სექსუალობა

ოსკარის ტრანსლირებაზე Frida Mom-ის სარეკლამო რგოლი დაბლოკეს

ბრენდმა Frida Mom სარეკლამო რგოლი შექმნა ახალბედა დედის შესახებ, რომელიც შუაღამისას სააბაზანო ოთახის დალაგებას ცდილობს. რეკლამაში ქალისთვის მშობიარობის შემდგომ საჭირო პროდუქტების ხაზია წარმოდგენილი. ამ რეკლამაში ვერ შეხვდებით დედისა და ჩვილის მომხიბლავი მზერების ამსახველ იდილიას. ქალის ბავშვს უზრუნველად კი არ სძინავს, არამედ ტირის, როგორც სხვა ბავშვები, დედამისი კი ყველანაირად ცდილობს, თავს სწრაფად მიხედოს და ჩვილთან გაიქცეს, მაგრამ მშობიარობის შემდგომ პერიოდში საპირფარეშოს გამოყენება ნამდვილი ჯოჯოხეთია…

Frida Mom მუდმივად გვახსენებს, რომ ახალშობილთა დედებს მეტი ინფორმაცია და მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა ისინი მეტად იყვნენ შემზადებულნი იმისთვის, რაც ბავშვის დაბადების შემდეგ მათ თავს ხდება. თუმცა, მსგავსს არაფერს აკეთებენ სხვა ბრენდები და კომპანიები, რომლებიც ქალის მშობიარობის შემდგომ საჭიროებებს აკრძალულ თემად მიიჩნევენ. მათთვის საჯაროდ ძუძუთი კვება სხეულის გაშიშვლებას ნიშნავს, ხოლო ქალის ბრძოლა მშობიარობის შემდგომ პერიოდში – პრობლემებს, რაზეც ღიად საუბარი არ აინტერესებთ.

არადა, მოცემული რეკლამის დედააზრი სრულიად უწყინარი და მარტივია: ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება გართობა-დასვენება არ არის. Frida Mom ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ ახალბედა დედებს დაეხმაროს, თუმცა, ისეთმა უმსხვილესმა ქსელმა, როგორიც ABC-ია, მისი რეკლამა ოსკარების დაჯილდოების ცერემონიის ტრანსლირებისას დაბლოკა.

„ამ რეკლამაში არ არის არც ძალადობრივი, არც პოლიტიკური და არც სექსუალური კონტენტი, არადა, მისი დაბლოკვის მიზეზად „ზედმეტად გრაფიკული და ნაწილობრივ სიშიშვლის შემცველი დემონსტრაცია“ დასახელდა. კინემატოგრაფიული აკადემიის მითითებით, ოსკარის ცერემონიის ტრანსლირებისას, იკრძალება: პოლიტიკური კანდიდატების, რელიგიური პოზიციების, იარაღის, საბრძოლო მასალების, ქალის ჰიგიენის საშუალებების, საფენების, პრეზერვატივების ან ჰემოროის საწინააღმდეგო პრეპარატების რეკლამა“, – ნათქვამია Frida Mom-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა Frida Mom-ს თავისი სამიზნე აუდიტორიისთვის განკუთვნილი რეკლამის გამო წარმოუდგენელი ბარიერები ხვდება წინ. 2018 წელს, ბრენდის ერთ-ერთი პროდუქტი, MomWasher-ის – მშობიარობის შემდეგ საშოს გამოსარეცხი ბოთლის რეკლამა ყველა შტატში აიკრძალა, ნიუ-იორკის გარდა, რადგან მის აღწერილობაში იყო სიტყვა „საშო“.

„და ჩვენ კიდევ გვიკვირს,  თუ რატომ ხვდებიან დედები მშობიარობას ასე მოუმზადებლად“, – ნათქვამია ზემოთხსენებულ განცხადებაში.

თუ კომპანია Frida Mom-ის საქმიანობას მივადევნებთ თვალს, წესით, მას არაფერი უნდა ეღობებოდეს წინ მშობიარობისშემდგომ აღდგენით პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში, თუმცა, იმ წინააღმდეგობების გათვალისწინებით, რაც მას თავისი მუშაობის პროცესში ხვდება, ამის თქმა ნამდვილად უადგილოა.

აქვე, გთავაზობთ იმ ვიდეოს, რომელიც გვიჩვენებს, თუ რატომ არ უნდა ვდუმდეთ ქალის მშობიარობისშემდგომ პრობლემებზე და რატომ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ახალბედა დედები რაც შეიძლება მომზადებულნი შეხვდნენ ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებულ რთულ და მძიმე პროცესს.

popsugar.com