სტატიები

ხელოვნება, როგორც საკუთარი სხეულის მიღების საშუალება

თავდაპირველად, მხატვარი ჟაკლინ სეკორი (Jacqueline Secor) აუდიტორიისთვის თავისი სერიის „ბუნების მრავალფეროვნება“ ჩვენებას არ აპირებდა. მან ვაგინების (ანატომიურად უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ ვულვების) გამოსახულებები იმისთვის შექმნა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემას – საკუთარი სხეულის მიუღებლობას (დისმორფოფობიური აშლილობა) გამკლავებოდა.

ჟაკლინი გვიზიარებს, თუ რამდენ სირცხვილსა და თავდაუჯერებლობას გრძნობდა თავისი გარეგნობის გამო, სანამ სოლტ ლეიკ სიტიში ცხოვრობდა (იუტას შტატი).

„იუტაში დღემდე მოქმედებს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქალი უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ, ძალიან მკაფიოდ დადგენილ ეტალონს“, – იხსენებს იგი.

ჟაკლინი ვაგინებს იმიტომ ხატავს, რომ სხეულის ამ ნაწილით აღტაცებულია. ყვავილებით, სუროთი, პეპლის ფრთებითა და სხვა ბუნებრივი ელემენტებით გაფორმებული მისი ვულვები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ერთი ნამუშევრის შექმნაზე მხატვარი დაახლ. 25-30 საათს ხარჯავს. იგი იყენებს აკრილს, აკვარელს, მელანსა და პასტელს. თითოეული ნამუშევარი ფენების მეშვეობით იქმნება, რაც მას სკულპტურულ მოცულობას ანიჭებს. მნახველს ნამუშევრის შეხებაც კი შეუძლია.

ავტორის თქმით, მისი ნამუშევრები გამოქვაბულის მხატვრობითაა შთაგონებული; დედამიწაზე არ არსებობს ორი ერთნაირი ვაგინა. ყველა მათგანი განუმეორებელი და უმშვენიერესია.

როდესაც ჟაკლინმა ნამუშევრები მეგობრებსა და ოჯახს უჩვენა, ამაზე რეაქციამ იგი გააკვირვა: სულ მალე, უამრავი ფოტო მიიღო, რომელსაც ქალები ნამუშევრების ნატურად სთავაზობდნენ. მათმა ენთუზიაზმმა ჟაკლინს უბიძგა, ეს სერია ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო.

„ქალები მეუბნებოდნენ, როდესაც შენი სხეულის ყველაზე ინტიმურ ნაწილებს ტილოზე გადატანილს ვუყურებთ, ეს ყველაზე სანუკვარ განცდებს აღვიძებს ჩვენშიო“, – იხსენებს მხატვარი.

ჟაკლინისთვის, სხეულის ნაწილების ასეთი დემონსტრაცია, რომელიც მასობრივი კულტურისთვის აკრძალული, გროტესკული და სამარცხვინოა, უკვე თავისთავად პატარა რევოლუციაა. „როცა ვულვებს ვხატავ, ქალის სხეულის ისეთ დეტალებზე ვაკეთებ ფოკუსირებას, რომლებიც „მუდამ დაფარულნი უნდა იყვნენ“, და დროდადრო ვგრძნობ, რომ ჩემში ამოძახილი ღვივდება – ქალები არ უნდა დაიმალონ! ჩვენ ვიმსახურებთ ჯეროვან ადგილს, მხოლოდ ხელოვნებაში კი არა, ყველგან!“, – ამბობს ჟაკლინი.

2015 წელს, მხატვარმა თავისი ნამუშევრები იუტაში გამოფინა, და მიუხედავად რამდენიმე უარყოფითი გამოხმაურებისა, ისინი აუდიტორიამ დადებითად მიიღო. ჟაკლინი იმედოვნებს, რომ მისი ნატურალისტური პორტრეტები ქალებს თავიანთი სხეულების მშვენიერების აღქმისკენ უბიძგებს, რა ფორმისაც არ უნდა იყოს ისინი. „დღესაც კი, მიუხედავად მუზეუმებში ქალის შიშველი სხეულის სიმრავლისა, მიუხედავად პორნოგრაფიის გავრცელებისა, ქალებზე უდიდესი წნეხი მოქმედებს. ისინი მალავენ სხეულებს, მათი რცხვენიათ, თუ სილამაზისა და „ნორმის“ სტანდარტებს არ შეესაბამებიან“.

ჟაკლინი ამაში ქალის სხეულის მიმართ ორმაგი დამოკიდებულებების წნეხს ხედავს. „ეს ყველაფერი კულტურის მიერ შექმნილი უცნაური წინააღმდეგობის ნაწილია: ქალი ერთდროულად უნდა იმალებოდეს და თან შიშვლდებოდეს. ერთი მხრივ, ჩვენ თითქოს საკმარისად უნდა გავიხადოთ, რომ სექსუალურად მიმზიდველები ვიყოთ, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენგან ელიან, რომ საგულდაგულოდ დავმალოთ სხეულები, აზრები და, განსაკუთრებით, ჩვენი ძალა“, – ამბობს მხატვარი.

jacquelinesecorart.com