საფრანგეთის მთავრობა ზოგიერთ კულტურასა და ეთნოსში გავრცელებული ტრადიციის მოთხოვნით, ქალწულობის შემოწმების აკრძალვას გეგმავს.
ამ კანონით, ქვეყნის ხელისუფლებას სურს, განამტკიცოს “საფრანგეთის საერო ღირებულებები” და შეებრძოლოს იმას, რასაც ემანუელ მაკრონმა ადრე “ისლამური სეპარატიზმი” უწოდა.
საფრანგეთის შსს მონაცემებით, კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განხილვის სტადიაზეა, ქალწულობის შემამოწმებელი ექიმებისთვის სასჯელს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთითა და €15 000-ს ოდენობის ჯარიმით განსაზღვრავს. ასევე, კანონპროექტი სასჯელს მათთვისაც ითვალისწინებს, ვინც მსგავს ცნობებს თავიანთი ნათესავების ან მომავალი ცოლებისთვის ითხოვს.
ფრანგი ექიმების 30%-მდე ამბობს, რომ მისთვის მსგავსი ცნობების გაცემის თხოვნით მიუმართავთ, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ამაზე უარი განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქალწულე აპკის ვიზუალურად ან თითებით შემოწმების პრაქტიკა ვერანაირად ვერ დაამტკიცებს, აქვს თუ არა გოგონას სქესობრივი აქტის გამოცდილება. ორგანიზაციის განცხადებით, ეს პრაქტიკა ადამიანის უფლებებს ერთმნიშვნელოვნად არღვევს.
ერთ-ერთმა ექიმმა გინეკოლოგმა იმას მიაქცია ყურადღება, რომ ზოგიერთი ქალი თავად ითხოვს მსგავსი ცნობის აღებას, იმ ნათესავების დასაშოშმინებლად, რომლებსაც მის ქალწულობაში ეჭვი ეპარებათ.
2018 წლის განცხადებაში, გაერო მთავრობებს პირდაპირ მოუწოდებს ამგვარი ტესტირების აკრძალვისკენ და ქალწულობასთან დაკავშირებული მითების შესახებ საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარებისკენ.
შეგახსენებთ, რომ ქალწულობის შემოწმების ტრადიციის გამო, მუსლიმი ქალები თავიანთი ოჯახებისგან უმძიმეს წნეხს განიცდიან, ზოგიერთს კი იმის გამო კლავენ კიდეც, რომ შემოწმებსას ექიმბაშმა/ექიმმა ქალწულობა არ დაუდასტურა.
გასულ პარასკევს, თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთში ზოგიერთ მუსლიმურ საზოგადოებაში არსებული რადიკალიზაცია დაგმო და განაცხადა, რომ არსებობს რისკი, ქვეყანაში ექვსი მილიონი მუსლიმისგან შემდგარი საზოგადოება “კონტრსაზოგადოებად” ჩამოყალიბდეს.