მადლენ ოლბრაიტმა ერთხელ თქვა: „ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ადგილი არსებობს იმ ქალებისთვის, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან“. ეს ჯოჯოხეთი, შესაძლოა, დედამიწაზეც არსებობდეს, რადგან ქალი უბრალოდ უკეთაა, როდესაც მას სხვა ქალების მხარდაჭერის იმედი აქვს. არსებობს კვლევა, რომელიც ამას ადასტურებს.
დიახ, Harvard Business Review-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ქალები, რომლებსაც ქალი მეგობრების ძლიერი წრე ჰყავთ, უფრო ხშირად ინიშნებიან ხელმძღვანელ, მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე. „ქალები, რომლებსაც გააჩნდათ ქალებისგან შემდგარი სამეგობრო წრე, აღწევდნენ ავტორიტეტისა და ანაზღაურების თვალსაზრისით 2,5-ჯერ მაღალ ხელმძღვანელ თანამდებობებს, ვიდრე ის ქალები, რომლებსაც მსგავსი კომბინაციები არ ჰქონიათ“, – წერს ბრაიან უზი Harvard Business Review-ში.
ამის ერთ-ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ქალებს შეუძლიათ, სხვა ქალებს მიმართონ რჩევისთვის, რომლებიც თავიანთი გამოცდილებით ნაკარნახევ რჩევებს გაიზიარებენ მათ, ეს კი რთულ სიტუაციასთან გამკლავების შესანიშნავი გზაა, მიზნისკენ მიმავალი ერთგვარი გზამკვლევი.
საინტერესოა, აღინიშნოს, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე ქალები, რომლებსაც მხარდაჭერის მსგავსი ფორმით არ უსარგებლიათ, მათთან შედარებით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ და გაცილებით დაბალავტორიტეტული თანამდებობა ჰქონდათ, მაშინ, როცა მხარდაჭერის ქსელის მქონე ქალები მეტად მიაგავდნენ წარმატებულ კაცებს. გარდა ამისა, ქალთა მხარდამჭერი ჯგუფი ქალებს ბევრად ეხმარება სამუშაო ადგილზე წინასწარგანწყობებსა და უსამართლობასთან ბრძოლაში. როდესაც საქმე კრეატიულობასა და პროდუქტიულობას ეხება, კვლევის თანახმად, მეგობარი ქალებისგან მხარდაჭერილი ქალები გაცილებით ადვილად უმკლავდებოდნენ მათკენ მიმართულ ნებისმიერი სახის კრიტიკას.
ეს არ ეხება მხოლოდ სამუშაო ადგილს. 2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებსაც 10 ან მეტი მეგობარი ქალი ჰყავდათ, მეტი ალბათობით უმკლავდებობდნენ სირთულეებს, ვიდრე სხვები. კვლევის თანახმად, სოციალურად იზოლირებულ ქალებში კიბოთი სიკვდილის ალბათობა 64%-ით მაღალია, სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების ალბათობა კი – 43%-ით. მეგობრობა, როგორც ჩანს, საუკეთესო წამალია.
ასე რომ, ნამდვილად არ ღირს ქალთა ჯგუფური მხარდაჭერის იგნორირება. ეს ცხოვრების ნებისმიერ ფრონტზე ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას.