ეკონომიკური ძალადობა

კარანტინის პირობებში, საშინაო ვალდებულებათა გაზრდილი ტვირთი კაცებმა ქალებთან ერთად უნდა გადაინაწილონ

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული იზოლაციისას, დღის განმავლობაში ბევრ ქალს უწევს არამხოლოდ დისტანციური მუშაობა, არამედ – დალაგება, რეცხვა, საჭმლის მომზადება, ბავშვების მიხედვა, მათთან თამაში და მოხუცი ნათესავების მოვლა. ეს საშინაო სამუშაოს არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბევრ ოჯახში ქალებისა და გოგონების მხრებზე გადადის. გაეროში ამ უსამართლობისთვის წერტილის დასმას მოუწოდებენ.

ქალთა მიმართ სოლიდარობის კამპანიის, HeForShe At Home-ის ფარგლებში, რაც დაახლოებით ითარგმნება, როგორც “კაცი ქალის უფლებებისთვის სახლში”, გაეროში კაცებს და ბიჭებს მოუწოდებენ, საშინაო საქმის ნაწილი თავიანთ თავებზე აიღონ. კამპანია HeForShe გაეროს ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების სტრუქტურის მიერაა ინიცირებული.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იზოლაციაში აღმოჩნდა. ამ სიტუაციაში, გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო აშკარა გახდა. ამ დღეებში, ქალები სამჯერ მეტი მოცულობის აუნაზღაურებელ შრომას ეწევიან, ვიდრე – კაცები. გარდა ამისა, ისინი კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან – ქალები ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მუშაკთა 70%-ს შეადგენენ.

კამპანია HeForShe at Home კაცებს მოუწოდებს, ქალებთან გადაინაწილონ საშინაო ვალდებულებათა ტვირთი, ყველას გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ამ კუთხით, თუ როგორ მუშაობენ მტვერსასრუტით, თამაშობენ ბავშვებთან, რეცხავენ ჭურჭელს და ა. შ.

კაცებო, გააზიარეთ თქვენი სამაგალითო გამოცდილება სოციალურ ქსელებში და მისაბაძი მაგალითი გახდით სხვებისთვის! ამისათვის, გამოიყენეთ ჰეშთეგი #HeForSheAtHome, რომელმაც, სოციალურ ქსელებში უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ethicalmarketingnews.com