სექსუალური ძალადობა

ჯოან როულინგმა განაცხადა, რომ 20 წლის ასაკში გააუპატიურეს

ეს განცხადება მწერალმა მას შემდეგ გააკეთა, რაც იგი ტრანსფობიაში დაადანაშაულეს.

ამის პასუხად, როულინგმა გულახდილი ესსე გამოაქვეყნა, შემდეგი ქვესათაურით: „ჯ. კ. როულინგი სექსისა და გენდერის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს აჟღერებს“.

„უკვე 20 წელზე მეტია, რაც ჩემი ცხოვრება საზოგადოების ხელისგულზე მიმდინარეობს, მაგრამ საჯაროდ არასოდეს მითქვამს, რომ ოჯახში და სექსუალური ძალადობა გამომივლია. სირცხვილის გამო კი არ ვდუმდი, არამედ იმიტომ, რომ მოგონებები ტრავმას მაყენებდა. გარკვეული ძალისხმევის შედეგად, დავძლიე პირველი ქორწინების ტრავმები, ახლა უკვე შესანიშნავ ადამიანზე ვარ დაქორწინებული, თუმცა ის ნაიარევები, რაც ძალადობამ დამამჩნია, არ ქრება.

გაუპატიურება იმ დროს და იქ მოხდა, სადაც მოწყვლადი ვიყავი. ამ ადამიანმა ჩემი უსუსურობა გამოიყენა. მეძნელება, შევიკავო რისხვა და იმედგაცრუება, რადგან ჩემი მთავრობა ქალებისა და გოგონების უსაფრთხოების საკითხს ეთამაშება. თუმცა, თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდი“, – წერს ჯოანი, თუმცა, მოძალადის დასახელებისგან თავს იკავებს.

ამ სტატიაში იგი თავის პირველ ქმარზეც საუბრობს, რომელიც პრაქტიკულად, ოჯახში ტირანი იყო. პორტუგალიელი ჟურნალისტის ხორხე არანტესისგან მწერალს გოგონა ჯესიკა და სხეულზე ნაიარევები დარჩა. როულინგმა განქორწინებაზე განაცხადი ქორწინებიდან 13 თვეში შეიტანა.

როგორც Daily Mail წერს, ყოფილმა ნარკომანმა არანტესმა 2000 წელს აღიარა, რომ განქორწინების გადაწყვეტილების გამო, ქალს „უსაშინლესად“ სცემა, ხოლო 1993 წლის 17 ნოემბერს, ქ. პორტუში მდებარე თავისი სახლიდან გამოაგდო.

როულინგი გამოტყდა, რომ ამ შემთხვევების შემდეგ, მას მუდმივი ნევროზი დაემართა, რაზეც მისი ახლობლები დღემდე ხუმრობენ.

„არ ვიცი, რა არის აქ სასაცილო, მაგრამ ვლოცულობ, რომ ჩემს გოგონებს არასოდეს გამოევლოთ იგივე, რაც მე გადამხდა. არ მინდა, ისინი უეცარი ხმაურის გაგონებაზე კრთებოდნენ ან კანკალებდნენ, როდესაც მათ ვინმე უკნიდან ჩუმად უახლოვდებათ“, – წერს როულინგი.

როულინგს მილიონ დოლარზე მეტი აქვს გაღებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, რომლებიც პანდემიის დროს მოძალადეებთან გამოკეტილნი აღმოჩნდნენ. დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური ცენტრიც კი შეიქმნა, თავშესაფრის ფუნქციებით.

dailymail.co.uk