სექსუალური ძალადობა

GirlsDoPorn: პორნო საიტი ქალებს პორნო ინდუსტრიაში ჩართვას აიძულებდა

GirlsDoPorn დაიხურა. რა იმალება ცრუ და ძალდატანებითი ტაქტიკის მიღმა, რომელიც ასობით ქალის მანიპულირებისთვის გამოიყენებოდა?

ეს პორნო საიტი, რომელიც 2009 წელს შეიქმნა, გასული წლის იანვარში გაუქმდა. მისი მფლობელები იყვნენ ახალზელანდიელი მამაკაცი, სახელად Michael Pratt, და მისი ბავშვობის მეგობარი, Matthew Wolfe, რომელიც ასევე გადამღების როლსაც ითავსებდა. მთავარი პორნო მსახიობი მამაკაცი იყო Andre Garcia, რომელიც, მტკიცებულებების თანახმად, მონაწილე გოგონებზე ძალადობდა და მრავალ მათგანს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები გადასდო.

2019 წლის ნოემბერში, სან დიეგოში დაარსებული კომპანიის მფლობელი ექვსი კაცი დააკავეს ქალების ტრეფიკინგში თაღლითობითა და ძალდატანებით ჩართვისთვის. 22 ქალი ირწმუნება, რომ ისინი მოტყუებით გადაიღეს პორნოში, რომელზეც უთხრეს, რომ მხოლოდ „პირადი კოლექციისთვის“ გაიყიდებოდა დისკებით უცხო ქვეყნებში, თუმცა გადაღებული კონტენტი მაინც დადეს ისეთ პოპულარულ საიტებზე, როგორებიცაა *ornhub  და *videos.

ერთ-ერთი ადვოკატი, Brian Holm, ირწმუნება, რომ იგი დაუკავშირდა 150 ქალს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოტყუებით ჩართეს GirlsDoPorn-ის საქმიანობაში.

Holm-მა საბოლოოდ 22 ქალი დაიმოწმა სასამართლო პროცესზე, რომელიც 2019 წლის დასასრულს ჩატარდა.

ყველა ვიდეო გადაღებული იყო კასტინგის სტილში, რომელიც ყველაზე პოპულარულია დამწყებებში. Holm-ის მტკიცებით, სამოყვარულო პორნოს ეს ჟანრი ვერ იარსებებს ვინმეს ექსპლუატაციის გარეშე.

„მთლიანი სამოყვარულო პორნო ინდუსტრია საზიანოა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მე შევაგროვე ხუთი წლის განმავლობაში – ამბობს Holm-ი, – ან ქალია მოტყუებული ვიდეოს გავრცელებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, ან მონაწილე ქალი მოყვარული სულაც არ არის.“

სასამართლო პროცესი და ჩვენებები დეტალურად აღწერს GirlsDoPorn-ის საქმიანობას. ყველა მოწმემ განაცხადა, რომ კომპანიასთან კონტაქტისას, საიტი GirlsDoPorn არასდროს უხსენებიათ და უთხრეს, რომ ვიდეოები ონლაინ სივრცეში არ გამოქვეყნდებოდა.

Jane Doe (სახელი შეცვლილია), მეთექვსმეტე მოწმე ამბობს, რომ შოკირებული იყო, როდესაც ვიდეოების ონლაინში გავრცელების შესახებ შეიტყო.

კიდევ ერთმა მსხვერპლმა, Kelly Lanzafame-მა თავისი გამოცდილება დეტალურად აღწერა. იგი Craigslist-ის მიერ გამოქვეყებულ მოდელების მოსაძიებელ რეკლამას წააწყდა და ფულის ნაკლებობის გამო გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. იგი ელაპარაკა კაცს, რომელიც პროფესიონალი ჩანდა. მან 5000 დოლარი და ფრენისა და სატუმროს ხარჯების ანაზღაურება შესთავა, თუ სან დიეგოში ჩავიდოდა და მონაწილეობას მიიღებდა ფოტოსესიასა და ორაზროვან „ზრდასრულთა სცენაში.“ როცა გოგონა სან დიეგოში ჩავიდა, იხსენებს, რომ ისინი მანიპულირებდნენ მისით, ემოციურად ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ.

„მან მითხრა, რომ FaceTime-ით დავუკავშირდებოდი სხვა მოდელებს და ისინი მეტყოდნენ, რომ გადაღება კანონიერია და ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა ამის შესახებ, მე კი სწრაფად გამოვიმუშავებდი ფულს.“ამბობს კელი.

მონაწილეები 17-22 წლისები იყვნენ „მუშაობის“ პერიოდში, უმეტესობა მათგანი კოლეჯის სტუდენტი იყო გადაღებისას.

ადვოკატმა Ed Chapin-მა კომპანიას ცრუ და უზნეო წამოწყება უწოდა, რომელიც ცდილობდა გამოუცდელი ქალებით მანიპულირებას.

ქალების ნახევარმა განაცხადა, რომ მათ გადაღებისას ან მის დაწყებამდე წასვლა უნდოდათ, მაგრამ დააძალეს, რომ დაესრულებინათ გადაღება. ამ ვიდეოებმა მონაწილეებში მრავალი უარყოფითი ეფექტი გამოიწვია, ემოციური ტრავმიდან დაწყებული კოლეჯზე, კარიერაზე, ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენით დამთავრებული.

2020 წლის 2 იანვარს, სამთვიანი სასამართლოს შემდეგ, 22-მა მოსარჩლემ 12.775 მილიონი დოლარი და ვიდეოების სრული ფლობა მიიღო მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. Holm-ის თქმით, არასდროს უნახავს სასამართლო ქეისი ამდენი მსხვერპლით. ამის მიუხედავად, ზოგიერთი ვიდეო ჯერაც განთავსებულია *ornhub-სა და ონლაინ სივრცეში.

საიტი GirlsDoPorn 2020 წლის დასაწყისში გაუქმდა, Matthew Wolfe-სა და Andre Garcia-ს ბრალი გასული წლის ოქტომბერში წაუყენეს სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით.

Michael Pratt-მა მიმალვა მოახერხა და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობი რჩება. მისი ძმები დააპატიმრეს გამოძიებისთვის ხელის შეშლის გამო, როდესაც ისინი შეამჩნიეს პრატის ყოფილი სახლიდან კომპიუტერული აღჭურვილობის გამოტანისას.

Pratt-ი დღემდე იძებნება FBI-ის მიერ. 10 000 დოლარია დაწესებული ჯილდო ნებისმიერი ინფორმაციისთვის მისი ადგილმდებარეობის შესახებ. ეჭვობენ, რომ იგი თავის სამშობლოში, ახალ ზელანდიაში იმალება.

P.S. ნებისმიერი სახის პორნო განხრა განწირულია იმისთვის, რომ საბოლოოდ ტრეფიკინგისა და ადამიანების გამოყენების გზას დაადგება. უნდა გვესმოდეს, რომ თავად პორნო ინდუსტრიის თამაშის წესებია ასეთი. სტატიის მთარგმნელთაგან.

სტატიის ორიგინალი – happymag.tv

სტატიის ქართული თარგმანი – 4noembriseuli.wordpress.com