იყო დამოუკიდებელი, თამამი, თანამედროვე ქალი – იმას ნიშნავს, გააკეთო ის, რაც გინდა და როგორც წარმოგიდგენია, – გვამცნობს ევროპული სამოსის პოპულარული ბრენდის H&M-ის ახალი რეკლამა.
H&M-ისეული 2016 წლის საშემოდგომო კოლექცია გაწბილებულს არავის ტოვებს. იგი ყველანაირი გემოვნებისა და იდენტობის ქალის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ვიდეორგოლის პერსონაჟები ისე იქცევიან, როგორც თავად სიამოვნებთ და არად დაგიდევენ, თუ რას მოითხოვს მათგან საზოგადოებრივი სტანდარტები: მუქ პომადას ისვამენ, უზარმაზარი დიამეტრის აფრიკულ ან ულტრამოკლე ვარცხნილობებს იკეთებენ, მეტროში მოდუნებულნი სხედან, მნიშვნელოვან თათბირს მოსახერხებელ “როლინგებში” ატარებენ, არ იპარსავენ იღლიებს, ბიცეფსებს იმუშავებენ, კაცის კოსტიუმებს ან რომანტიკულ, იატაკზე დაშვებულ კაბებს იცვამენ და ზედმეტ კილოგრამებზე არ ნაღვლობენ.
იდეალური პარამეტრებისა და სილამაზის სტანდარტების სტერეოტიპულად ამსახველი მოდელების ნაცვლად, ახალი ვიდეორგოლი სრულიად არასტანდარტული გარეგნობის მქონე ქალებს წარმოგვიდგენს – მოდელ ადვოა აბლოას (Adwoa Aboah), მსახიობ ლორენ ჰატონს (Lauren Hutton), ჯილიან ჰერვის (Jillian Hervey) დუეტ Lion Babe-დან, ტრანსგენდერ მსახიობს ჰარი ნეფს (Hari Nef) და Design Army-ის კრეატიულ დირექტორს პუმ ლეფებურს (Pum Lefebure).
ვიდეორგოლის მუსიკალურ გაფორმებად ტომ ჯონსის 1971 წლის ჰიტის She’s A Lady-ს რიმეიკია გამოყენებული.