კვლევის თანახმად, ჯგუფური გაუპატიურება ყველაზე ხშირად იმ სიტუაციაში ხდება, როდესაც ძლიერ ლიდერს მიმდევრების ქცევაზე გავლენა აქვს.
მკვლევარებმა ბირმინგემის, ლანკასტერისა და გლოსტერშირის უნივერსიტეტებიდან დაადგინეს, რომ გაუპატიურების რამდენიმე დანაშაულში მონაწილე კრიმინალების მენტალობის საკვანძო დახასიათება „ლიდერის უპირობო მიმდევრობაა“.
კვლევის დროს, შესწავლილ იქნა ჯგუფური გაუპატიურების 71 შემთხვევა, რომელთა მრხვერპლებიც მარტოხელა ქალები იყვნენ. ყველა ამ შემთხვევაში, მკვეთრად იკვეთებოდა ჯგუფის ლიდერის როლი.
აღმოჩნდა, რომ ძალადობის მაღალი დოზით გამოყენებით მომხდარი გაუპატიურებების შემთხვევებში, საკვანძო მნიშვნელობა ჯგუფის ლიდერის აგრესიას ენიჭებოდა. სხვები უბრალოდ მის ქცევებს იმეორებდნენ და ამყარებდნენ იმ სოციალურ ნორმას, რომლის მეშვეობითაც, ლიდერ დამნაშავეს ძალადობრივი ქმედებების გაგრძელების საშუალება ენიჭებოდა.
ასევე, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჯგუფის წევრის მიმბაძველობა ხშირად ლიდერის ქცევის წახალისებას და გამართლებას იწვევს.
„ჯგუფური გაუპატიურებები, როგორც წესი, ფიზიკურად გაცილებით მეტი სისასტიკითაა ჩადენილი, ვიდრე – მარტოხელა დამნაშავეების მიერ ჩადენილი, მაგრამ, ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ეს. წინა კვლევამ გვიჩვენა, რომ მსხვერპლის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა თავდასხმას უფრო სასტიკს ხდის, და რომ ეს ჯგუფურ შემთხვევებზე ვრცელდება, სადაც თავდამხსმელები ცნობიერებას და თვითკონტროლს კარგავენ.
მაგრამ, ჩვენი კვლევა უფრო მეტად გამოკვეთს მესამე თეორიას, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯგუფური დინამიკა, როდესაც სუსტები გაცილებით უფრო ქარიზმატული ლიდერის ქმედებებს იმეორებენ. ბევრი მსგავსი დანაშაული მოზარდობის ასაკში ხდება, როდესაც თანატოლების გავლენა განსაკუთრებით ძლიერია – თავდასხმაში მონაწილეობაზე უარმა, შესაძლოა, ჯგუფის სხვა წევრების მხრიდან დამცირება და ფიზიკური თავდასხმაც კი გამოიწვიოს“, – ამბობს პროფესორი ჯესიკა ვუდჰემსი (Jessica Woodhams) ბირმინგემის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლიდან, ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი.
მკვლევარები აცხადებენ, რომ მეტი ყურადღების მიპყრობა იმისკენ, თუ რატომ შეიძლება ძალადობა კიდევ და კიდევ გამწვავდეს, სასარგებლო იქნება არამხოლოდ მოსამართლეების და ადვოკატებისთვის, განაჩენის გამოტანისას ან ბრალის სამართლიანი წაყენების შემთხვევაში, არამედ – ფსიქოლოგებისთვისაც, რათა მათ მეტად ეფექტური პროგრამები შეიმუშაონ დამნაშავეების რეაბილიტაციისთვის.
„თუ სასამართლო უკეთ გაერკვევა სამართალდამრღვევთა როლებში სხვადასხვა სქესობრივ დანაშაულში და კარგად გააანალიზებს მათ ქცევაზე თანატოლებისა და ლიდერების გავლენას, ეს საერთო ჯამში გაცილებით სამართლიანი განაჩენების გამოტანას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნავს პროფესორი ვუდჰემსი.
დოქტორ ჰანა ბოუსს (Hannah Bows), დარემის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის კვლევითი ცენტრის პროფესორ-ასისტენტს, ამ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ იგი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობს.
„მიღებული მონაცემები, უდაოდ, დაფიქრების საფუძველს გვაძლევს. აშშ-ში უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ჩადენილი ჯგუფური გაუპატიურებების შემთხვევები მიუთითებს მსგავს კულტურულ წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებზე, რომელიც სწორედ ჯგუფურ კონტექსტში მყარდება, მაგალითად, სპორტულ კლუბებში და მსგავს ადგილებში. აქ „კაცურობის“ განსაკუთრებული ტიპი არსებობს, რომელიც ხშირად ხასიათდება, როგორც ტოქსიკური მასკულინობის და ჰეგემონურობის გამოვლინება. ამ შემთხვევაში, „კაცურობა“ გაიგება, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის წახალისება, მხარდაჭერა და დაკანონება“, – აღნიშნავს მკვლევარი.
მისი თქმით, კვლევის შედეგები, როგორც ჩანს, ადასტურებს „ძირითად წარმოდგენებს სექსუალური ძალადობის, როგორც კაცების მხრიდან ქალების ძალაუფლებრივი კონტროლისთვის დაქვემდებარების სიმპტომის არსებობას, ასევე, კაცებისთვის მათი ძალაუფლების ძალადობის მეშვეობით განმტკიცების აუცილებლობას“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ცხოვრების რომელიმე მომენტში, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას, ძირითადად ინტიმური პარტნიორის მხრიდან.
დასახელებული კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც 2019 წელს ესპანეთში მომხდარ რამდენიმე ჯგუფურ გაუპატიურებაზე დამნაშავეებს მაჩოისტური შეხედულებების მქონე მოსამართლეებმა გასაოცრად მსუბუქი სასჯელი გამოუტანეს.