეთში ქალებისთვის განკუთვნილი დეკრეტული შვებულება 4 თვეზე ცოტა მეტი დროა. გარდა ამისა, ვიდრე ბავშვს 2 წელი შეუსრულდება, მამამისს ასევე ეძლევა დეკრეტული შვებულება 2 თვის ვადით. არსებული კანონების მიხედვით, ფინელ კაცებს დეკრეტული შვებულების აღების უფლება აქვთ, თუმცა, პრაქტიკაში ამ უფლებით მხოლოდ ოთხიდან ერთი მამა სარგებლობს.

ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მინისტრმა აინო-კაისა პეკონენმა (Aino-Kaisa Pekonen) ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საოჯახო ანაზღაურებების რადიკალური რეფორმა“ ბავშვის დაბადებიდანვე მისი და მშობლების ურთიერთობების გასამყარებლად დაიწყო. ამ კუთხით, იგეგმება, რომ პარტნიორებს უფლება ექნებათ, თავიანთი კვოტების ნაწილი ერთმანეთს გადასცენ. ასევე, ქალები კვლავ ინარჩუნებენ უფლებას, მშობიარობამდე ანაზღაურებადი შვებულება მიიღონ. არასრულ ოჯახებს, სადაც ბავშვის აღზრდა მთლიანად ერთ მშობელზეა, ერთდროულად ორივე კვოტა ექნება, 7 თვის ვადით. მთავრობის შეფასებით, ახალი ცვლილებების ღირებულება დამატებით 100 მილიონი ევრო იქნება.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა (Sanna Marin) წინა თვეში განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ჯერჯერობით ბევრია გასაკეთებელი გენდერული თანასწორობის კუთხით, და დაიჩივლა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ, ძალიან ცოტა მამა სარგებლობს მასთან დროის გატარების მიზნით აღებული შვებულებით. ასევე, ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სურს „კეთილდღეობისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“.

მეზობელ შვედეთში ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული შვებულებების გაცილებით ხელგაშლილი სისტემა არსებობს: დეკრეტული შვებულება იქ თითოეული მშობლისთვის 240 დღეს შეადგენს.

დეკრეტული შვებულებების გენდერულად ნეიტრალური სისტემა მოქმედებს პორტუგალიაშიც: როგორც ქალს, ასევე კაცს, შეუძლია აიღოს 120-დღიანი შვებულება, ხელფასის 100%-ის შენარჩუნებით. დამატებით 30 დღის აღებაა შესაძლებელი იმ პირობით, თუ დასაქმებული ხელფასის 80%-ს მიიღებს.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული შვებულება ჯერ კიდევ 1993 წელს შემოიღო მამებისთვის, ნორვეგიაა.

დანიაში კაცები ბავშვის დაბადებამდე 2-კვირიან შვებულებას იღებენ. ამავდროულად, მეუღლეებს 4-თვიანი დეკრეტული შვებულების განაწილება ერთმანეთში შეუძლიათ.

წყარო: bbc.com